კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

“იყავი ჰაკერზე ჭკვიანი“ - ეროვნული ბანკი და საფინანსო სექტორი კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კამპანიას უერთდებიან

კიბერუსაფრთხოება
ეროვნული ბანკის ინიციატივით, მესამე წელია საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო კამპანიას  უერთდება და კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება. წელს კამპანიის სლოგანია - დაფიქრდი, სანამ დააჭერ #იყავიჰაკერზეჭკვიანი.

ტექნოლოგიების განვითარება სწრაფს და ეფექტიანს ხდის ფინანსური თუ სხვა მომსახურებების მიღებას, თუმცა, შესაბამისად იზრდება რისკებიც. ყოველწლიურად ჩდება კიბერთავდასხმებისა და თაღლითობების ახალი მეთოდები, რომელთა თავიდან არიდება და იდენტიფიცირება მხოლოდ ცნობიერების ამაღლების გზით შეიძლება. კიბერ და ფინანსური უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ქვეყნის მთავარმა ბანკმა არაერთი პროექტი უკვე განახორციელა. წელს დაგეგმილია საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს სხვადასხვა სტატიას, ბლოგსა თუ ვიდეომასალას ისეთ თემებზე, როგორიცაა: სოციალური ინჟინერია და მისი სახეები, კიბერკრიმინალების ამოცნობისა და მათგან თავდაცვის მექანიზმები, კიბერუსაფრთხოება ბიზნესებისთვის.

ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალი ფინედუ (www.finedu.gov.ge) და კიბერუსაფრთხოების ცნობიერების თვის კამპანიაში ჩართულ პარტნიორები სხვადასხვა აქტივობას განახორციელებენ. კამპანიაში საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ფინედუსთან ერთად ერთვებიან საქართველოს საბანკო ასოციაცია, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, ლიბერთი ბანკი, კრედო ბანკი, პროკრედიტ ბანკი, რებანკი, ტერაბანკი და ემბისი.