კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

პოსტერების კონკურსი - „თუ მომავალი დაზღვეულია“

პოსტერების კონკურსი
1. კონკურსის იდეა, მიზანი და ზოგადი შინაარსი

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge  (შემდგომში - „ფინედუ") უერთდება 2 მაისს დაზღვევის დღის აღნიშვნის იდეას და საზოგადოებაში დაზღვევის არსისა და მისი პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახურთან ერთად და პარტნიორი ორგანიზაციების, სს ბაზისბანკის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 203841833), სს პსპ დაზღვევას (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204545572),  სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204491344), სს სადაზღვევო კომპანია იმედი ელის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204919008), სს სადაზღვევო კომპანია ალდაგის (საიდენტიფიკაციო კოდი: 404476189) და სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას (საიდენტიფიკაციო კოდი: 404526777),  მხარდაჭერით აცხადებს პოსტერების კონკურსს სახელწოდებით „თუ მომავალი დაზღვეულია" (შემდგომში - „კონკურსი").

კონკურსის ზოგადი მიზნები და ამოცანებია:

1. საზოგადოებაში დაზღვევის არსისა და პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

2. დაზღვევასთან დაკავშირებული გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების წახალისება.

2. კონკურსის ზოგადი პირობები

2.1. კონკურსის სახელწოდება: „თუ მომავალი დაზღვეულია".

2.2. კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 11 აპრილი, 2025 წელი.

2.3. კონკურსის ფარგლებში ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, დაზღვევასთან დაკავშირებით უნდა შექმნას ვიზუალური მასალა - პოსტერი (ბანერი), მოიფიქროს შესაბამისი სლოგანი და მოკლედ ტექსტი მასში გადმოცემული იდეის აღწერით.

2.4. კონკურსის ფარგლებში ნამუშევრების მიღება დასრულდება 2025 წლის 27 აპრილს, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2025 წლის 2 მაისს.

3. კონკურსში მონაწილეობის პირობები:

3.1 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, გარდა წინამდებარე განაცხადის პირველ მუხლში მითითებული ორგანიზაციების წარმომადგენლებისა.

3.2 კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულ პირს (შემდგომში - „კონკურსანტი") მოეთხოვება შექმნას პოსტერი (შემდგომში - „ნაშრომი") ქვემოთ მოცემული 3 (სამი) ატრიბუტისა და მოთხოვნების გათვალისწინებით: 

  • ნაშრომის ვიზუალური მასალა, რომელიც შეესაბამება კონკურსის სახელწოდებასა და იდეას, ვიზუალი შესაძლოა შესრულებული იქნეს ნებისმიერ  პროგრამაში (მაგ.: „Ai", „Ae", „Id", „Ps", „Blender", „Ms PowerPoint" და სხვა);
  • ნაშრომის თემატური, ინსპირაციული სლოგანი არაუმეტეს 5 (ხუთი) სიტყვისა; 
  • ნაშრომის იდეის აღწერა - ტექსტი, არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სიტყვისა, რომელიც აღწერს ნაშრომის ვიზუალისა და სლოგანის შესაბამისობას კონკურსის შინაარსსა და მიზანთან.

3.3 ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს:

  • ნაშრომი შემუშავებული უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში;
  • ნაშრომი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და მოწოდებული უნდა იყოს „PND", „PSD", „JPEG" ან სხვა მაღალი გარჩევადობის („HD") მქონე ფორმატით;
  • ნაშრომი დაზღვევისა და სადაზღვევო პროდუქტების შესახებ მოსახლეობას უნდა აწვდიდეს უტყუარ ინფორმაციას და უთითებდეს მათი სარგებლიანობის შესახებ;
  • ნაშრომი უნდა იყოს გასაგები ფართო აუდიტორიისთვის და არ უნდა იყოს გათვლილი მხოლოდ ვიწრო ან გარკვეულ პროფესიულ სეგმენტზე;
  • ნაშრომი შეიძლება შეიცავდეს იდეას/შინაარსს როგორც ზოგადად დაზღვევის, ისე, რომელიმე კონკრეტული სადაზღვევო პროდუქტის შესახებ;
  • ნაშრომი არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

3.4 ერთი კონკურსანტის მხრიდან წარმოსადგენი ნაშრომების რაოდენობა არ იზღუდება, თუმცა, კონკურსანტი გამარჯვებულად  მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნაშრომის ჭრილში გამოვლინდება.

4. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ფორმა და ვადა

4.1. ნაშრომი კონკურსანტმა თავად, ხოლო 16 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში მისმა მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა რომელიმე ერთი (ორივე არაა აუცილებელი) ქვემოთ მოცემული გზით უნდა წარმოადგინოს: 

  • ნაშრომი სლოგანით სურათად, ხოლო, იდეის აღწერა კომენტარის ტექსტის სახით ატვირთოს „ფინედუ-ს" ოფიციალური „Facebook-ის" გვერდზე გამოქვეყნებულ კონკურსის სპეციალური პოსტის კომენტარად და მიუთითოს ავტორის სახელი და/ან ფსევდონიმი;

ან

  • გამოაგზავნოს „ფინედუ-ს" ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის ისეთი მისამართებიდან, რომლის მისამართიც არ ბოლოვდება „დომენით" „.ru". სხვა შემთხვევაში, კონკურსანტის ნაშრომის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის და „ფინედუ-სთვის" მიწოდება შეუძლებელი იქნება, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს პირის კონკურსში მონაწილეობას. ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ ნაშრომს „ფინედუ-ს" შესაბამისი წარმომადგენელი კონკურსანტის სახელის და/ან ფსევდონიმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით თავად ატვირთავს „ფინედუ-ს" „Facebook-ის" ოფიციალურ გვერდზე.

4.2. ნაშრომის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში, გზავნილის/წერილის სათაურად (ე.წ. „Subject") უნდა მიუთითოს „კონკურსი - თუ მომავალი დაზღვეულია", ხოლო, წერილის ტექსტში უნდა მიეთითოს კონკურსანტის სახელი ან/და ფსევდონიმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და იდეის აღწერა. იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომის მოცულობა აჭარბებს ელექტრონული ფოსტით გასაგზავნი ფაილის დასაშვებ ნორმას, მისი ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნა შესაძლებელია „Wetransfer.com-ის" და/ან „Google Drive-ის" ან სხვა რელევანტური საშუალებით. 

4.3. კონკურსანტს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინების/ნაშრომის პასუხად გაეგზავნება ნაშრომის მიღების დასტური არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაშრომი კონკურსის ფარგლებში მიღებულად არ ჩაითვლება. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საპასუხო შეტყობინებით დადასტურდება მხოლოდ ნაშრომის მიღების ფაქტი და არა მისი შესაბამისობა ამ საკონკურსო პირობებთან.

4.4. ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 27 აპრილი, 23:59 საათი.

5. გამარჯვებულების გამოვლენის ვადები და პირობები

5.1 კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2025 წლის 02 მაისს.

5.2 გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2 (ორი) კატეგორიაში: 

  • „მომხმარებლის რჩეული" - გამარჯვებული გახდება 1 (ერთი) კონკურსანტი,
  • „სადაზღვევო კომპანიის რჩეული" - გამარჯვებული გახდება 5 კონკურსანტი;

5.3 კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული" გამარჯვებული გამოვლინდება  „ფინედუ-ს" „Facebook-ის" ოფიციალური გვერდის საკონკურსო პოსტის შესაბამისი ნამუშევრის კომენტარზე დაფიქსირებული რეაქციების მიხედვით, რომლებიც დაითვლება 2025 01 მაისის 15:00 საათის მდგომარეობით. კონკურსის „Facebook-ის" კომენტარზე დაფიქსირებული რეაქციების რაოდენობის მიხედვით, გამარჯვებულად დასახელდება ყველაზე მეტი რეაქციის მქონე კომენტარში მითითებული ნაშრომის ავტორი. საამისოდ გაითვალისწინება ნებისმიერი ტიპის რეაქცია, რომლის დაფიქსირებაც შესაძლებელია „Facebook-ის" პოსტზე. კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, არ ჩათვალოს ის რეაქციები, რომელთა რეალობასაც ჩათვლის საეჭვოდ;

