კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მოიწვიე ფინედუ კლასში - დაზოგვის მსოფლიო დღე 2026

wsd2026
31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღეა, რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანაში წელს უკვე 102-ედ აღინიშნება.

საქართველო ამ თარიღის აღნიშვნას 2012 წლიდან უერთდება და მას სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობით აღნიშნავს. წლევანდელი კამპანიის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად იგეგმება ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული პროექტი - "მოიწვიე ფინედუ კლასში". პროექტის ფარგლებში ფინედუს დესპანები სკოლებს ესტუმრებიან და მოსწავლეებისათვის სახალისო და შემეცნებით გაკვეთილებს ჩაატარებენ.

ქვემოთ მოცემულია ძირითადი პირობები და დეტალები ღონისძიებაში ჩართვით დაინტერესებული პირებისათვის.

რა დანიშნულება და ისტორია აქვს დაზოგვის მსოფლიო დღეს?

დაზოგვის მსოფლიო დღის ისტორია 1924 წელს, იტალიის ქალაქ მილანში დაიწყო. თარიღის აღნიშვნის მთავარი მიზანია მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფინანსური ცოდნის გაღრმავება და დაზოგვის წახალისება.

საქართველოში ამ ინიციატივის ძირითადი სამიზნე ჯგუფი ბავშვები და ახალგაზრდები არიან. დაზოგვის დღეს თავისი სიმბოლოც ჰყავს - ჭიანჭველა "გროვია". 

ვისთვისაა განკუთვნილი გაკვეთილები და რა ფორმატით ჩატარდება მოსწავლეებთან შეხვედრა?

გაკვეთილები ჩაუტარდებათ V-XII კლასის მოსწავლეებს. გაკვეთილების შინაარსი და სასაუბრო თემები, ასევე, შეხვედრების ხანგრძლივობა დაყოფილი იქნება, ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად.  ამასთან, ყველა კლასის გაკვეთილებში გათვალისწინებული იქნება თამაშის ელემენტები.

რა ხანგრძლივობის იქნება ფინედუს დესპანების სტუმრობა?

V-VI კლასებისთვის გათვალისწინებულია 1 საგაკვეთილო საათის, ხოლო VII-XII კლასებისთვის - 2 საგაკვეთილო საათის ხანგრძლივობის შეხვედრები.

შესაძლებელია თუ არა კლასების გაერთიანება?

შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, კლასების გაერთიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯამურად მოსწავლეების რაოდენობა არ იქნება 29 მოსწავლეზე მეტი.

როდის განხორციელდება სკოლებში ვიზიტები?

ფინედუს დესპანების ვიზიტები განხორციელდება მასწავლებლისა და დესპანის ურთიერთშეთანხმებულ დროს, 2- 20 ნოემბრის შუალედში.

ვინ იქნებიან ფინედუს დესპანები? ვინ ესტუმრებიან სკოლებს?

ფინედუს დესპანის მისიას იკისრებენ და კლასებს ესტუმრებიან საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების, კერძოდ: საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, კრედო ბანკისა და მიკრობანკ ემბისის თანამშრომლები. თითოეულ მასწავლებელს ელექტრონულ ფოსტაზე წინასწარ ეცნობება, თუ რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელი ესტუმრება მის კლასს.

რა არის საჭირო ღონისძიებაში ჩასართავად?

ფინედუს დესპანის კლასში მოსაწვევად საჭიროა, დაინტერესებული სკოლის დირექტორმა, დირექციის წარმომადგენელმა ან ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა შეავსოს შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა და დაელოდოს ფინედუს მხრიდან დაკავშირებას საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუ განაცხადს ავსებს მასწავლებელი, მან სკოლაში ვიზიტის საკითხი დამოუკიდებლად უნდა შეათანხმოს სკოლის დირექციასთან.

არსებული რესურსების გათვალისწინებით დაგეგმილი გაკვეთილების რაოდენობა შეზღუდულია. სკოლების/კლასების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება სკოლებს, რომლებიც პირველად იწვევენ ფინედუს კლასში. გარდა ამისა, სკოლების/კლასების შერჩევა მოხდება რეგისტრაციის რიგითობის და საგანმანათლებლო დაწესებულების ადგილმდებარეობაზე წვდომის შესაძლებლობის გათვალისწინებით.

რა მინიმალური მოთხოვნის დაკმაყოფილებაა საჭირო სკოლისგან ფინედუს დესპანის დასახვედრად?

საკლასო გაკვეთილები ითვალისწინებს პრეზენტაციის წარდგენას ელექტრონულ ფორმატში, ამიტომ მისი საინტერესოდ წარმართვისთვის სასურველია, საგაკვეთილო სივრცეში იყოს პრეზენტაციის გაშვების შესაძლებლობა. 

საკლასო ოთახში შესაძლებელი უნდა იყოს მაგიდების გადალაგება ისე, რომ რამდენიმე მოსწავლემ შეძლოს მაგიდის ირგვლივ დაჯდომა.

გაკვეთილის მსვლელობისას საჭირო იქნება ფურცლები და კალმები/ფანქრები.

როდის დაიწყება და დასრულდება რეგისტრაციის პროცესი?

რეგისტრაცია დაიწყება 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ხოლო დასრულდება 16 ოქტომბერს, 17:00 საათზე.

სად არის განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა?

ღონისძიებაში ჩართვისა და კლასში ფინედუს დესპანის მოსაწვევად რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე სარეგისტრაციო ბმული

როდის და როგორ მოხდება საორგანიზაციო საკითხების შეთანხმება დარეგისტრირებულ კლასში ვიზიტთან დაკავშირებით?

ფინედუს წარმომადგენელი დარეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე მასწავლებლებს სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე დაუკავშირდებიან არაუგვიანეს 29 ოქტომბრისა. 

როგორ შეიძლება დაგვიკავშირდეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში?

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ქვემოთ მითითებული საკონტაქტო არხებით: