კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

არაჩვეულებრივი ინვესტიციები

არაჩვეულებრივი ინვესტიციები

2308
4.5 / 5

საქართველოში, ალბათ ისევე როგორც მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, საბანკო ანაბარი და უძრავი ქონება უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით, კი ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც საინვესტიციო სამყაროს მრავალფეროვნებაში, ჯერ კიდევ, არც თუ ისე ღრმად არიან  გარკვეულნი,  ინვესტირების ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ ინსტრუმენტებად რჩება. რა თქმა უნდა, ამ ორი გარკვეულწილად ფუნდამენტალური საინვესტიციო პროდუქტის გარდა მსოფლიოში ინვესტირების უამრავი სხვა ხერხი და ინსტრუმენტიც არსებობს, როგორც სტანდარტული, ისე ალტერნატიული ინვესტიციების სახით. სტანდარტულ ინვესტიციებში, როგორც წესი, მოიაზრება ფასიანი ქაღალდები, ოქროს ნაკეთობები, სავალუტო ოპერაციები, მხატვრული და ანტიკვარული ნაწარმი და ა.შ. ასევე არსებოს ინვესტირების განსხვავებული მეთოდებიც, ალტერნატიული ინვესტიციების სახით. როგორც წესი ეს შეიძლება იყოს ინვესტირება ტრადიციულ საკოლექციო ნივთებში (ნუმიზმატიკა, ალკოჰოლური სასმელები, საათები, ავტომანქანები და სხვა) ან თანამედროვე საკოლექციო ნივთებში (კომიქსები, ვარსკლავების და ცნობილი ადამიანების საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი, დეკორატიული ხეები) და ა.შ. ასე რომ საინვესტიციო პროდუქტები ნებისმიერი გემოვნებისთვის შეიძლება მოიძებნოს. თუმცა, ამ ბლოგპოსტში მე მინდა შევეხო ალტერნატიული ინვესტირების რამდენიმე ისეთ ხერხს, რომელიც ერთი შეხედვით არც კი ჰგავს ინვესტირებას. ამ შემთხვევაში მოგების მისაღებად,რაც გარანტირებული სულაც არ არის, ინვესტორს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება და თან ამგვარი ინვესტირება მისგან ნამდვილი კოლექციონერის ჟინს და მოტივაციას მოითხოვს. თუმცა, ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი თუ რატომ მსურს ამგვარი ინვესტირების მეთოდებზე თქვენთან საუბარი,  არის ის, რომ ასეთი ინვესტიციები სავსებით ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის და გარდა ამისა, საკმაოდ საინტერესოც. რაც მთავარია, აღნიშნული ინვესტიციები  საქართველოს რეალობაში  საკმაოდ მარტივი განსახორციელებელი იქნება. მსგავსი ინვესტირების მეთოდების შესახებ პირველად ინტერნეტიდან გავიგე. თუმცა,  ამგვარი სახის ინფორმაცია სულაც არ ატარებდა ცენტრალიზებულ ხასიათს. ამიტომ, მე დამატებით არაერთი ინტერნეტ წყაროს და სხვა შესაბამის საინფორმაციო რესურსების მოძიება და შესწავლა დამჭირდა. ამ ბლოგპოსტის განთავსება კი ჩემს მიერ წაკითხულის გააზრების შემდეგ გადავწყვიტე.

 

მოდი, განვიხილოთ ინვესტირების, თუ ასე შეიძლება ეწოდოს, ეს არაჩვეულებრივი მეთოდები:

 

ინვესტირება ავტორის მიერ ხელმოწერილ წიგნებში 

სულაც არ არის აუცლებელი, რომ ეს იყოს ძველი და რარიტეტული წიგნები. მაგალითად, გალაკტიონის მიერ ხელმოწერილი ლექსების კრებული (თუმცა თუ ასეთ ეგზემპლარს შემთხვევით გადაეყრებით ეს ნამდვილად დიდი შენაძენი იქნება), სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი წიგნ(ებ)ი ახალი და თანამედროვე ავტორ(ებ)ის დაწერილი და მათი ხელმოწერით დამშვენებული იყოს. როგორც წესი, ასეთი ხელმოწერილი წიგნის შეძენა საკმაოდ მარტივია და ავტორის მიერ მოწყობილ პრეზენტაციაზეა შესაძლებელი. გარდა ამისა, ახალი ავტორების წიგნების შეძენა არც ისე დიდი თანხა დაგიჯდებათ, ხოლო გარკვეული დროის გასვლის შემდეგ (როგორც წესი ამას წლები სჭირდება), ამან შესაძლოა საკმაოდ კარგი მოგებაც მოიტანოს (თუ რა თქმა უნდა გაგიმართლებთ). თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ წიგნი მთელი ეს დრო მაქსიმალურად იდეალურ მდგომარეობაში უნდა ინახებოდეს. რაც მთავარია, მთელ ამ პროცესს არა მხოლდო წმინდა ფინანსური დატვირთვა აქვს, არამედ საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული ჰობის ფორმაც, რომელიც აღნიშნული წიგნის წაკითხვის და ავტორთან ურთერთობის იდეასაც მოიაზრებს.

