კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუმ ხონის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა

ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. 18 ოქტომბერს ფინანსური განათლების განყოფილების თანამშრომლებმა ხონის რაიონის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლას საჩუქრად წიგნები ჩაუტანეს და ფინანსური განათლების თემაზე გაკვეთილი ჩაუტარეს. სკოლის ბიბლიოთეკას  ფინედუს  ლიტერატურული კონკურსის „ფინანსური განათლება მხატვრულად“  87 მონაწილის სახელით შეძენილი 87 წიგნი გადაეცა. 

ლიტერატურული კონკურსი „ფინანსური განათლება მხატვრულად“ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, 23 აპრილს მიეძღვნა. კონკურსის პირობების თანახმად,  მონაწილეებს მოთხრობის დაწერით არა მხოლოდ გამარჯვების, არამედ ერთ-ერთი სკოლის ბიბლიოთეკის წიგნებით შევსების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობაც ეძლეოდათ. კონკურსის ორგანიზატორები კი შერჩეული სკოლისთვის წიგნების შეძენას და  გადაცემას  უზრუნველყოფდნენ.  სკოლის შესარჩევად ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ფინედუს facebook-ის გვერდზე კომენტარის სახით უნდა დაეფიქსირებინა სურვილი. ჟიურიმ 100-ზე მეტი კომენტარიდან გამოარჩია ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლის გიორგი  გორდაძის კომენტარი: 

მოდი ახლა არ დავიწყებ, რომ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის ბავშვებს კითხვა უყვარს და მაგიტომ უნდა აჩუქოთ. ეს სკოლა, რომელიც ადრე ძალიან მდიდარი იყო ბიბლიოთეკით. ახლა კი სამწუხაროდ 2020 წელს დაიწვა და დღესდღეობით ახალ სკოლას აშენებენ და მოხარული ვიქნები თუ დაეხმარებით და შეძლებთ ისევ გაუმჯობესდეს ჩაის მეურნეობის სკოლის ბიბლიოთეკა. დაეხმარეთ სოფლის ბავშვებს უფრო მეტ წიგნებთან ჰქონდეთ კავშირი და შეძლონ მისი გამოყენება

მართლაც სკოლის შენობა 2020 წელს ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა, ამიტომ ფინედუს წარმომადგენლებს ხონის მუნიციპალიტეტის დედალაურის საჯარო სკოლამ უმასპინძლა, სადაც დროებით არის შეფარებული ჩაის მეურნეობის სკოლა. გასული წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მშენებლობა  და სიმბოლურია, რომ წელს მოსწავლეებს განახლებული სკოლის ბიბლიოთეკაში ახალი და საინტერესო წიგნები და შესაბამისი საინფორმაციო დახვდებათ. სასაჩუქრე წიგნებს კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა მისი ავტორობით გამოცემული რამდენიმე წიგნიც დაამატა.

სასაჩუქრე წიგნების გადაცემის შემდეგ ფინედუს წარმომადგენლებმა  ფინანსური განათლების თემაზე სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარეს და ფინედუს საგანმანათლებლო მასალებიც გადასცეს. სხვადასხვა საკითხზე მსჯელობის პროცესში  აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლის მასწავლებლებიც. 

ფინედუ მადლობას უხდის კონკურსის მონაწილეებს და პარტნიორ ორგანიზაციებს, საქართველოს ბანკსა და თიბისი ბანკს ფინანსური მხარდაჭერისთვის.