კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფულის გლობალური კვირეული 2024 დაიწყო

gmw2024
ფულის გლობალური კვირეულის 2024 წლის მასშტაბური კამპანია დღეს, 18 მარტს დაიწყო და 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ცნობიერების ასამაღლებელ ამ საერთაშორისო ღონისძიებას მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა 2012 წლიდან, საქართველო კი - 2014 წლიდან აღნიშნავს. კვირეული, რომელიც "ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე“ სლოგანით ხორციელდება ხოლმე, მიზნად ისახავს ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების შესახებ ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას.

საქართველოში ფულის გლობალური კვირეულის წლევანდელი კამპანია, ტრადიციულად, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება და მას ორგანიზებას საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ შექმნილ ფინანსური განათლების ვებგვერდი www.finedu.gov.ge, ფინედუ ახორციელებს. კამპანიაში ჩართულები არიან, ასევე: საქართველოს საბანკო ასოციაცია, საპენსიო სააგენტო, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, ტერაბანკი, პროკრედიტ ბანკი, კრედო ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალი", კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ალტე უნივერსიტეტი,  საპენსიო სააგენტო, სადაზღვევო კომპანია "უნისონი", ეროვნული სასახლე და ბიზნეს ინსაიდერ საქართველო.

ფულის გლობალური კვირეულის 2024 წლის მთავარი თემა ფინანსური უსაფრთხოებაა. წლევანდელი კამპანიის დევიზა- "დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი" (Protect your money, Secure your future). კამპანიის ფარგლებში საქართველოში არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. ფინედუსთან ერთად განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი კი ასეთია:

ღონისძიება "მოიწვიე ფინედუ კლასში"

ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში ტარდება ყველასთვის საყვარელი და მოთხოვნადი პროექტი #მოიწვიეფინედუკლასში, რომლის ფარგლებშიც, 18-22 მარტის დღეებში ღია გაკვეთილები III-XII კლასის 4000-მდე მოსწავლეს ჩაუტარდება.  აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერი ორგანიზაციები, რომელთა თანამშრომლებიც სკოლებს ფინედუს დესპანის მისიით ესტუმრებიან, არიან: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, ტერაბანკი, კრედო ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი" და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

ღონისძიება "მოიწვიე ფინედუ აუდიტორიაში"

კვირეულის განმავლობაში  ფინედუს მიერ მომზადებული ტრენერები დაინტერესებულ და წინასწარ დარეგისტრირებულ სასწავლო დაწესებულებებს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს ესტუმრებიან და მათი სტუდენტებისათვის ფინანსური განათლების სხვადახვა თემაზე (დაზოგვა, ბიუჯეტირება, ფინანსური უსაფრთხოება) ტრენინგს ჩაატარებენ. ღონისძიებამ #მოიწვიეფინედუაუდიტორიაში სკოლების ანალოგიური პროექტის მასშტაბები გააფართოვა. ის წელს პირველად, 6 სასწავლო დაწესებულებაში ჩატარდება. სტუდენტებისათვის შეთავაზებული ტრენინგები ღია გაკვეთილებისაგან განსხვავებით უფრო ინტენსიური და ხანგრძლივია და ის საბოლოოდ დაახლოებით 150 სტუდენტს გასწვდება.

საჯარო პანელი სტუდენტებისა და აბიტურიენტებისათვის

20 მარტს, 16:00 საათზე ალტე უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუ", ალტე უნივერსიტეტი და საბანკო ასოციაცია, საპენსიო სააგენტოს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, პროკრედიტ ბანკის, საქართველოს ბანკის, ბაზისბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისის", სადაზღვევო კომპანია "უნისონის" და ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში გამართავს საჯარო პანელს: "დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი".

პანელური ღონისძიება 2 ნაწილად ჩატარდება და ჯამში 3 საათს გასტანს. პირველი ნაწილის მომხსენებლები ისაუბრებენ კიბერსაფრთხეებზე, მათგან თავდაცვის გზებსა და კიბერუსაფრთხოების სფეროში კარიერის პერსპექტივებზე. მეორე ნაწილის მომხსენებლები კი შეეხებიან ფინანსური განათლების მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: ფულის გათეთრების საფრთხეები, ფინანსური დაგეგმა, საპენსიო ასაკისთვის მზადება და დაზღვევა.

ორივე ნაწილის ბოლოს დამსწრეებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ შემეცნებითი ხასიათის ტესტებში და მოიგონ სამახსოვრო ბრენდირებული საჩუქრები.

გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში ფინედუს სოციალურ არხებში სხვადასხვა თემატური და სასარგებლო პოსტები გაზიარდება.