წიგნების პირველ ან იშვიათ გამოცემებში ინვესტირება

ეს პროცესიც წიგნების შეძენასთან არის დაკავშირებული. თუმცა წინა ინვესტირების ხერხთან შედარებით ოდნავ განსხვავებულია. ის როგორც ძველი, ასევე თანამედროვე ავტორების წიგნების პირველი ან იშვიათი გამოცემების მოძიებას და შეძენას მოიაზრებს. დანარჩენი კი მსგავსი პრინციპით ხორციელდება. როგორც გავარკვიე, წიგნების პირველი გამოცემების უნიკალურობა და ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ამგვარ გამოცემებში შესაძლოა დაშვებული იყოს გარკვეული უზუსტობები (გრამატიკული, ორთოგრაფიული, პუნქტუაციური შეცდომები და ა.შ.) ან მათში იყოს გამოყენებული რაიმე ორიგინალური გაფორმება ან შესაძლოა ეს წიგნები შეზღუდული რაოდენობითაა დაბეჭდილი და ა.შ.  რაც შემდგომ გამოცემებში, როგორც წესი, აღარ დაიშვება. სწორედ პირველი გამოცემების, შეცდომებიანი ან სხვა მახასიათებლების მქონე ეგზემპლარებია აქ საყურადღებო. რადგან ზუსტად ეს ხდის მათ უნიკალურს და კოლექციონირებისთვის ძალიან საინტერესოს.

საკუთარი ქვეყნის საფოსტო მარკებში ინვესტირება 

ზოგადად, საფოსტო მარკებში და განსაკუთრებით, ძველ და უნიკალურ საფოსტო მარკებში ინვესტირება საკმაოდ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარი მექნება არა  უნიკალურ საფოსტო (საკოლექციო) მარკებზე, არამედ საქართველოში ბოლო ათწლეულების მანძილზე (დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან) ან თუნდაც სულ ახლახანს გამოცემულ მარკებზე. აქაც, ინვესტირების მიზეზი იგივეა, რაც წიგნების შემთხვევაში. პირველ რიგში, საფოსტო მარკების ხელმისაწვდომობა და მეორე რიგში, იმედი იმისა, რომ  მომავალში რომელიმე მარკა ან მარკები "დაფასდება" და კარგ მოგებასაც მოიტანს. ამ შემთხვევაშიც, მთელ ამ პროცესს არა მხოლოდ წმინდა ფინანსური დატვირთვა აქვს, არამედ საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული ჰობის ფორმაც, რომელიც აღნიშნული მარკების შეგროვების და სხვა კოლექციონერებთან ურთიერთობის იდეასაც მოიაზრებს. ხოლო, თუ თქვენ მიერ შეძენილ მარკებში რაიმე სახის შეცდომა ან უზუსტობა აღმოჩნდება დაშვებული და ამ მარკების სერია ამოღებულ იქნება ხმარებიდან,  ეს სრულიად უნიკალური მოვლენა იქნება, რაც ასეთ მარკას საკმაოდ გააძვირებს. 

მარკებში დაშვებულ შეცდომებზე საუბრისას, მინდა გავიხსენო საკმაოდ უნიკალური მარკა სახელწოდებით "გადატრიალებული ჯენი"  და შემოგთავაზოთ ამ მარკის ისტორიის გაცნობა, რაც დარწმუნებული ვარ საკმაოდ საინტერესო იქნება თქვენთვის (ინფორმაცია ამ მარკის შესახებ ინტერნეტშია ხელმისაწვდომი).

ბლოგპოსტი ძალიან გრძელი რომ არ გამომივიდეს, მინდა მოკლედ შემოგთავაზოთ ალტერნატიული და ხელმისაწვდომი ინვესტიციების შემდეგი ვარიანტებიც. თქვენ შეგიძლიათ საკმაოდ მცირე თანხებით ან ზოგჯერ სრულიად უფასოდაც განახორციელოთ ინვესტირება შემდეგ სიანტერესო ნივთებში.         

