კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფოტოკონკურსის „დაიჭირე ფინანსური კადრი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

17 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალის - www.finedu.gov.ge ინიციატივით ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსის „დაიჭირე ფინანსური კადრი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. 

კონკურსში 100 მდე ფოტონაშრომი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც ჟიურის წევრების მიერ 20 ფინალისტი შეირჩა. დასკვნით ღონისძიებაზე კი, კონკურსანტებს საკუთარი ნამუშევრების პირადად წარდგენის საშუალება მიეცათ. 

ღონისძიებაზე, რომელსაც ახალგაზრდობის სააგენტომ უმასპინძლა, კონკურსის ფინალისტები სპეციალური სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვნენ და გამარჯვებულები დასახელდნენ.

ღონისძიებას ორგანიზატორების გარდა ესწრებოდნენ კონკურსის მხარდამჭერი და ჟიურიში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები: 

  • სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“
  • სს „ბაზისბანკი“, 
  • სს „კრედო ბანკი“, 
  • სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“, 
  • სს „პაშა ბანკი“ (რე ბანკი) 
  • სს „საქართველოს ბანკი“.
  • „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ 

კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: 

  • „ყველაზე დასამახსოვრებელი ახალგაზრდული კადრი“ – ხატია ფირცხალაიშვილი ნაშრომით „სწორ ინვესტიციას შეუძლია გაათმაგებული  თანხის მოტანა“
  • “საუკეთესო ფინანსური იუმორი“ - მარიამ ნინიძე ნაშრომით „სწორი ინვესტირებით თავი ქუდში გაქვს“
  • I ადგილის მფლობელი - შმაგი ბურდული ნამუშევრით „ნუ ითამაშებ შენი ფინანსებით“.
  • II ადგილის მფლობელი - მართა გაბუნია ნამუშევრით „იშრომე. დაზოგე. დახარჯე სწორად“.
  • III ადგილის მფლობელი - ნიკოლოზ ხახუტაშვილი ნაშრომით „მიზნამდე თითო ლარი გვაშორებს“.
  • მომხმარებლის რჩეული“ - ელენე ნატროშვილი ნაშრომით „ყველა კედელი კარია“

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობისადმი მიძღვნილი კონკურსი სწორედ ახალგაზრდების, კერძოდ, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების სტაჟიორების, ანა საყვარელიძისა და შორენა კოტორაშვილის მნიშვნელოვანი ჩართულობითა და იდეებით განხორციელდა. 

 

კონკურსი 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს დაიწყო და მისი მსვლელობისას კონკურსანტებს ჰქონდათ საშუალება, დასწრებოდნენ საინფორმაციო შეხვედრას, რომელსაც გამოცდილი ფოტოგრაფი და კონკურსის ჟიურის წევრი, გიორგი შერმაზანაშვილი უძღვებოდა.

 

ფინედუ მადლობას უხდის ყველა მონაწილესა და მხარდამჭერს და გიზიარებთ ღონისძიების ფოტომასალას.