კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების თემაზე

ინოვაციების ბანაკი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მასთან არსებულმა ფინანსური განათლების პორტალმა www.fineud.gov.ge და ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საბანკო ასოციაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, ბაზისბანკის და კრედო ბანკის ფინანსური ჩართულობით ფინანსური განათლების თემაზე ინოვაციების ბანაკს უმასპინძლეს.

ინოვაციების ბანაკი იდეების გენერირების 12 საათიანი ღონისძიებაა, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდები თავს იყრიან კონკრეტული გამოწვევის გარშემო. მათ ევალებათ დასმული საკითხის გადასაჭრელად ეფექტიანი მეთოდების შემუშავება და ჟიურის წევრებისთვის წარდგენა. ღონისძიებას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში 12 წლიანი ისტორია აქვს. ეროვნული ბანკის ჩართულობით კი უკვე მეექვსედ ის ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გამოწვევასაც ეძღვნება. 

წლევანდელ ღონისძიებაში ჩართული იყო 15-18 წლის 100-მდე ახალგაზრდა, რომლებსაც სიტუაციურ დავალებასთან მუშაობისას კონსულტაცია საბანკო-საფინანსო სფეროს მოწვეულმა ექსპერტებმა გაუწიეს. ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა დამატებით ახალგაზრდებს ფინანსური განათლების საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია. ახალგაზრდები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ იდეებზე, რომელთა რეალიზებითაც მოხდებოდა  ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების ფინანსური განათლების ამაღლებისა და მათი მეწარმეობაში ჩართვის ხელშეწყობა. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი 10 გუნდიდან ჟიურის წევრების ერთობლივი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად დასახელდა #4  გუნდი სახელწოდებით „Human Inteligence”, დამატებით დასახელდნენ ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფინედუს რჩეულებიც, შესაბამისად, #10 და #7 გუნდები.

ღონისძიებაში ჩართულ ყველა ახალგაზრდას „ინოვაციების ბანაკი“-ში მონაწილეობისთვის მსოფლიოს 123 ქვეყანაში აღიარებული სერტიფიკატი, ხოლო ჟიურის წევრების მიერ გამოვლენილი გუნდების წევრებს დამატებით სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

 

ღონისძიების ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ფოტოგალერეაში.