კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუზე საგანმანათლებლო-გასართობი კონკურსი, "11 თავსატეხი" იწყება

2021 წლის 11 მაისიდან ფინანსური განათლების პორტალი www.FinEdu.gov.ge   გთავაზობთ სახალისო, შემეცნებით, საინტერესო კონკურსს "11 თავსატეხი".

კონკურსი დაიწყება 11 მაისს და გაგრძელდება 11 კვირის განმავლობაში, 20 ივლისის ჩათვლით. კონკურსის განმავლობაში ყოველ სამშაბათს, დილის 11:00 საათზე ფინედუს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდება დავალება-თავსატეხი. გამარჯვებულები გამოვლინდებიან დავალებებზე სწორი პასუხის შესაბამისად.

რა თემას შეეხება კონკურსის თავსატეხები?

კონკურსის ფარგლებში გამოქვეყნებული თავსატეხები დაკავშირებული იქნება ფინანსური განათლების თემებთან და/ან მათი მოძიება დაკავშირებული იქნება ფინანსური განათლების პორტალთან www.finedu.gov.ge.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფეისბუქ მომხმარებელს, რომელსაც უყვარს თავსატეხების ამოხსნა, იტაცებს სიახლეების ძიება და დაინტერესებულია ფინანსური განათლების საკითხებით. 

რა იქნება საჭირო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად?

ყოველ სამშაბათს 11:00 საათზე ფინედუს ფეისბუქგვერდზე - www.facebook.com/finedu.gov.ge - დავალება-თავსატეხი პოსტის სახით, ამავე პოსტში იქნება მოცემული მისი ამოხსნისთვის საჭირო მითითებები.

დავალებაზე  სწორი პასუხი კონკურსის მონაწილემ უნდა დააფიქსიროს იმავე პოსტში კომენტარის სახით.

ჩასწორებული (Edited) კომენტარები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

დავალების სწორი პასუხები გამოქვეყნდება მისი გამოქვეყნების მომდევნო დღეს 11:00 საათზე. სწორი პასუხი მითითებული იქნება იმავე პოსტში ფინედუს კომენტარის სახით. სწორი პასუხების გამოქვეყნების შემდეგ დაფიქსირებულ პასუხებს ფინედუს ჟიური გამარჯვებულების გამოსავლენად აღარ გაითვალისწინებს.

რამდენი გამარჯვებული ეყოლება კონკურსს?

კონკურსს ეყოლება 15 გამარჯვებული.

როგორ მოხდება კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა?

თითოეული დავალება-თავსატეხზე დაფიქსირებული პასუხების მიხედვით გამოვლინდება თითო  გამარჯვებული. გამარჯვებულად ჩაითვლება კომენტარის ავტორი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  • პირველი დააფიქსირებს დავალება-თავსატეხში დასმულ შეკითხვაზე სწორ პასუხს; 
  • გამარჯვებულად არ ყოფილა გამოვლენილი წინა დავალება-თავსატეხის პოსტში. 

ამ გზით სულ გამოვლინდება 11 გამარჯვებული.

გამარჯვებულად ასევე ჩაითვლებიან ის კონკურსანტები, რომლებსაც 11-ივე დავალება-თავსატეხზე დაფიქსირებული პასუხების მიხედვით, ყველაზე მეტი სწორი პასუხი აქვთ გაცემული და, იმავდროულად, არ ყოფილან გამარჯვებულად დაფიქსირებული არცერთ დავალებაზე. იმ შემთხვევაში, თუ სწორი პასუხების რაოდენობის მიხედვით რამდენიმე მომხმარებელს თანაბარი შედეგები ექნება, გამარჯვებულად ჩაითვლებიან ის კონკურსანტები, რომლებსაც სწორ პასუხებზე ჯამურად ყველაზე ნაკლები დრო ექნებათ დახარჯული. პასუხებზე გაცემული დროის დაანგარიშება მოხდება პოსტის გამოქვეყნებიდან თითოეული სწორი პასუხის დაფიქსირებამდე გასული დროის მიხედვით. ამ გზით სულ გამოვლინდება 4 გამარჯვებული. 

როდის გამოვლინდებიან კონკურსის გამარჯვებულები?

გამარჯვებულები გამოვლინდებიან კონკურსის დასრულების მომდევნო დღეს, 21 ივლისს 18:00 საათზე. 

რა პრიზები გადაეცემათ კონკურსის გამარჯვებულებს?

კონკურსის გამარჯვებულებისათვის დაწესებულია 11 პრიზისაგან შემდგარი ნაკრები:

  1. საგანმანათლებლო ბროშურა "დაგროვების ამბავი"; 
  2. საგანმანათლებლო ბროშურა "მოგზაურობა ფულის სამყაროში";
  3. საგანმანათლებლო ბროშურა "ფინანსური განათლების სახელმძღვანელო";
  4. საგანმანათლებლო ბროშურა "ბროშურა მეწარმეებისთვის"; 
  5. საგანმანათლებლო ბროშურა "ბროშურა აგრომეწარმეებისთვის"; 
  6. საგანმანათლებლო ბროშურა "ჯიბის ფინანსისტი"; 
  7. საგანმანათლებლო ბროშურა "ფინანსური განათლება მარტივად"; 
  8. ფინედუს ბრენდირებული კეპი; 
  9. ფინედუს ბრენდირებული ნაჭრის ჩანთა; 
  10. ფინედუს სტიკერების ნაკრები; 
  11. ფინედუს წიგნის სანიშნი. 

როგორ მოხდება გამარჯვებულებისათვის პრიზის გადაცემა?

კონკურსის გამარჯვებულებს პრიზები მიეწოდებათ მათ მიერ მითითებულ მისამართებზე საქართველოს მასშტაბით.

გზავნილის მიწოდების მისამართის დაზუსტების მიზნით ფინედუ დაუკავშირდება შესაბამის მომხმარებლებს ფეისბუქგვერდის საშუალებით. კერძოდ, ფეისბუქგვერდზე გაკეთებული კომენტარის ავტორთან დაკავშირება მოხდება იმავე კომენტარის პასუხად და/ანფეისბუქის პირადი შეტყობინების საშუალებით. გზავნილის გაგზავნა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომხმარებლის მხრიდან მოწოდებული იქნება საკურიერო მომსახურების განსახორციელებლად მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია. 

გზავნილი ჩაბარდება მითითებულ მისამართზე მყოფ ნებისმიერ სრულწოვან პირს.

იმ შემთხვევაში, თუ მოწოდებული მისამართი არასწორია, მიმღები არ პასუხობს, მისამართზე კურიერს არავინ დახვდა ან ნებისმიერი სხვა მიზეზით, გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, გზავნილი დაბრუნდება უკან.

გზავნილების გამარჯვებულებთან გაგზავნა მოხდება ყველა მისამართის დაზუსტების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს გამარჯვებულების გამოვლენიდან 2 (ორი) კვირის ვადაში. 

იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის დასრულების შემდეგ 2 (ორი) კვირის განმავლობაში გამარჯვებული კონკურსანტი არ მოაწვდის ფინედუს პრიზების გასაგზავნად საჭირო ინფორმაციას, ასევე, იმ შემთხვევაში თუ მიწოდების მისამართიდან გზავნილი უკან დაბრუნდება, კონკურსანტს შესაძლებლობა ექნება მიიღოს პრიზები ეროვნული ბანკის  ოფისიდან (ქ. თბილისი, სანაპიროს ქ.#2) კონკურსის დასრულებიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.

როგორ მოხდება იმ კონკურსანტების წახალისება, რომლებსაც ჰქონდათ სწორი პასუხები, თუმცა გამარჯვებულებში ვერ მოხვდნენ?

კონკურსის მონაწილეებს, რომლებსაც დავალება-თავსატეხებზე სწორი პასუხი ექნებათ გაცემული, თუმცა კონკურსის პირობების მიხედვით ვერ დასახელდებიან გამარჯვებულებად (მათი პასუხი არ იყო ყველაზე პირველი ან ვერ მოხვდნენ ყველაზე აქტიურ 4-ეულში) მიიღებენ სპეციალურ ელექტრონულ სერტიფიკატს. სერტიფიკატები გამოქვეყნდება ფინედუს ფეისბუგქვერდზე. ელექტრონული სერტიფიკატის გასაცემად ფინედუ დაუკავშირდება შესაბამის მომხმარებლებს ფეისბუქგვერდის საშუალებით. კერძოდ, ფეისბუქგვერდზე გაკეთებული კომენტარის ავტორთან დაკავშირება მოხდება იმავე კომენტარის პასუხად და/ანფეისბუქის პირადი შეტყობინების საშუალებით. სერტიფიკატი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომხმარებლის მხრიდან მოწოდებული იქნება სახელი და გვარი სერტიფიკატზე განთავსების მიზნით.

საკონტაქტო ინფორმაცია