5.4 კატეგორიაში „სადაზღვევო კომპანიის რჩეული"  გამარჯვებულებს გამოავლენენ პრიზების დამწესებელი სადაზღვევო კომპანიები შემოსული ნაშრომების შეფასების საფუძველზე;

5.5 შესაძლებელია, ერთმა კონკურსანტმა გაიმარჯვოს ორივე კატეგორიაში ან/და დასახელდეს რამდენიმე სადაზღვევო ორგანიზაციის რჩეულად;

5.6 არასაკმარისი რაოდენობით შემოსული ნაშრომების შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, განსხვავებული წესით გამოავლინონ გამარჯვებულები.

6. საკონკურსო ნაშრომების შეფასების კრიტერიუმები

6.1 ნაშრომს პრიზის დამწესებელი სადაზღვევო კომპანიები  შეაფასებენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

  • კრეატიულობა, ორიგინალურობა;
  • შინაარსის აღქმის სიმარტივე;
  • კონკურსის მთავარ იდეასთან შესაბამისობა;
  • თემისადმი საზოგადოების ინტერესის აღძვრის პოტენციალი.

7. კონკურსის პრიზები

7.1 კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული" გამარჯვებისათვის გამარჯვებულს გადაეცემა 500 (ხუთასი) ლარი, რომელსაც გადასცემს სს ბაზისბანკი;

7.2 კატეგორიაში „სადაზღვევო კომპანიის რჩეული" გამარჯვებულებს გამოავლენს და შესაბამის პრიზს გადასცემენ შემდეგი სადაზღვევო კომპანიები:

  • 500 (ხუთასი) ლარიანი ფულადი პრიზი - საკუთარ რჩეულს გამოავლენს და პრიზს გადასცემს  სს სადაზღვევო კომპანია იმედი ელ;
  • 500 (ხუთასი) ლარიანი ფულადი პრიზი - საკუთარ რჩეულს გამოავლენს და პრიზს გადასცემს სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია;
  • 500 (ხუთასი) ლარიანი ფულადი პრიზი - საკუთარ რჩეულს გამოავლენს და პრიზს გადასცემს სს პსპ დაზღვევა
  • სამოგზაუროდ საჭირო ნივთებისგან დაკომპლექტებული ნაკრები - საკუთარ რჩეულს გამოავლენს და პრიზს გადასცემს სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია;
  • პლანშეტი -საკუთარ რჩეულს გამოავლენს და პრიზს გადასცემს სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი.

7.2 გამარჯვების შემთხვევაში, „ფინედუ" გამარჯვებული ნაშრომის წარმდგენ პირს მოსთხოვს გამარჯვებულის სახელს, გვარს, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტისა და ფაქტობრივ მისამართს (საჩუქრების გასაგზავნის საჭიროების შემთხვევაში).

7.3 წინამდებარე განაცხადის 7.1 პუნქტში მითითებულ პრიზებს ორგანიზაციები გასცემენ ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურების შესაბამისად, რისთვისაც ისინი გამარჯვებულს, არასრულწლოვანის შემთხვევაში კი მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მოსთხოვენ იდენტიფიკაციის, უფლებამოსილების დამადასტურებელ და თანხის გადასაცემად საჭირო დამატებით ინფორმაციას.

7.4 გამარჯვებულებზე ინფორმაცია „ფინედუ-ს" და კონკურსის მხარდამჭერი ორგანიზაციების საკომუნიკაციო არხებში გამოქვეყნდება სახელსა და გვართან ერთად.

