კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მსოფლიო დაზოგვის დღე საქართველოში უკვე მეორედ აღინიშნება

მსოფლიო დაზოგვის დღეს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები წელს უკვე მეორედ აღნიშნავენ.

დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული 31 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართული პრესკონფერენციით დაიწყო და 8 ნოემბერს - ბანკირის დღეს დასრულდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქართული კომერციული ბანკები, შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ბანკების ასოციაცია და საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრი.

„დღეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები დაზოგვის დღეს აღნიშნავენ და მისასალმებელია, რომ ჩვენც, მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მხარჯავი ერი ვუერთდებით უკვე მეორე წელია ამ დღეს.

დაზოგვის კვირეული კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ახალი აქტიური კამპანია წარვმართოთ მოქალაქეების ფინანსური განათლებისა და ინფორმირებულობის ასამაღლებლად. ვინადან კარგად ინფორმირებული მომხმარებელი ყოველთვის გონივრულ გადაწყვეტილებას იღებს. კარგი და მისასალმებელია, როდესაც ბანკები ინოვაციებს ნერგავენ და ახალ პროდუქტებს სთავაზობენ მომხმარებლებს, მაგრამ აუცილებელია მაქსიმალურად დეტალურად ვიცოდეთ და შევაფასოთ თითოეული პროდუქტის რისკიც და სარგებელიც.

მხოლოდ ინფორმირებული მომხმარებელი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, მხოლოდ ინფორმირებული მომხმარებელი არის სასარგებლო, როგორც კომერციული ბანკისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის. და ამ მიმართულებით მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ თანამშრომლობის დონით, რომელიც ჩვენ გვაქვს კომერციულ ბანკებთან. ერთის მხრივ კომერციული ბანკის უპირველესი ვალდებულება არის კეთილსინდისიერად მოემსახუროს მომხმარებელს, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენ, როგორც მომხმარებლები პასუხისმგებლობა ავიღოთ იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ვიღებთ, კარგად წავიკითხოთ ხელშეკრულება სანამ მას ხელს მოვაწერთ, და სწორად დავგეგმოთ ჩვენი ფინანსური, თუნდაც მცირე რესურსი.

იმედი მაქვს, რომ დაზოგვის კვირეულის ფარგლებში განხორციელებული კამპანია კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ფინანსური ინფორმირებულობის ამაღლების კუთხით, მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩართული იყო ყველა ამ პროცესში, განსაკუთრებით ჩვენს გერმანელ პარტნიორებს და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო ამაყად დაიჭერს იმ ადგილს, სხვადასხვა ქვეყნებს შორის, სადაც ფინანსური განათლების დონე იქნება დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი გადაგიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს და მას 1924 წლიდან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. დაახლოებით 90 წელია გერმანული შემნახველი ბანკები (ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში) აღნიშნავენ და ორგანიზებას უკეთებენ მსოფლიო დაზოგვის დღეს. მსოფლიო დაზოგვის დღე, ან მსოფლიო მომჭირნეობის დღე, როგორც მას ადრე უწოდებდნენ, დაარსდა მსოფლიო შემნახველი ბანკების ინსტიტუტის (WSBI) მიერ და ხალხს აწვდიდა სახლში დაგროვებული ფულის ბანკში შენახვის იდეას. 1924 წლიდან მოყოლებული დაზოგვის დღე ბევრ ქვეყანაში იქცა ყოველწლიურ ტრადიციად და დანაზოგების წახალისების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

მსოფლიოს დაზოგვის დღეს, როგორც წესი, ფინანსური ინსტიტუტების აქტივობები ძირითადად მიმართულია ბავშვებზე, მოზარდებსა და მშობლებზე; ისინი სთავაზობენ მათ სხვადასხვა პროდუქტს, უხსნიან თუ როგორ მოექცნენ ფულს და ატარებენ საინტერესო  ღონისძიებებს. მიზანია არა მხოლოდ დანაზოგების, არამედ პოტენციური კლიენტების მოზიდვაც.

სხვადასხვა ღონისძიებები დაიწყება 2013 წლის 31 ოქტომბერს და გაგრძელდება 8 ნოემბრის ჩათვლით. დაზოგვის კვირეულთან დაკავშირებით გაიხსნება ვებგვერდი www.grovia.com.ge, რომელზეც განთავსდება ინფორმაცია როგორც დაზოგვის დღეზე, ასევე საბანკო პროდუქტებზე, მომსახურებებსა და, ზოგადად, მომხმარებელთა უფლებებზე.

შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ახორციელებს პროექტს ,,დანაზოგების დაგროვება და ფინანსური შესაძლებლობები“ საქართველოსა და აზერბაიჯანში. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო.