კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

3 მითი სესხის საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით

3 მითი სესხის საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით

6125
4.2 / 5

სასესხო ურთიერთობებში, ალბათ, ხშირად გსმენიათ ტერმინი „საშეღავათო პერიოდი“. ბუნებრივია, სიტყვა „შეღავათი“ სესხის დაფარვის პირობების შემსუბუქებას უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა მსესხებლის წარმოდგენები ხშირად გადაჭარბებულია და მხოლოდ ცალსახად ხელსაყრელი პირობების მოლოდინებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, გამსესხებელსა და მსესხებელს შორის, შესაძლოა, ნებისმიერი ტიპის შეთანხმება შედგეს, ისიც შესაძლებელია, გამსესხებელმა ამა თუ იმ მიზეზის გამო, კეთილი ნების საფუძველზე მსესხებელს საერთოდაც აღარ მოსთხოვოს გაცემული სესხის დაბრუნება, მაგრამ ჩვენი ბლოგის თემა ამგვარ გამონაკლისებს არ ეხება.

მაშ ასე, გავეცნოთ მითებს სესხის საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით, ასევე, მათს რეალურ შინაარსსაც:

მითი #1 - თუ საშეღავათო პერიოდით ვისარგებლებ, სესხი არ გამიძვირდება

სინამდვილეში, საშეღავათო პერიოდით სარგებლობა დამატებით ხარჯსაც გულისხმობს.

რატომ?

საშეღავათო პერიოდზე შეთანხმება, როგორც წესი, სესხის დაფარვის კონკრეტული თარიღის გადაწევას გულისხმობს. ეს კი არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სესხით უპროცენტოდ ისარგებლებთ. 

მაგალითად, თუ 7 ივლისს ისესხეთ 100 ლარი, თვეში 2%-ად და 1 თვის ვადით. ამ შეთანხმების მიხედვით, 7 აგვისტოს გადასახდელი გექნებათ 102 ლარი, აქედან 100 ლარი სესხის ძირითადი თანხაა, 2 ლარი კი - %.

ახლა დავუშვათ, რომ გამსესხებელს შეუთანხმდით 1-თვიან საშეღავათო პერიოდზე და გადახდის თარიღი 7 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე გადაავადეთ. გამოდის, ნასესხები თანხა თქვენს სარგებლობაში ნაცვლად ერთისა, უკვე ორი თვე რჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის 100 ლართან ერთად უკვე ორი თვის % ანუ 4 ლარი უნდა გადაიხადოთ.

საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შედეგად, ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, გადახდილი სარგებლის თანხა უფრო მეტია, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ სესხი საშეღავათო პერიოდის გარეშე დაიფარებოდა.

ანალოგიური პრინციპით ხდება დაანგარიშება სხვა, უფრო რთული დაფარვის გრაფიკის შემთხვევებშიც - საპროცენტო ხარჯი გროვდება გადავადებულ სესხის ძირზე გადავადებული ვადის შესაბამისად. 

მითი #2 - საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ „დაპაუზებულ“ გრაფიკს ვუბრუნდებით

სინამდვილეში საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემდეგ სესხის დაფარვა საერთოდ ახალი გრაფიკით მოგიწევთ.

რატომ?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საშეღავათო პერიოდში სესხით სარგებლობა დამატებით საპროცენტო ხარჯსაც უკავშირდება. შესაბამისად, გარდა „დაპაუზებული“ გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელებისა, ჩნდება საშეღავათო პერიოდში დაგროვილი საპროცენტო ხარჯიც, რომლის გადახდაზე შეთანხმება აუცილებლად გამოიწვევს მანამდე შეთანხმებული გრაფიკის ცვლილებას.

როგორც წესი, იმისათვის რომ მსესხებელმა ადვილად გაართვას თავი ვალდებულების დაფარვას, საშეღავათო პერიოდში დარიცხული საპროცენტო ხარჯი თანაბრად ნაწილდება მთელს დარჩენილ ვადაზე. თუმცა შესაძლოა, მისი გადახდა საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავეც მოითხოვებოდეს. ახალ გრაფიკზე გამსესხებელი და მსესხებელი წინასწარვე თანხმდებიან. 

მითი #3 - თუ საშეღავათო პერიოდით ვისარგებლებ, სესხის დაფარვის საბოლოო თარიღი ზუსტად იმდენი თვით გადაიწევს, რამდენი თვეც გრძელდებოდა საშეღავათო პერიოდი

სინამდვილეში საშეღავათო პერიოდით სარგებლობისას შესაძლოა სესხის საბოლოო დაფარვის ვადა საშეღავათო პერიოდის ვადაზე მეტითაც დაგრძელდეს.

რატომ?

როგორც უკვე ვისაუბრეთ, საშეღავათო პერიოდში დაგროვილი %-ის დასაფარად ახალი გრაფიკი დგება. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ საშეღავათო პერიოდში დაგროვილ პროცენტის დარჩენილ ვადაზე გადანაწილებით ყოველთვიური გადასახადი ისე გაიზარდოს, რომ მსესხებელს მისი გადახდა გაუჭირდეს. ამიტომ საჭირო გახდეს ვადის დაგრძელება ისე, რომ სესხის სირთულეების გარეშე გადახდა იყოს შესაძლებელი. ვადის დაგრძელება კი, თავის მხრივ, ხარჯების კიდევ უფრო გაზრდასაც უკავშირდება - სესხის შემთხვევაში ძალიან კარგად ჩანს, რომ "დრო ფულია".

ჰოდა, ახლა სავარაუდოდ დასვამთ კითხვას:

თუ ხარჯი იზრდება მაშინ სადღაა შეღავათი? რატომ ეძახიან ამ პერიოდს საშეღავათოს?

საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საჭიროება, როგორც წესი, დგება მაშინ, როცა მსესხებელს ყოველთვიური გადახდების საშუალება ეზღუდება ფინანსური სირთულეების გამო ან როცა მისი შემოსავლები სეზონურია (მაგალითად, შემოსავლები აგრობიზნესიდან, ტურიზმიდან). ამ შემთხვევაში, დაფარვის თარიღის გადავადების გარეშე მსესხებელი ყოველთვიური შენატანების გადახდას ვერ შეძლებდა, რაც თავისთავად დამატებით საჯარიმო ხარჯებს ან სულაც ხელშეკრულების მოშლასაც გამოიწვევდა. ეს კი გაცილებით მეტ ხარჯთან იქნებოდა დაკავშირებული.

რა თქმა უნდა, ამ ბლოგში აღწერილი შემთხვევები ყველა სასესხო პროდუქტზე იდენტური არაა. არსებობს პროდუქტები (მაგალითად, საკრედიტო ბარათი), რომლის საშეღავათო პერიოდი სესხის უპროცენტოდ სარგებლობის საშუალებასაც იძლევა. თუმცა, ეს უკვე ცალკე სასაუბრო თემაა.

ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ბანკი, მიკროსაკრედიტო ორგანიზაცია ან სესხის გამცემი სუბიექტი გთავაზობთ საშეღავათო პერიოდს სესხზე - მნიშვნელოვანია იკითხოთ, რას ნიშნავს ეს შეთანხმება, გემატებათ თუ არა ხარჯი, თუ გემატებათ რამდენი, როგორი იქნება ახალი გრაფიკი და გიღირთ თუ არა ამ შემოთავაზებით სარგებლობა სხვა შესაძლო ალტერნატივების გათვალისწინებით.