კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა მასწავლებელთა ტრენინგების თემაზე

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მასწავლებელთა ტრენინგების თემაზე გამართულ საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სამუშაო შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს, მისი პლატფორმა “Money Wise”-სა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFO) ტექნიკური დახმარების პროექტის მეორე ფაზის (2023-2027) ფარგლებში ჩატარდა. პროექტი რეგიონის 10 ქვეყანას  (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა,  ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, ხორვატია) აერთიანებს და რეგიონში ფინანსური განათლების ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

სამუშაო შეხვედრის პირველი ნაწილი რეგიონის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას დაეთმო. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი გამოცდილება მასწავლებელთა ფინანსური განათლების ტრენინგების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით და იმსჯელეს ძირითად მიგნებებსა და არსებულ გამოწვევებზე. ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა მსმენელებს გააცნო ეროვნული ბანკის გამოცდილება სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვის მიმართულებით, მათ შორის ისაუბრა მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაზე როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური განათლების საკითხების შესახებ, ასევე პროექტ „სკოლა-ბანკის“ ფარგლებში მასწავლებელთა ტრენინგებზე.

შეხვედრის მეორე ნაწილი კი OECD/INFE-ს წევრი ქვეყნების მიერ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე იყო ორიენტირებული. მოწვეულმა ექსპერტებმა მსმენელებს მიაწოდეს ინფორმაცია ინოვაციური მიდგომებისა და იმ საკვანძო ფაქტორების შესახებ, რომლებიც აუცილებელია წარმატებული და ეფექტიანი მასწავლებელთა ტრენინგების პროგრამის დასანერგად.