კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

გლობალური ფულის კვირეული 2023-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ფინედუზე დასრულდა

გლობალური ფულის კვირეული მსოფლიო მასშტაბით 2012 წლიდან აღინიშნება. ის მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.

კვირეულის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუ, პარტნიორებთან ერთად, წელს მეცხრედ შეუერთდა. მიმდინარე წელს კვირეული 20 - 26 მარტის ჩათვლით აღინიშნა და მისი თემატიკა, ფულის გარდა, მდგრადი განვითარების, ეკოლოგიისა და საზოგადოებაზე ზრუნვის საკითხებსაც დაუკავშირდა. წლევანდელი კვირეულის დევიზი იყო - „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“ („Plan your money, plant your future“).

2023 წლის გლობალური ფულის კვირეულის აღნიშვნას შეურთდნენ ფინედუს პარტნიორები ორგანიზაციები: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, კრედო ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალი", ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი", საპენსიო სააგენტო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი შპარკასე (DSIK), აფლატუნ ინთერნეიშენალი, ჯუნიორ ეჩივმენტი და ეროვნული სასახლე.

2023 წლის კამპანიის ფარგლებში ფინედუზე არაერთი აქტივობა განხორციელდა. 

პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი - "დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი"

10 მარტს დაიწყო და 28 მარტს დასრულდა პოსტერისა და სლოგანის კონკურსი სახელწოდებით „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტს ევალებოდა, მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებით შეექმნა ვიზუალური მასალა - პოსტერი/ბანერი და მოეფიქრებია შესაბამისი სლოგანი. კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 170-მდე ნამუშევარი, საიდანაც გამოვლინდა 20 ფინალისტი და 9 გამარჯვებული.

ვიდეოების კონკურსი - "ჩემი ფული"

11 მარტს დაიწყო და 25 მარტს დასრულდა ვიდეოების კონკურსი „ჩემი ფული“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს კერძო ან საჯარო სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს. ამისათვის მათ ევალებოდათ ჩაეწერათ ორენოვანი, ქართულ-ინგლისური ვიდეო (არა უმეტეს 120 წამის ხანგრძლივობით) ქართული ფულისა და ფულის მართვის საკითხებთან დაკავშირებით. კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 35 ნამუშევარი და გამოვლინდა 10 გამარჯვებული.

"მოიწვიე ფინედუ კლასში"

გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში დაბრუნდა ყველასთვის საყვარელი და მოთხოვნადი პროექტი #მოიწვიეფინედუკლასში. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ღია გაკვეთილებს უტარებენ III-IX კლასის მოსწავლეებს. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, გაკვეთილების ჩატარება ჯერ არ დასრულებულა.

გარდა ამისა, მარტის განმავლობაში ფინედუს Facebook გვერდზე განთავსდა ინფორმაციული პოსტები და ჩატარდა Facebook Live-ები ფულის, მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიის თემებზე.

გლობალური ფულის კვირეულის შეჯამებისას, ფინედუს გადაწყვეტილებით გამოევლინდნენ ყველაზე აქტიური კონკურსანტები, რომლებმაც ორივე კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ესენი არიან:

  • ნურაი მუსტაფაევა
  • გიორგი ზირაქაშვილი
  • მარიამ გოჩალეიშვილი
  • გიორგი მაჭარაძე

ასევე გამოვლინდნენ ყველაზე ორიგინალური მონაწილეები: შოთიკო სამუნაშვილი და გუჩი.

აღნიშნულ მონაწილეებს სპეციალურ სერტიფიკატთან ერთად გადაეცემათ ფინედუს ბრენდირებული საჩუქრები. ისინი, კონკურსების გამარჯვებულებთან და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მოწვეული იქნებიან დაჯილდოების ღონისძიებაზე, რომელიც 6 აპრილს გაიმართება.