კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების გამოწვევების შესახებ

ინოვაციები ფინანსურ განათლებაში
ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუ"- სთან და "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო" - სთან ერთად, ორდღიან ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა.  

წლევანდელი ბანაკის თემა იყო - "ინოვაციები ფინანსურ განათლებაში", რომელიც ძირითადად ფინანსური განათლების კუთხით არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა. ღონისძიება ონლაინ ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს რეგიონების 15-დან 18 წლამდე ასაკის 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო. 

ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების თემაზე იდეების ინტენსიური გენერირების ორდღიანი ღონისძიებაა, სადაც მოსწავლეებს კონკრეტული ბიზნეს გამოწვევების გარშემო უხდებათ მუშაობა. ასევე, არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას ახალგაზრდები ეფექტური და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით ცდილობენ. 

პროექტის დასაწყისში, მონაწილეებს ფინედუ-ს გუნდისგან საგანმანათლებლო ლექცია ჩაუტარდათ, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა ფინანსური განათლების არსისა და მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს. შემდგომ, მათ მიეცათ სიტუაციური დავალება, რომლის გადაჭრის გზებზეც დღის განმავლობაში გუნდურად მოუხდათ მუშაობა.

გუნდების და ექსპერტების წარდგენა. საგანმანათლებლო ლექცია ფინანსურ განათლებაზე და სიტუაციური დავალების გამოცხადება. 

შეზღუდული დროის მიუხედავად, მოსწავლეებმა განავითარეს  საინტერესო იდეები.  მუშაობის პროცესში მათ ყველა საჭირო ინფორმაციასა და რესურსთან ჰქონდათ წვდომა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის რჩევები და კონსულტაციები, რომელიც მონაწილეებმა საბანკო-საფინანსო სექტორის მოწვეული ექსპერტებისგან მიიღეს. 

ღონისძიების დასასრულს, მონაწილე გუნდებმა პრეზენტაციები წარადგინს, რის საფუძველზეც კომპეტენტურმა ჟიურიმ  გამარჯვებული გუნდის გამოვლენა შეძლო. პროექტის გამარჯვებულებსა და ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები და (123 ქვეყანაში აღიარებული)  სერტიფიკატები გადაეცემათ. 

პრეზენტაციების წარდგენა ჟიურის წინაშე და გამარჯვებული გუნდის გამოვლენა

 

ინოვაციების ბანაკი 2021-ის გამარჯვებული ვლადიმერ კომაროვის სახელობის N199 საჯარო სკოლის გუნდი "IKNOWATOR" გახდა.

ღონისძიებაში ჩართული იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის შემდეგი კერძო და საჯარო სკოლები და საგანმანათლებლო ცენტრები: 

1. ზემო სვანეთის განვითარების ცენტრი 

2. ახმეტის ინოვაციების ცენტრი 

3. ქალაქ ზესტაფონის, სოფელი კვალითის საჯარო სკოლა 

4. ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა (წარმოდგენილი იყო ორი გუნდით)

5. ქალაქ ბორჯომის N3 საჯარო სკოლა

6. ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლა 

7. ილია ჭავჭავაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლა 

8. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლა 

9. ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხის საჯარი სკოლა 

10. ქალაქ ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი"

"ახალგაზრდების ფინანსური განათლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის და ამ მიმართულებით მუდმივად ტარდება სხვადასხვა ღონისძიება. მოხარული ვართ, რომ წელს, უკვე მეოთხედ, მოგვეცა შესაძლებლობა განხორციელებულიყო ერთობლივი ბანაკი, რომლის დახმარებითაც ახალგაზრდებში ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ესოდენ მზარდი ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაღვივდა. ვფიქრობ, ბანაკის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებს სამომავლოდ პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ამასთან, მათ მიერ გენერირებული იდეები სასარგებლო იქნება ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისა და სებ-ის მიერ ფინანსური განათლების კუთხით სამომავლო პროექტების შემუშავების პროცესში", - განაცხადა პარტნიორებთან ერთად დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.
  

პროექტი განხორციელდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში, ხუთი კომერციული ბანკის - თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზის ბანკი, კრედო ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისი-ს თანადაფინანსებითა და ჩართულობით.