ახალბედა სპორტსმენების ავტოგრაფებიან ფოტოსურათებში ინვესტირება

ასეთ შემთხვევაში პირადად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ახალბედა სპორტსმენებს მათი ფოტოსურათით ხელში, მათზე ავტოგრაფების დასატოვებლად. შესაძლოა ამ სპორტსმენებიდან რომელიმემ დიდ წარმატებას მიაღწიოს მომავალში და სახელგანთქმული სპორტსმენი გახდეს. ეს თქვენს ფოტოს კიდევ უფრო მეტად უნიკალურს გახდის. 

ინვესტირება ძველებურ სათამაშო კონსოლებში და მათ ე.წ. "კასეტებში"

შეიძლება თქვენ გაქვთ კიდეც ამგვარი ვიდეოთამაშები და მათი ე.წ. "კასეტები" (კარტრიჯები) სახლში. გადაინახეთ ეს ყველაფერი და მომავალში შესაძლოა კარგი მოგებაც ნახოთ, თუ გაგიმართლებთ და რომელიმე დაინტერესებულ კოლექციონერს მოძებნით. ხოლო თუ ასეთი "კასეტა" ან მთლიანად სათამაშო კონსოლი სრულიად გაუხსნელი და ძალიან კარგ მდგომარეობაში იქნება. ეს კიდევ უფრო გააძვირებს მას. 

ძველებური ან ახლად გამოშვებული სამაგიდე თამაშებში ან ცალკეული სათამაშოებში ინვესტირება

აქაც ინვესტირების იგივე პრინციპი მოქმედებს და უმჯობესია, რომ ასეთი სამაგიდე თამაში ან ცალკეული სათამაშო (თოჯინა, „ლეგოს“ კონსტრუქტორი და ა.შ.) დაუზიანებელი ან სრულიად გაუხსნელი იყოს. გავა დრო და მათი ფასი აუცილებლად მოიმატებს, რადგან ასეთი ნივთები ყოველთვის საკმაოდ მოთხოვნადი იყო. ხოლო თუ არსებოს პროდუქტი, მყიდველიც ყოველთვის გამოჩნდება (ჩვენს შემთხვევაში კოლექციონერები). თუმცა, აქაც ყველაფერი გამართლებაზეა დამოკიდებული.

თანამედროვე ფულად ერთეულებში ინვესტირება 

ამ შემთხვევაში საუბარია როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ნებისმიერი ქვეყნის მიმოქცევაში არსებულ ფულზე. გადაინახეთ რამდენიმე ასეთი ახლად დაბეჭდილი "ცინცხალი" კუპიურა და შესაძლოა მომავალში რომელიმე ასეთმა ახალმა კუპიურამ, კოლექციონერების დაინტერესება გამოიწვიოს.

პირადად მე მაქვს ერთ და ორ ლარიანი კუპიურების "ცინცხალი" ეგზემპლარები. 

თანამედროვე ჟურნალების ხელუხლებელ ეგზემპლარებში ინვესტირება

უმჯობესია, რომ ეს იყოს ამ ჟურნალების პირველი გამოცემები. რა თქმა უნდა მათი შენახვაც ხელუხლებლად უნდა მოხდეს. დანარჩენი კი, თქვენ უკვე იცით. 

მაგალითად, მე ვიცნობ ადამიანს ვინც დღემდე ნანობს იმას, რომ თავის დროზე არ შეიძინა ჟურნალ „ფლეიბოის“ პირველი ქართულენოვანი გამოცემის პირველი ეგზემპლარი. რადგან ეს ჟურნალი უკვე კარგახანია აღარ გამოიცემა საქართველოში და ის ფიქრობს, რომ მომავალში ასეთი ეგზემპლარი საკმაოდ საინტერესო იქნებოდა გარკვეული კოლექციონერებისთვის. 

მოკლედ, როგორც ხედავთ, ინვესტირება ნებისმიერ რამეშია შესაძლებელი. მთავარია, რომ ჩვენი ინვესტირების ობიექტი (ნივთი) მომავალში საინტერესო გახდეს სხვებისთვის. ხოლო თუ ჩვენ ამ ნივთს გარკვეული ხნით და აუცილებლად ხელუხლებლად შევინახავთ, ვფიქრობ, ჩვენ თუ არა, ჩვენს შთამომავლობას ის აუცილებლად გამოადგება და სავარაუდოდ გარკვეულ მოგებასაც კი მოუტანს, რადგან დრო, როგორც წესი ყველაფერს აძვირებს. უბრალოდ დაფიქრდით, თქვენ რომ ახლა თქვენი წინაპრების მიერ შეძენილი მაგალითად, ფიროსმანის (მაშინ საკმაოდ იაფი ღირებულების) ნახატი გქონდეთ, ხომ ნამდვილად მოგებული დარჩებოდით?!