კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუზე მასწავლებლების კონკურსი "ფინანსური განათლება სკოლაში" ცხადდება

საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge -ის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, ასევე, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, სს "საქართველოს ბანკის", სს "თიბისი ბანკის", სს "ბაზისბანკის", სს "ლიბერთი ბანკის", სს "კრედო ბანკის", სს "პსპ დაზღვევის" და სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის"  ჩართულობითა და მხარდაჭერით სკოლის მასწავლებელთათვის ცხადდება კონკურსი სახელწოდებით "ფინანსური განათლება სკოლაში". 

კონკურსის მიზნებია: მასწავლებლების მოტივირება ფინანსური განათლების საკითხებით მეტად დაინტერესებისა და ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისათვის გაზიარებისათვის, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების ეფექტურად სწავლების მიზნით მასწავლებელთათვის დამხმარე მასალების შეკრება, ასევე, მოსწავლე ახალგაზრდობის სეგმენტში ფინანსური განათლების საკითხების სწავლების პროცესის ეფექტურობის ზრდა.

კონკურსის ფარგლებში მასწავლებლებს ევალებათ, შექმნან საინტერესო სასწავლო მეთოდოლოგია/აქტივობები საკლასო სივრცეში ფინანსური წიგნიერების საკითხების ეფექტურად შესასწავლად.

საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენა დაინტერესებულ მასწავლებლებს 15 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ, ფინალი და გამარჯვებულების გამოვლენა კი 24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს მოხდება.

კონკურსის ფარგლებში არაერთი საინტერესო პრიზია დაწესებული, მათ შორის, I ადგილზე გასული 3 კონკურსანტი 2,000 ლარიან ფულად პრიზს მიიღებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გასაზიარებლად ეროვნული ბანკი და ფინედუ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დაგეგმავს რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრასაც და უპასუხებს დაინტერესებული მასწავლებლების შეკითხვებს.

კონკურსის დეტალური პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ.