კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ერთხელ იორდანიაში

ერთხელ იორდანიაში

1559
5 / 5

ისედაც წითელი ქვიშა მზის ჩასვლისას კიდევ უფრო წითელი გამხდარიყო. ცასაც სასწაულებრივი ალისფერი მიეღო.  თითქოს ყველაფერს სადაცაა, ცეცხლი უნდა წაჰკიდებოდა. ტყუილად არ ეძახიან ამ ადგილს მარსს დედამიწაზე. საუკუნეების წინ არ იცოდნენ, მარსის ზედაპირი როგორ გამოიყურებოდა, თუმცა ამ ხეობას მაინც კოსმოსური სახელი, „მთვარის ველი“ ჰქვია. დიახ, ეს უადი რუმის უდაბნოა, იორდანია. 

მზე ნელ-ნელა ჩადის, ქვიშისა და გრანიტის კლდეებს იქეთ იმალება. ცაზე ჯერ მუქი ლურჯი, შემდეგ კი შავი ფერი იწყებს მოჭარბებას. თუმცა გარემო მაინც სასიამოვნოა. მასპინძელი ბედუინები კოცონს ანთებენ და სადილისთვის მზადებას იწყებენ. ზოგი მაქლუბას ამზადებს, ერთი ქალბატონი მანაქიშის ცხობით არის დაკავებული...

გემრიელად ნასადილები კოცონთან ახლოს ვზივარ. თან უგემრიელეს ჩაის შევექცევი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას თვალს ვერ ვწყვეტ. სხვებიც შემოკრებილან კოცონის ირვლივ. მოხუცი ბედუინი გვიყვება მათი ცხოვრების წესზე, ისტორიაზე, ლეგენდებზე უადი რუმიდან. ოდნავ მოშორებით, მეორე კოცონთან უდის, ტარისა (მუსიკალური ინსტრუმენტები) და ტაშის საუცხოოდ შეზავებული ჰანგები ისმის. მათ ნელ-ნელა ერთ-ერთი ბედუინის ხმა ჰყვება. მოხუც ბედუინს ვტოვებ და ამ საოცარი ჰანგებისკენ მივდივარ. იქვე შორიახლოს ვდგები და ვუსმენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ენა არ მესმის, თუმცა არც არის საჭირო. ყველა ემოცია, ყველა გრძნობა სრულიად გასაგებია. მართლაც საოცარია ეს ყველაფერი, ასტრალში გავყავარ.

უცებ ჩემი სახელი მესმის. მგონი, მეჩვენება, აქ ვინ უნდა დამიძახოს? კიდევ მესმის, უფრო ახლოდან მესმის, შერხევაც ვიგრძენი... „მაღვიძარას თუ აყენებ, გაგაღვიძოს მაინც“-მარხევს და მაღვიძებს ჩემი მეგობარი. ღმერთო ჩემო, სიზმარი იყო... ასეთი იმედგაცრუებული, ალბათ, იშვიათად ვყოფილვარ. სიზმარი... სიზმარი... თანაც როგორი სასიამოვნო.

მთელი დღე მოწყენილმა გავატარე. ალისფერი ცის ნაცვლად მოღრუბლულ და ნაცრისფერ ცას ვუყურებდი, არც კოცონი იყო და არც იუთუბზე ჩართული ჰანგები ჟღერდა ისე კარგად, როგორც სიზმარში ამღერებული ბედუინი. იმ ღამეს მსგავსი რამ აღარ დამსიზმრებია. ნეტავ სიზმრების მართვა შემეძლოს. ბევრჯერ მინატრია, „Inception“-ის უნარები მქონოდა.  

მეორე დილით უფრო პოზიტიური განწყობით გავიღვიძე. გადავწყვიტე, რომ სიზმრების არა, მაგრამ ოცნებების მართვა მიზნების დასახვითაა შესაძლებელი. რამდენი ხანია, მოგზაურობა არ დამიგეგმავს. მგონია, დროა, პანდემიით გამოწვეულ მოწყენილობასა და მხოლოდ სიზმრებში არსებულ პოზიტიურ ცხოვრებას შევეშვა და რეალური ცხოვრებაც უფრო მიზანმიმართული გავხადო. მოვიმარჯვე ლეპტოპი და დავიწყე მოქმედება. 

უდაბნო

1. სამოგზაურო პერიოდის შერჩევა

საკუთარ ოცნებას, ვიმოგზაურო იორდანიაში, შევურჩიე რამდენიმე შესაძლო პერიოდი. ინტერნეტისა და რამდენიმე იორდანიელი მეგობრის დახმარებით გავარკვიე, რომ ყველაზე კარგი იქ მოგზაურობისთვის გაზაფხული და შემოდგომაა.

2. ხარჯების განსაზღვრა

საინტერესოა რა ჯდება ჩემი საოცნებო ტური? გავიხსენე ძველი დრო, დავძებნე ფრენები, სასტუმროები, ტრანსპორტირება, მუზეუმებისა და ტურების ფასები. გავარკვიე რა დამატებითი ხარჯები შეიძლება მქონდეს. პარარელურად რამდენიმე ტურისტულსაც ვკითხე და უკვე ვიცი, დაახლოებით რა თანხა მჭირდება. მარსზე გაფრენისთვის საჭირო ფული ალბათ არასდროს მექნება, თუმცა დედამიწაზე არსებული მარსის ნახვა საკმაოდ რეალურია.

3. მოგზაურობის დაფინანსება

სამწუხაროდ არანაირი დანაზოგი არ მაქვს, შესაბამისად თუ გადავწყვეტ რომ გაზაფხულზე დავგეგმო ტური, მომიწევს სესხი ავიღო. სესხის აღება მოგზაურობისთვის დიდად არ მხიბლავს, ამიტომ გადავწყვიტე ტური შემოდგომისთვის გადავიტანო. შემიძლია, სიზმარი საკუთარი დაბადების დღის საჩუქრად ვაქციო. იქამდე 10 თვე მაქვს. ტურის ღირებულებისა და დროის გათვალისწინებით, მარტივი კალკულაციები ჩავატარე და განვსაზღვრე, რა თანხის შენახვა მჭირდება ყოველთვიურად.

4. პირადი ბიუჯეტის შედგენა

როგორ გავაკეთო ეს ყველაფერი? ამაში გამოცდილება მაქვს. წარსულშიც ბევრჯერ დამიგროვებია ფული საოცნებო მოგზაურობისთვის. თუმცა პანდემიამ ბევრი წარსული ჩვევა დამავიწყა. ამიტომ, ფორმაში ჩასადგომად, შევადგინე თვის ბიუჯეტი. რას სად ვხარჯავ, რა წინასწარ გათვლილია, რა გაუთვალისწინებელი. განვსაზღვრე, რა ხარჯების ამოღება ან შემცირება შეიძლება. და მივხვდი, რომ მცირე ძალისხმევითა და პანდემიის დროს გამომუშავებულ რამდენიმე მავნე ჩვევაზე უარის თქმით ჩემი მიზნის შემოდგომაზე მიღწევა საკმაოდ რეალურია. 

5. დაზოგვის დაწყება

ცდუნებას, დავხარჯო ფული მართვა სჭირდება. ამიტომ, გავხსენი 8 თვიანი ზრდადი დეპოზიტი, სადაც ყოველ თვეში დავამატებ თანხას. ამ პერიოდში მოვახერხებ ავიაბილეთებისა და სასტუმროებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის დაგროვებს. შემდეგი 2 თვის დანაზოგი კი სახარჯოდ გამომადგება. 

 

ახლა ვზივარ ბედნიერი. ჩაის ვსვამ და იუთუბზე ჩართული ჰანგებიც თითქოს უკეთ ჟღერს. რადგან ჩემი ოცნება მხოლოდ ოცნება აღარაა. ის უკვე მიზანია, რომელსაც  დღეს და ხვალ ვერა, მაგრამ შემოდგომაზე აუცილებლად მივაღწევ. 

მე ეს შემიძლია, თქვენც შეგიძლიათ.