წლევანდელი კამპანიის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge) მიერ იგეგმება პროექტი სახელწოდებით: "გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი". პროექტის ფარგლებში ნებისმიერ დაინტერესებულ მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა, ფინედუს მიერ მოწოდებული მასალებისა და ტრენინგის საფუძველზე, ჩაატაროს სკოლაში ფინანსური წიგნიერების თემაზე ინტერაქტიული გაკვეთილ(ებ)ი.
ქვემოთ მოცემულია ძირითადი პირობები და დეტალები პროექტში ჩართვით დაინტერესებული მასწავლებლებისთვის.
რა მიზანი და ისტორია აქვს დაზოგვის მსოფლიო დღეს?
მსოფლიო დაზოგვის დღის დაარსების იდეა 1924 წელს, ქალაქ მილანში ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე გაჩნდა. დაზოგვის დღე სახლში დაგროვებული ფულის ბანკში შენახვის იდეას გვთავაზობდა. ამ წლიდან მოყოლებული, დაზოგვის დღე ბევრ ქვეყანაში აღინიშნებოდა, 1989 წელს კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
დაზოგვის მსოფლიო დღის აღნიშვნას საქართველო წელს უკვე მე-15-ედ უერთდება. საქართველოში, ამ დღის დღის სიმბოლო ჭიანჭველა „გროვიაა“.
ვის შეუძლია ჩაერთოს პროექტში „გახდი ფინედუს მასწავლებელი“?
პროექტში ჩართვა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს.
რა ევალება პროექტში ჩართულ დესპან მასწავლებელს?
პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ მასწავლებელს მოეთხოვება 2026 წლის 6-20 ნოემბრის პერიოდში:
1. ჩაატაროს ფინანსური განათლების თემაზე მინიმუმ 1 შეხვედრა V-VI ან VII-XII კლასის მოსწავლეებთან, ფინედუს მიერ შექმნილი საგაკვეთილო მასალითა და ინსტრუქციით.
2. ინფორმაცია ჩატარებული შეხვედრის შესახებ გამოაქვეყნოს საჯარო (Public) პოსტის სახით პირად ან სკოლის ფეისბუქგვერდზე, (მოსწავლეების პერსონალური მონაცემების გარეშე), ქვემოთ მოცემული ნიმუშის შესაბამისად (ძირითადი ტექსტი, ე.წ. „ჰეშთეგები“, ბანერი) და მონიშნოს ფინედუს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი (www.facebook.com/finedu.gov.ge).
3. შეავსოს სპეციალური ანგარიშგების ფორმა და იქვე მიუთითოს თავისი ფეისბუქპოსტის ბმულიც.
პროექტის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე მასწავლებელს გაეგზავნება უკუკავშირის ფორმა, პროექტისა და მათი გამოცდილების შესაფასებლად.
როგორ შეიძლება დაინტერესებულმა მასწავლებელმა მიიღოს მეტი ინფორმაცია გაკვეთილის ჩასატარებლად?
გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო ინსტრუქციის მისაღებად, დაინტერესებულ მასწავლებელს შეუძლია დამატებით დაესწროს (თუმცა არ არის სავალდებულო) ფინედუს საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც გაიმართება 2026 წლის 6 ნოემბერს, 16:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.
სად და როგორ შეუძლია დესპან მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარება?
ფინანსური განათლების თემაზე გაკვეთილის ჩატარება მასწავლებელს შეუძლია როგორც თავის სკოლაში, ასევე სურვილისამებრ, სხვა სკოლაშიც, სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
როგორია ფინანსური განათლების გაკვეთილის ფორმატი?
ფინანსური განათლების გაკვეთილები დაყოფილია 2 ასაკობრივი კატეგორიისთვის: V-VI და VII-XII კლასები.
- V-VI კლასისთვის განკუთვნილი შეხვედრის ხანგრძლივობაა 1 გაკვეთილი და მოიცავს მცირე ინტერაქტიულ პრეზენტაციასა და თამაშს „ფულის ისტორია“.
- VII-XII კლასისთვის განკუთვნილი შეხვედრის ხანგრძლივობაა 2 გაკვეთილი და მოიცავს ინტერაქტიულ პრეზენტაციასა და თამაშებს „გამოიცანი სიტყვა“ და „ფინანსური ფეხბურთი“.
მასწავლებელს შეუძლია ერთი ასაკობრივი კატეგორიის ქვეშ გააერთიანოს რამდენიმე სხვადასხვა კლასი (თუმცა, რეკომენდებულია, გაერთიანების შემთხვევაში, მოსწავლეებს შორის არ იყოს დიდი ასაკობრივი სხვაობა და მათი რაოდენობა არ აღემატებოდეს 30-ს).
რა გადაეცემა ფინედუს დესპან მასწავლებელს?
ყველა მონაწილე მასწავლებელს, რომელიც ჩაატარებს გაკვეთილს, გამოაქვეყნებს ინფორმაციას თავის ფეისბუქგვერდზე და შეავსებს ანგარიშგების ფორმას, გაეგზავნება ფინედუს დესპანი მასწავლებლის სერტიფიკატი, ანგარიშგების ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
ვის შეიძლება მიმართოთ პროექტთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში?
პროექტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ქვემოთ მითითებული საკონტაქტო არხებით:
- ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
- ფეისბუქის გვერდის - https://www.facebook.com/finedu.gov.ge - მესენჯერი.