კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

გლობალური ფულის კვირეული 2023-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ფინედუზე

GMW2023
გლობალური ფულის კვირეული მსოფლიო მასშტაბით 2012 წლიდან აღინიშნება. ის მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.

კვირეულის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუ, პარტნიორებთან ერთად, წელს მეცხრედ შეუერთდება. მიმდინარე წელს კვირეული 20 - 26 მარტის ჩათვლით აღინიშნება და მისი თემატიკა, ფულის გარდა, მდგრადი განვითარების, ეკოლოგიისა და საზოგადოებაზე ზრუნვის საკითხებსაც დაუკავშირდება. წლევანდელი კვირეულის დევიზია - „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“ („Plan your money, plant your future“).

2023 წლის გლობალური ფულის კვირეულის აღნიშვნას უერთდებიან ფინედუს პარტნიორები ორგანიზაციები: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, კრედო ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალი", ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი", საპენსიო სააგენტო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი შპარკასე (DSIK), აფლატუნ ინთერნეიშენალი, ჯუნიორ ეჩივმენტი და ეროვნული სასახლე.

2023 წლის კამპანიის ფარგლებში საქართველოში არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. ფინედუსთან ერთად განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი კი ასეთია:

პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი - "დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი"

10 მარტს დაიწყო და 28 მარტს დასრულდება პოსტერისა და სლოგანის კონკურსი სახელწოდებით „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტს ევალება, მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებით შექმნას ვიზუალური მასალა - პოსტერი/ბანერი და მოიფიქროს შესაბამისი სლოგანი. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 10 გამარჯვებული - 5 გამარჯვებული კატეგორიაში „ჟიურის რჩეული“ და 5 გამარჯვებული კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული“. ჟიურის მიერ გამოვლენილ 5 გამარჯვებულს სერტიფიკატთან ერთად გადაეცემა ფულადი პრიზი 1,000 ლარი, ხოლო მომხმარებლის მიერ გამოვლენილ 5 გამარჯვებულს სერტიფიკატთან გადაეცემა ფულადი პრიზი 500 ლარი. დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით ბმულს.

ვიდეოების კონკურსი - "ჩემი ფული"

11 მარტს დაიწყო და 25 მარტს დასრულდება ვიდეოების კონკურსი „ჩემი ფული“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს კერძო ან საჯარო სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს. ამისათვის მათ ევალებათ ჩაწერონ ორენოვანი, ქართულ-ინგლისური ვიდეო (არა უმეტეს 120 წამის ხანგრძლივობით) ქართული ფულისა და ფულის მართვის საკითხებთან დაკავშირებით. კონკურსის მონაწილეებს აქვთ შანსი, მოხვდნენ ფინედუს მიერ არჩეულ მოსწავლეებს შორის, რომლებიც საერთაშორისო პლატფორმებზე განსათავსებელ სპეციალურ ინგლისურენოვან ვიდეორგოლში მიიღებენ მონაწილეობას. დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით ბმულს.

ღონისძიება "მოიწვიე ფინედუ კლასში"

გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში ბრუნდება ყველასთვის საყვარელი და მოთხოვნადი პროექტი #მოიწვიეფინედუკლასში, რომელზე რეგისტრაციაც 13 მარტს, 18:00 საათზე გამოცხადდება. ფინედუს დესპანები 20-24 მარტის დღეებში ღია გაკვეთილებს III-IX კლასის მოსწავლეებს ჩაუტარებენ.

სხვა დამატებითი აქტივობებისთვის თვალი ადევნეთ ფინედუს ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებს.