კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ცვლილებები მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში - ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება

2024 წლის 1-ელი ივლისიდან "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლების უფლებების დაცვის წესში" ცვლილებები შედის.

წესის ცვლილებები ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა და მიზნად ისახავს ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებას, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა, მათ შორის, აღსანიშნავია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება მომხმარებლებისათვის. წესის ახალი რედაქციით, მომხმარებელს ხელშეკრულების დადებიდან 14 დღის განმავლობაში უფლება ექნება, უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე.  ამასთან, სესხის/კრედიტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გატანილი ძირის დაბრუნების გარდა, მომხმარებელი მხოლოდ გამოყენებული პერიოდის პროცენტს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის და ნოტარიუსისთვის გადახდილ ხარჯებს დაფარავს. დამატებით გათვალისწინებულია უარის თქმის უფლების არსებობის შემთხვევაში, მისი გამოყენების სათანადო პირობების შესახებ ინფორმაციის ხელშეკრულებაში მითითების ვალდებულებაც. ამასთან, წესში აღნიშნული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებული გარკვეული გამონაკლისებიც განისაზღვრა.

ცვლილებებით განისაზღვრა, ასევე, ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულება საფინანსო პროდუქტის მიწოდებამდე მომხმარებელს ზეპირსიტყვიერად გააცნოს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები. ხოლო ინტერნეტ და მობაილბანკში უზრუნველყოს გარკვეული ტიპის ინფორმაციისა და ხელშეკრულების განთავსება.

ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის განახლებულ წესში, ასევე, დაზუსტდა გარკვეული ცნებები და ახალი ტერმინთა განმარტებებიც დაემატა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხილვის პროცესში სრულად იყო ჩართული საფინანსო სექტორი. ამასთან, დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ფინედუზე უახლოეს პერიოდში შესაბამის Live ჩართვასაც შემოგთავაზებთ, სადაც უფრო დაწვრილებით იქნება საუბარი განახლებულ წესზე, ასევე, ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ექსპერტი მომხმარებლებისთვის საინტერესო შეკითხვებსაც უპასუხებს.

წესისი ცვლილების მოკლე მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში: