კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

პროექტი „გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი“ ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში

2026 წლის ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუ" (www.finedu.gov.ge) მასწავლებლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ ფინედუს დესპანი მასწავლებლები.

პროექტის მიზნებია: მოსწავლეების ფინანსური ცნობიერების ამაღლება და ფინანსური განათლების საკითხების ინტერაქციულად სწავლების წახალისება.

პროექტის ფარგლებში დაინტერესებული მასწავლებლები  ფინედუზე გაივლიან სპეციალურ ტრენინგს და მიიღებენ საგაკვეთილო მასალას, რომლის საფუძველზეც მოსწავლეებს თემატურ გაკვეთილს ჩაუტარებენ, ბოლოს კი საკუთარ ფეისბუქგვერდზე შესაბამის ინფორმაციას განათავსებენ.

პროექტის ყველა მონაწილეს ფინედუს დესპანი მასწავლებლის სერტიფიკატი გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში ფინანსური წიგნიერების თემაზე ინტერაქტიული გაკვეთილები უკვე ტარდება ეროვნული ბანკისა და პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლების მიერ, რომლებიც ფინედუს დესპანების მისიას კიდევ ერთი პროექტის "მოიწვიე ფინედუ კლასში" ფარგლებში ასრულებენ. ფინედუს დესპან მასწავლებლად ჩართვის შემთხვევაში კი კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა, ღიად ისაუბრონ ფულზე,  ფულის გონივრულ მართვაზე, საბანკო მომსახურებების გამოყენებასა და ფინანსური უსაფრთხოების დაცვაზე. 

პროექტში ჩართვით დაინტერესებულ მასწავლებლებს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე: https://finedu.gov.ge/ge/ghonisdziebebi-2/gakhdi-finedus-despani-mastsavlebeli-fulis-globaluri-kvireuli-2026-1