კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

აჩუქეთ ემოცია - უფასო, მაგრამ უძვირფასესი საჩუქარი

აჩუქეთ ემოცია - უფასო, მაგრამ უძვირფასესი საჩუქარი

3829
4.8 / 5

გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონდა თუ გვძულდა, გვეჩქარებოდა თუ არც ისე, მაინც მიდის უცნაური 2020 და ახალი, 2021 წლის მოსვლა, ალბათ, ყველას უკეთესის იმედებით გვავსებს.

წინასაახალწლო პერიოდი, ალბათ, დამსახურებულად დაიკავებს ტიტულს "ყველაზე ხარჯიანი". თუმცა ამ დროს ყველაზე სასიამოვნოდ და გამართლებულადაც მიგვაჩნია ხარჯვა, რადგან ამ დროს ჩვენი და ჩვენი საყვარელი ადამიანებისათვის ყველაზე ძვირფასს - სასიამოვნო ემოციებს, იმედსა და სიხარულს ვყიდულობთ. ვცდილობთ გავალამაზოთ გარემო და ახალი წლის შემოსვლას პოზიტიური და ამაღლებული განწყობით დავხვდეთ.

ამ ბლოგში რამდენიმე იდეას გაგიზიარებთ, როგორ ვაჩუქოთ ერთმანეთს სასიამოვნო და ამაღლებული ემოციები უფასოდ ან მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების გარეშე. 

საოჯახო და ბავშვებთან დაკავშირებული იდეები

ერთად შექმენით საოჯახო ამბების მემატიანე ზარდახშა

აიღეთ კარდონის ყუთი და ის ერთობლივი იდეების მიხედვით გააფორმეთ - შესაძლოა, ის შეფუთოთ სასაჩუქრე ქაღალდებით ან უბრალოდ მოხატოთ. კარგი იქნება, თუ ერთად და გუნდურად განიხილავთ და შეარჩევთ იდეებს. შესაძლოა, მას სახელიც კი შეურჩიოთ - მაგალითად, "ჩვენი ბედნიერი 2021" ან "ოჯახი, სახელწოდებით "ერთად ყველაფერს შევძლებთ" ან ... მოკლედ, თქვენ უკეთ იცით, რა შეიძლება იყოს თქვენი 2021 წლის მთავარი მემატიანის სახელწოდება. გაუკეთეთ ყუთს გრძივი ჭრილი, დაახლოებით ისეთი, როგორიც ნამდვილ საფოსტო ყუთს აქვს ხოლმე და ზარდახშაც მზადაა. მთელი ამბავი კი ამის მერე იწყება -  მომავალი წლის განმავლობაში ოჯახის ყველა წევრი, ზოგჯერ სათითაოდ, ზოგჯერ კი ერთობლივადაც მოათავსებთ მასში თქვენს მნიშვნელოვან ემოციებთან დაკავშირებულ მასალებს - ეს შესაძლოა იყოს ფოტოები, სასიამოვნო ამბების შესახებ ჩანაწერები, ჩანახატები, სტიკერზე გადატანილი მოკლე ემოციები, გამოწვევები, მიღწევები. წარმოგიდგენიათ, როგორი სასიამოვნო საღამო გელით 2021 წლის ბოლოს, როცა მთელი ოჯახი ამ ჯადოსნურ ზარდახშას გახსნით და გასულ წელს ერთად გაიხსენებთ და შეაჯამებთ?

ერთად შექმენით საახალწლო დეკორაციები და მოსართავები

ეს განსაკუთრებით სახალისო გასართობი იქნება ბავშვებთან ერთად მყუდრო საღამოს მოსაწყობად, თუმცა მერწუნეთ, უფროსებიც არანაკლებ განიტვირთებით. ერთ-ერთი იდეა, რაც შეიძლება შემოგთავაზოთ - ქუჩაში მოგროვილი გირჩებით შექმნათ საახალწლო დეკორაციები. ყველაზე მარტივია გირჩების გაფერადება, თუმცა ინტერნეტში არაერთი რესურსი იძებნება მათი საშუალებით სხვადასხვა საახალწლო აქსესუარის შესაქმნელად. წარმოგიდგენიათ, როგორი ორიგინალური შეიძლება იყოს თქვენი დეკორაციები? და ემოციები, რომელსაც მისი ერთად შექმნით დააგროვებთ?

ბავშვებთან დაკავშირებული და ფინანსურად სასარგებლო იდეები 

თქვენი შვილები, ალბათ, თოვლის პაპასათვის მიწერილ წერილში ან მის მაგივრად უკვე თქვენთან, ღიად არაერთ სანუკვარ ოცნებაზე ჰყვებიან და ამ ნაწილში თქვენ უკეთ იცით, რისი შესრულებაა მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. თუმცა ამ ბლოგში ისეთ აქტივობებზე ვისაუბროთ, რაც ბავშვებში ფინანსური ქცევების ჩამოყალიბებასაც შეუწყობს ხელს:

ყულაბა "საახალწლო სიხარულებისათვის"

დანაზოგების შექმნა რომ მნიშვნელოვანია, ამაზე ალბათ, ყველა ვთანხმდებით. ცნობილია, რომ დანაზოგების ჩვევის გამომუშავება დასწავლადია და განსაკუთრებით ადვილად ამ უნარებს სწორედ ბავშვები ითვისებენ. ამიტომ თუ ყოველი წლის დასაწყისში საკუთარი ხელით შექმნით, გააფერადებთ, მოხატავთ ან თუნდაც შეიძენთ სპეციალურ ყულაბას, სახელწოდებით: „საახალწლო სიხარულებისთვის“ - ეს გარდა იმისა, რომ მართლაც სიხარულებად შეგიძლიათ "გადააკონვერტიროთ" წლის ბოლოს, ბავშვებში დანაზოგების ჩვევის გამოსამუშავებლად მართლაც მნიშვნელოვანი საქმე იქნება. ყულაბები შესაძლოა შექმნათ მხოლოდ ბავშვებისთვის, თუმცა უფრო სახალისო იქნება, თუ ასეთი ყულაბა ოჯახის ყველა წევრს გექნებათ და ყველა მათგანს ისე გააფორმებთ, რომ ერთმანეთისგან გარჩევა ადვილად და სახალისოდ შეძლოთ. აქ მოგროვილი თანხებით კი მომავალი ახალი წლისთვის არაერთი საოჯახო აქტივობა შეიძლება დაგეგმოთ, მაგალითად, თამაში "საიდუმლო სანტას" საოჯახო ვერსია. სხვა რამდენიმე იდეას კ ქვემოთ მოცემულ პუნქტებშიც შეგიძლიათ გაეცნოთ. 

"იღბლიანი ნამცხვარი"

როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, კარგი იქნება თუ ბავშვებს მთელი წლის განმავლობაში საკუთარი შემოსავლების ყულაბაში შეგროვებისკენ წავახალისებთ.  იმისათვის, რომ ყულაბაში თანხის შეგროვების სტარტი მხიარულ ემოციებთან იყოს დაკავშირებული, შესაძლოა ყულაბაში პირველი ინვესტიცია იღბლიან ნამცხვარს ან რომელიმე საოჯახო ცომეულობას მივანდოთ. ამ მიზნით საახალწლო სუფრისთვის მოზელილ ცომში შეურიეთ მონეტა, მაგალითად, "იღბლიანი ერთლარიანი". შემდეგ კი, ნახეთ, ვის შეხვდება ის. გარდა იმისა, რომ ოჯახის ეს წევრი ყველაზე იღბლიანის ტიტულს მოიპოვებს, ყულაბაში ჩასაგდებ პირველ ინვესტიციაც მოიგებს.

მიეცით ბავშვებს საშუალება, თავადაც გახდნენ "თოვლის პაპები"

ახალი წელი კარგი დროა სიკეთის გასაცემადაც.  დავაფიქროთ ბავშვები, რომ გარდა თოვლის პაპას საჩუქრების ლოდინისა, ერთმანეთზე ზრუნვა ჩვენც შეგვიძლია და რომ ჩვენი შემოსავლების ნაწილი სხვა სასიამოვნო ხარჯებთან ერთად ქველმოქმედებასაც უნდა დავუთმოთ. როგორც ამბობენ, ეს ისეთი "ხარჯია", რომლითაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო ემოციებს "ვყიდულობთ". ბავშვთან ერთად მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება გაულამაზოთ ახალი წელი სხვა ბავშვებს. თუ თქვენს შვილებს ასეთ ბავშვებზე არაფერი სმენიათ, თავად მიანიშნეთ მათზე, ვისაც ეს ძალიან გაუხარდებოდა და სჭირდება. იქნებ ასეთი ბავშვები მეზობლად გეგულებათ ან მათს მეგობრებში, ინტერნეტშიც ასეთი არაერთი გვერდი შეგიძლიათ მოიძიოთ, რომელთა საშუალებითაც საახალწლო სურვილები სხვა ბავშვებს შეგიძლიათ აუხდინოთ. თუ თქვენი შვილი მთელი წელი აგროვებდა ფულს ყულაბაში სახელწოდებით: "საახალწლო სიხარულებისთვის", კარგი იქნება, თუ თანხას ამ ტიპის შენაძენებისთვის სწორედ იქიდან გამოაყოფინებთ. თუ არც ასეთი ყულაბა აქვთ და არც სხვა გზით მიღებული საკუთარი დანაზოგი მოეპოვებათ, შესაძლებელია, საახალწლო საჩუქრების ფული ბავშვს თავად გამოამუშავებინოთ სხვადასხვა საოჯახო საქმეებში დახმარების სანაცვლოდ ან უბრალოდ მისივე ნივთებიდან, წიგნებიდან, ტანსაცმლიდან გადაარჩიოთ ისეთი, რომელსაც სიამოვნებით უსაჩუქრებდა სხვა თანატოლებს.

მეგობრებთან დაკავშირებული იდეები

მეგობრებს 2020-მა ალბათ განსაკუთრებით დაგვაშორა და კიდევ უფრო მძაფრად გვაგრძნობინა მათი ფასი. ახალი წელი კარგი საშუალებაა, გამოხატოთ თქვენი ემოციები მათ მიმართ. იქნებ ამაში ჩვენი რამდენიმე იდეაც დაგეხმაროთ:

გააკეთეთ ერთობლივი მოგონებების ფოტოალბომი

მართალია, ფოტოების ბეჭდვის საჭიროებას ხშირად უკვე ვეღარ ვხედავთ, მაგრამ ეს ის შემთხვევა ნამდვილად არაა. მოაგროვეთ საერთო მოგონებებთან დაკავშირებულ ფოტოები, დაბეჭდეთ და ერთ ფოტოალბომად შეკარით, შესაძლოა მას წინასიტყვაობაც დაურთოთ და  თქვენს საახალწლო სურვილებთან ერთად მეგობართან დაკავშირებული ემოციებიც აღწეროთ. არ ფიქრობთ, რომ ეს განსაკუთრებულად ემოციური საჩუქარი გამოვა? 

შექმენით ვიდეოფილმი

ვიდეოფილმი ხმამაღალ ნათქვამად მოგეჩვენათ და ფიქრობთ გაგიჭირდებათ? გააკეთეთ რამდენიმე ვიდეოჩანაწერი პირადი ტელეფონით, ისაუბრეთ თქვენს მეგობარზე თქვენ და სთხოვეთ იგივე, მის სხვა ახლობლებსაც, სასაუბრო თემა თავად აირჩიეთ - აღწერეთ როგორია, რა მოგწონთ მასში, რას გაიხსენებდით ყველაზე სასაცილოს, როდის გაიცანით და როგორ გამართლდა თქვენი პირველი შთაბეჭდილებები, რას უსურვებთ საახალწლოდ და ა.შ. როცა ჩაწერას გადაწყვეტთ, გაცილებით უკეთესი იდეებიც ადვილად მოვა - მეგობრებთან დაკავშირებით ემოციები ხომ ისედაც უხვად გვაქვს. შემდეგ ყველა ეს ვიდეო შეაგროვეთ, ერთ მთლიან ჩანაწერად შეკარით (ინტერნეტში მჯერა შესაბამის პროგრამებს ადვილად იპოვით) და ფილმიც მზადაა! შესაძლოა ვიდეოს პროფესიული მონტაჟი გაგიჭირდეთ, თუმცა მთავარი ხომ ემოციებია, მათ კი მონტაჟი კი სულაც არ სჭირდებათ.

მისწერეთ/აღწერეთ/დახატეთ

ყველაზე ინდივიდუალური, რაც გაგაჩნიათ თქვენ და თქვენს მეგობარს, ის ურთიერთობა და განცდებია, ასევე, ის გამოცდილება რაც ერთმანეთთან გაკავშირებთ. როგორ შეიძლება ეს მატერიალურად აქციოთ? გააჩნია, რა უფრო გეხერხებათ - მისწერეთ წერილი, დახატეთ თქვენი ურთიერთობა, ან ყველა ემოცია რაც მის მიმართ გაქვთ, თუნდაც ყველა მოგონება, რაც ერთობლივად გატარებულ ძვირფას დროს გახსენებთ, სტიკერებზე დაწერეთ ორი-სამი თქვენთვის გასაგები სიტყვით და ეს ფრაზები ლამაზ ქილაში შეაგროვეთ. 

დაბოლოს, შევთანხმდეთ, რომ ბევრი ღიმილი, მოკითხვა და კეთილი სურვილები, ოჯახში კი დამატებით ბევრი ჩახუტება - ეს უფასო, მაგრამ იმავდროულად ფასდაუდებელი საჩუქრებია, რომელიც ახალწლამდეც და ახალ წელსაც შეგვიძლია და საჭიროა, უხვად გავცეთ.