8. საავტორო უფლებები და პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები

8.1 კონკურსში მონაწილეობით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ნაშრომის ავტორი ნაშრომზე საკუთრების უფლებას გადასცემს „ფინედუ-ს". მიღებული ნაშრომები შესაძლოა გამოქვეყნდეს „ფინედუ-სა" და/ან მისი პარტნიორი ორგანიზაციების ვებ-გვერდსა და შესაბამის სოციალურ არხებში ავტორის ვინაობის მითითებით. ამასთან, ნაშრომების ვებ-გვერდიდან/სოციალური არხებიდან წაშლა მხოლოდ „ფინედუ-ს" გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს;

8.2 კონკურსში მონაწილეობით კონკურსანტი, ასევე, არასრულწლოვანი კონკურსანტის შემთხვევაში მისი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (შემდგომში - „დაინტერესებული პირი") აცხადებს თანხმობას, რომ მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, კონკურსის ჩატარების, გამარჯვებულების გამოვლენის, ფინანსური განათლების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, მათი ჩართულობის, კონკურსის გამჭვირვალობის, საზოგადოებაში სანდოობის გაზრდის, ხოლო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, პირის იდენტიფიცირების, შემდგომი კომუნიკაციის, საჩუქრების გადაცემისა და გამარჯვებული კანდიდატების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმირების მიზნით, რომლის საფუძველია დაინტერესებული პირის თანხმობა, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მისი ლეგიტიმური ინტერესი, რაც მოიაზრებს კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარებასა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას, შედეგად კი სანდოობის გაზრდას.

8.3 დაინტერესებული პირის მიერ კონკურსით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების წარდგენის გარეშე, დაინტერესებული პირი/მისი შვილი/პირი, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის ვერ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ზემოთ მითითებული, დამატებითი ინფორმაციის (გამარჯვებულის გვარი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა ან პრიზების სახლში მიწოდების შემთხვევაში მიწოდების მისამართის) წარდგენის გარეშე კი - შესაბამისი საჩუქრის მიღებას. 

8.4 ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი და გამარჯვებული კანდიდატების „Facebook" გვერდზე გასაჯაროებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება „Facebook-ის" ოფიციალური გვერდის არსებობის ვადით, ხოლო, გამარჯვებული კანდიდატების საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა და პრიზის მისამართზე გაგზავნის საჭიროების შემთხვევაში მისამართი - წინამდებარე განაცხადის 7.1 პუნქტში განსაზღვრული პრიზების გადაცემის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, წაიშლება/განადგურდება. 

8.5 გამარჯვებული კანდიდატების პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პრიზის გაგზავნის საჭიროების შემთხვევაში ფაქტობრივი მისამართი), პრიზების გადაცემის მიზნით გაეგზავნება  7.1 პუნქტში მითითებულ ორგანიზაციებს  

8.6 წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება სამართლიანად, კანონიერად გამჭვირვალედ და ღირსების შეულახავად. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის  შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ყოველგვარი საფასურის გარეშე, მოითხოვოს  პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის ან ამ მონაცემების ასლების მიღება, ასევე, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა, რა დროსაც შეწყდება მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის მონაცემების დამუშავება და ეს მონაცემები წაიშლება/განადგურდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ აღარ იქნება მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი). დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს თანხმობა გამოიხმოს ელექტრონულ ფოსტაზე - info@finedu.gov.ge განცხადების გამოგზავნის გზით. ამ დროს, დაინტერესებული პირი/მისი შვილი/პირი, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის ვეღარ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას. 

8.7 ზემოაღნიშნული უფლებ(ებ)ი შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. 

8.8 პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ლია მორალიშვილს (ტელ.: (+995)0322406406 (126); ელ. ფოსტა: dpo@nbg.gov.ge), ხოლო მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის უფლებების დარღვევის შემთხვევაში - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს" ან საქართველოს საერთო სასამართლოებს. 

9. სასარგებლო ინფორმაცია:

დაზღვევის არსისა და პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.finedu.gov.ge/ge/dazghveva-1.

10. საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
  • ცხელი ხაზი: (+995)0322406406; 
  • ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
  • ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/ 
  • „Facebook-ის" გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/.