კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მსოფლიო დაზოგვის დღე საქართველოში წელს პირველად აღინიშნება

მსოფლიო დაზოგვის დღეს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები წელს პირველად აღნიშნავენ.

დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული 31 ოქტობერს, საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართული პრესკონფერენციით დაიწყო და 8 ნოემბერს - ბანკირის დღეს დასრულდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქართული კომერციული ბანკები, შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ბანკების ასოციაცია და საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრი.

მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს პირველმა მდივანმა, ქალბატონმა სილკე კლოვერმა,  ეროვნულ ბანკში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

„საქართველოს საბანკო სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და განვითარებული სფეროა. ყოველწლიურად იზრდება დეპოზიტების საერთო მოცულობა და წელს ამ მაჩვენებელმა 8 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს მონაცემი ბანკებისადმი მოქალაქეების მაღალ ნდობაზე მიუთითებს. თუმცა ამ თვალსაზრისით პოტენციალი გაცილებით დიდია, ამიტომ საქართველოს ეროვნული ბანკი მოხარულია ამ პროექტში მონაწილეობით, ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ და წავახალისებთ საზოგადოების ფინანსური განათლების ღონისძიებებს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.

მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს და მას 1924 წლიდან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. დაახლოებით 90 წელია გერმანული შემნახველი ბანკები (ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში) აღნიშნავენ და ორგანიზებას უკეთებენ მსოფლიო დაზოგვის დღეს. მსოფლიო დაზოგვის დღე, ან მსოფლიო მომჭირნეობის დღე, როგორც მას ადრე უწოდებდნენ, დაარსდა მსოფლიო შემნახველი ბანკების ინსტიტუტის (WSBI) მიერ და ხალხს აწვდიდა სახლში დაგროვებული ფულის ბანკში შენახვის იდეას. 1924 წლიდან მოყოლებული დაზოგვის დღე ბევრ ქვეყანაში იქცა ყოველწლიურ ტრადიციად და დანაზოგების წახალისების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

მსოფლიო დაზოგვის დღის ჩატარება სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციების, ეროვნული ბანკის, აკადემიებისა და ასოციაციების მონაწილეობით ფინანსური სექტორისადმი მოსახლეობის ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

ღონისძიებები სექტორის მასშტაბით 2012 წლის 31 ოქტომბერს დაიწყება და 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილე ბანკებს წარმოდგენილი ექნებათ საერთო მასალები (ბროშურები, ვიდე-კლიპები და დაზოგვის დღის საერთო სიმბოლო), რომლებსაც ისინი არჩევანისამებრ გამოიყენებენ ბავშვებსა და მშობლებზე ორიენტირებულ სხვადასხვა აქტივობებში.

შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ახორციელებს პროექტს ,,დანაზოგების დაგროვება და ფინანსური შესაძლებლობები“ საქართველოსა და აზერბაიჯანში, სადაც მსოფლიო დაზოგვის დღე ასევე პირველად აღინიშნება. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო.