კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

არაჩვეულებრივი ინვესტიციები  - ნაწილი II

არაჩვეულებრივი ინვესტიციები - ნაწილი II

ევგენი ლეფსაია
747
5 / 5

როგორც ჩემი წინა ბლოგპოსტიდან შეიტყობდით, ტრადიციული ინვესტირების მეთოდების და პროდუქტების პარალელურად, არსებობს ინვესტირების განსხვავებული მეთოდებიც, ალტერნატიული ინვესტიციების სახით. როგორც უკვე ვახსენე ეს შეიძლება იყოს ინვესტირება ტრადიციულ საკოლექციო ნივთებში (ნუმიზმატიკა, ალკოჰოლური სასმელები, საათები, ავტომანქანები და სხვა) ან თანამედროვე საკოლექციო ნივთებში (კომიქსები, ვარსკლავების და ცნობილი ადამიანების საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი, დეკორატიული ხეები) და ა.შ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინვესტიციო პროდუქტები და მეთოდები ნებისმიერი გემოვნებისთვის შეიძლება მოიძებნოს. თუმცა, ამ ბლოგპოსტშიც (ისევე როგორც ჩემს წინა ბლოგპოსტში), მე მინდა შევეხო ალტერნატიული ინვესტირების რამდენიმე ისეთ ხერხს, რომელიც ერთი შეხედვით არც კი ჰგავს ინვესტირებას. ამ შემთხვევაში მოგების მისაღებად (რაც გავმეორდები გარანტირებული სულაც არ არის), ინვესტორს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება და თან ამგვარი ინვესტირება მისგან ნამდვილი კოლექციონერის ჟინს, ჰობის ქონას და მოტივაციას მოითხოვს. 

ასევე, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თუ რატომ გადავწყვიტე ამგვარი ინვესტირების მეთოდებზე თქვენთან საუბრის გაგრძელება, არის ის, რომ ასეთი ინვესტიციები სავსებით ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის და გარდა ამისა, რაც ასევე არანაკლენ მნიშვნელოვანია, აღნიშნული ინვესტიციები  საქართველოს რეალობაში  საკმაოდ მარტივი განსახორციელებელია. როგორც უკვე ვახსენე, მსგავსი ინვესტირების მეთოდების შესახებ მე პირველად ინტერნეტიდან შევიტყვე. თუმცა, რასაკვირველია ამგვარი სახის ინფორმაცია სულაც არ ატარებდა ცენტრალიზებულ ხასიათს. ამიტომ, მე დამატებით არაერთი ინტერნეტ წყაროს და სხვა შესაბამის საინფორმაციო რესურსების მოძიება და შესწავლა დამჭირდა, ამ საკითხებში  უფრო უკეთ გასარკვევად. რასაც, რა თქმა უნდა, დაემატა პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული პრაქტიკაც.ამ ბლოგპოსტის განთავსება კი, ჩემს მიერ წაკითხულის გააზრების და სხვებისთვის გაზიარების სურვილის გაჩენის შემდეგ გადავწყვიტე.

მოდი, განვიხილოთ ინვესტირების, თუ ასე შეიძლება ეწოდოს, დამატებით ხუთი არაჩვეულებრივი მეთოდი:

1. თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებში ინვესტირება

რატომ მაინცდამაინც თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებში ინვესტირება იკითხავთ თქვენ? იმიტომ, რომ ან ბლოგპოსტის იდეაც იმაში მდგომრეობს, რომ ეს ინვეტიციები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსახლეობის ფართო მასებისთვის, რადგან ყველას როდი შეუძლია პიკასოს ან რემბრანტის ტილოების შეძენა.  თუმცა, არც თანამედროვე ქართული ფერწერაა იაფი სიამოვნება, მინდა გითხრათ. მაგალითად, შედარებით ნორმალური ზომის, თანამედროვე მხატვრის მიერ შესრულებული (აუთენტური) ნახატის, რომელიმე არტ-სალონში ან მაღაზიაში შესაძენად საკმაოდ კარგი თანხა დაგჭირდებათ. რა თქმა უნდა, ეს თანხა ვერ შეედრება ძვირადღირებული ტილოების ფასს, თუმცა შესაძლოა მაინც საკმაოდ დიდი ხარჯი იყოს თქვენთვის. ამიტომ ალტერნატივის სახით, სავსებით შესაძლებელია ამგვარი  ნამუშევრების უშუალოდ ავტორისგან და არა რომელიმე მაღაზია-სალონისგან შეძენა (სადაც ამგვარ პროდუქტს, მაღაზიის ფასნამატიც ემატება). კიდევ უფრო საინტერესო და გაცილებით ხელმისაწვდომი ვარიანტია,  სამხატვრო ფაკულტეტის სტუდენტებისგან მათი ნამუშევრების შეძენა. ჯერ ერთი, ასეთ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, საკმაოდ მაღალი მხატვრული სტილით შესრულებული ნახატის შეძენა და მეორე ის, რომ რა იცი და დღევანდელი სტუდენტი, ხვალ ახალი პიკასო ან გუდიაშვილი არ აღმოჩნდეს?! ბოლოს და ბოლოს სხვა თუ არაფერი, თქვენ შეიძენთ და სახლში გექნებათ ნამდვილი აუთენტური ნახატი, რომელსაც თქვენ შემდგომ თქვენს შთამომავლობას გადასცემთ მემკვიდრეობით. ხოლო რაც მეტი დრო გავა, მით მეტად ფასეული იქნება ის.

დაიმახსოვრეთ მხოლოდ ერთი, სურათის შეძენისას ნუ იხელმძღვანელებთ მხოლოდ საინვესტიციო გათვლებით. აქ მთავარია „ემოციური“ შემადგენელიც. თუ თქვენ რომელიმე სურათი უბრალოდ არ მოგწონთ, ნუ შეიძენთ მას. რადგან თქვენ კიდევ დიდხანს მოგიწევთ ამ სურათით ტკბობა, ხოლო მოგება კი შესაძლებელია მთელი ცხოვრება ვერ მიიღოთ. 

2. სასუვენირო ბლოკნოტებში, საწერ კალმებში, მაისურებში და სხვა ამგვარი ტიპის ნივთებში ინვესტირება

გაიხსენეთ რამდენ კონფერენციაზე, პრეზენტაციაზე, გახსნაზე და ა.შ. ყოფილხართ  თქვენ. ვფიქრობ, ბევრზე. რადგან მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) დასწრება ყოველთვის საინტერესო და სასარგებლოა. სასარგებლოა გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით. რამეთუ გარდა ყველა იმ დადებითი შედეგისა, რომელსაც მსგავს ღონისძიებებზე დასწრებას მოაქვს (იქნება ეს ახალი ინფორმაციის გაგება თუ საინტერესო ადამიანების გაცნობა და ა.შ.). მსგავსი აქტივობა გარკვეულ საინვესტიციო ხასიათსაც ატარებს. მოგეხსენებათ მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე (კონფერენციებზე, პრეზენტაციებზე) დასწრებისას. სავსებით შესაძლებელია ამ ღონისძიებას მიძღვნილი ექსკლუზიური, სასუვენირო ნივთების საჩუქრად მიღება. როგორც წესი, ეს არის ღონისძიების ლოგოტიპიანი კალმები, ბლოკნოტები, მაისურები, ჩანთები და ა.შ. გაგიკვირდებათ და ასეთი ტიპის ნივთები გარკვეულ საკოლექციო ინტერესს აღძრავენ ცალკეულ ადამიანებში (კოლექციონერებში) და თუ ეს ღონისძიება უპრეცენდენტო ხასიათისაა, ეს ინტერესი კიდევ უფრო იმატებს. თუ თქვენ გეეჭვებათ რომ ეს მართლაც ასეა, უბრალოდ, სცადეთ და განათავსეთ ეს ნივთები რომელიმე სავაჭრო ონლაინ-პლატფორმაზე და დაელოდეთ შედეგს.  

შესაძლოა ბევრმა თქვენთაგანმა ამგვარი ნივთების საჩუქრად მიღება ვერც კი შეიმჩნიოს ან საერთოდ უარი თქვას მათზე. უხერხულობის გრძნობის, სტერეოტიპული აზროვნების ან სხვა მიზეზის გამო. მაგალითად, ჩემი ერთი ნაცნობი ამგვარ ღონისძიებებზე დასწრებისას, ყოველთვის უარს ამბობს ასეთ ნივთების საჩუქრად მიღებაზე, რადგან ეს ფაქტი რაღაც არასაკადრისად წვრილმანი ქმედება ჰგონია.  თუმცა, გარდა წმინდა დადებითი ემოციებისა, რასაც ასეთი საჩურქების მიღებას მოაქვს ადამიანისთვის, ეს სასუვენირო ნივთები შესაძლოა გარკვეულ (უფასო) საინვესტიციო პროდუქტებადაც ჩაითვალოს თქვენს შემთხვევაში და თუ ასეთი საჩუქრები ექსკლუზიურია და ისინი რომელიმე მნიშვნელოვან ღონისძიებასთან არიან დაკავშირებული, მაგალითად, რომელიმე მნიშვნელოვან ევროპულ კონფერენციას მიძღვნილი საწერი კალმები, ბლოკნოტები და ა.შ., ეს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის მათ კოლექციონერებისთვის ანუ მოგიტანთ მოგებას. ამგვარად, სრულიად უფასოდ, საჩუქრად მიღებული ნივთები. შესაძლოა წარმატებული ინვესტიციად გადაიქცეს თქვენთვის. 

3. საკუთარი ქვეყნის ღვინოში (ღვინის ბოთლებში) და სხვა ალკოჰოლურ სასმელებში ინვესტირება

თქვენ ალბათ იტყვით, რომ ღვინო და ალკოჰოლიური სასმელები ზოგადად, ისედაც ძვირადღირებულ საინვესტიციო პროდუქტების ჩამონავალში განიხილება. მე კი გიპასუხებთ, რომ ამ შემთხვევაშიც საუბარია სრულიად ხელმისაწვდომი ტიპის ინვესტირებაზე და არც თუ ისე მაღალფასიან ალკოჰოლურ პროდუქციაზე (ღვინის ან ვისკის და ა.შ. ბოთლებზე, რომელსაც ნებისმიერი გაწვდება) და არა რომელიმე ცნობილ აუქციონზე  გასაყიდად გამოტანილ,  მაღალი ღირებულების ვისკის ან სხვა ალკოჰოლური სასმელების ბოთლებზე. ეს ინვესტიციაც საკმაოდ ხანგრძლივი იქნება თქვენთვის, რადგან ამგვარ პროდუქტებს წლების შემდეგ უფრო მეტად აფასებენ. უბრალოდ შედით პროდუქტების ნებისმიერ მაღაზიაში და შეიძინეთ ნებისმიერი თანამედროვე დასახელების ღვინის ბოთლ(ებ)ი და თუ ის წლების განმავლობაში სწორად და ხელუხლებლად იქნება შენახული, ვფიქრობ არანაკლებ ფასიანი და ექსკლუზიური გახდება მომავალში. ამგვარად დღეს 5-6 ლარად ნაყიდი ღვინის ბოთლი. ათწლეულების შემდეგ შესაძლოა ათასებიც კი ღირდეს. თუ რა თქმა უნდა ეს ბოთლი ისევ და ისევ სწორად და შესაბამისად იქნება შენახული და მასზე გამოიძებნება შესაბამისის მყიდველი. აქაც გამართვლების და დროის პრინციპი მუშაობს, როგორც უმრავლესობა ალტერნატიული ტიპის ინვეტსიციების შემთხვევაში.

4. თანამედროვე ფულადი ერთეულების მონეტებში ინვესტირება

როგორც წინა ბლოგპოსტში დავწერე. ამ შემთხვევაშიც საუბარია როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ნებისმიერი ქვეყნის ამჟამად მიმოქცევაში არსებულ ფულად ერთეულებზე, კერძოდ კი მონეტებზე, ასევე სავსებით შესაძლებელია აქ განვიხილოთ თანამედროვე საკოლექციო მონეტებიც. გადაინახეთ რამდენიმე ასეთი ახლად თუ ძველად გამოშვებული, ნებისმიერი ნომინალის მონეტის ეგზემპლარი  და შესაძლოა მომავალში რომელიმე ასეთმა მონეტამ, კოლექციონერების დაინტერესება გამოიწვიოს. მით უმეტეს, თუ მსგავსი ეგზემპლარები გარკვეული მიზეზების გამო ამოღებული იქნა მიმოქცევიდან. მაგალითად, როგორც ეს მოხდა ერთ და ორ თეთრიანის და სპილენძის ორმოცდაათ თეთრიანის მონეტის შემთხვევაში. პირადად მე გადანახული მაქვს სპილენძის რამდენიმე ორმოცდაათთეთრიანი და ასევე ერთ და ორ თეთრიანი მონეტების ეგზემპლარები. 

5. ძველი ქუჩების, შენობების, უბნების,  ქალაქის სხვადასხვა ღირშესანიშნავი ადგილების და სხვა ფოტოებში ინვესტირება 

ეს ინვესტიციაც თქვენგან არ მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას ან კაპიტალდაბანდებას.  ამისთვის საჭიროა მხოლოდ ფოტოაპარატი და ფოტოგრაფირების ცოდნა. მოგეხსენებათ ქალაქების იერსახე თითქმის ყოველდღიურად იცვლება. ინგრევა ძველი შენობები და მათ ადგილზე შენდება ახალი. ინგრევა ძველი და იგება ახალი ხიდები, გზები და ა.შ. იცვლება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ლოკაციები და ინფრასტრუქტურა, პარკების და სკვერების იერსახე და მდებარეობა და ა.შ.  ნებისმიერი ე.წ. „ძველი ქალაქი“ ნელ-ნელა ქრება რეალობიდან და ადგილს უთმობს თანამედროვე ქალაქს, თავისი შენობა-ნაგებობებით და ინფრასტრუქტურით. ზუსტად ამისთვისაა საჭირო ასეთი ობიექტების დროული დაფიქსირება ფოტოსურათზე. რადგან ერთ დროს, ერთ ადგილზე გადაღებული რომელიმე ობიექტის ან ქუჩის მაგივრად, წლების შემდეგ შესაძლოა სულ სხვა სურათი დაგხვდეთ. ამ გზით კი, თქვენ არა მხოლოდ ისტორიის დაფიქსირებას და შენახვას უწყობთ ხელს, არამედ ასევე გარკვეულ საინვესტიციო პროდუქტსაც ქმნით. მომავალში მსგავსი „ექსკლუზიური“ ფოტოების გაყიდვის და საავტორო უფლებებიდან მიღებული ჰონორარების პერსპექტივის სახით. ასეთ შემთხვევაში, რაც უფრო საინტერესო იქნება ფოტო მხატვრული და ისტორიული თვალსაზრისით, მით უფრო საინტერესო იქნება ის კოლექციონერებისთვის ან თუნდაც რომელიმე ჟურნალ-გაზეთებისთვის ან ინტერნეტ-გამომცემლობებისთვის. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ მგსგავსი საინვესტიციო პროდუქტების შენახვა ციფრულ ფორმატშია შესაძლებელი, რაც თქვენგან არანაირ განსაკუთრებულ ძალისხმევას  არ მოითხოვს ამ ფოტოების შესანახად. ატვრთეთ ეს ფოტოები კომპიუტერში  ან გარე „ციფრულ“ მატარაბელზე და შეინახეთ ისინი მანამ, სანამ არ მოვა მათი გამოჩენის დრო და თუ გაგიმართლებთ, კარგ მოგებასაც ნახავთ მომავალში.

ამ ბლოგპოსტის ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ (როგორც წინა ბლოგპოსტის ბოლოს უკვე ვახსენე), რომ ინვესტირება ნებისმიერ რამეშია შესაძლებელი. მთავარია, რომ ჩვენი ინვესტირების ობიექტი (ნივთი) მომავალში საინტერესო გახდეს სხვებისთვის და მასზე გაჩნდეს მოთხოვნა. დრო, გემოვნება და სტილი კი თავისას გააკეთებენ.