კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლების შესახებ იდეების კონკურსი

1999 წელს, გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ, 12 აგვისტო ახალგაზრდების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მსოფლიოს მასშტაბით, ეს დღე ეძღვნება ახალგაზრდების პრობლემების, მათი იდეებისა და ინიციატივების განხილვას.

მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ვინაიდან აღნიშნული მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებასა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეიქმნა ფინანსური განათლების პლატფორმა www.finedu.gov.ge – (შემდგომში - ფინედუ). 

ახალგაზრდების საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა www.finedu.gov.ge (შემდგომში - ფინედუ) წელს პირველად უერთდება. 

ახალგაზრდების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსი  2021 წლის 17 ივლისს  დაიწყება და 12 აგვისტოს, ახალგაზრდების საერთაშორისო დღეს დასრულდება. მისი მიზანი ახალგაზრდების ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესება და ფინანსურ განათლებაში მათი ჩართულობის ზრდაა. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, სს „კრედო ბანკი“-ს,    სს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია  „კრისტალი“-ს, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალი“-ს და სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევრო კრედიტი“-ს - ჩართულობითა და მხარდაჭერით ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გავრცელების გზების თემაზე შექმნილი პროექტების / იდეების კონკურსი ცხადდება.

კონკურსის ფარგლებში შერჩეული ნამუშევრები შეიძლება განთავსდეს ფინანსური განათლების პორტალზე - www.finedu.gov.ge და შესაბამის ფეისბუქ გვერდზე - https://www.facebook.com/finedu.gov.ge. ასევე, კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს და ფინანსური განათლების პორტალს www.finedu.gov.ge. გასათვალისწინებელია რომ  კონკურსზე წარდგენილი იდეები გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი. 

კონკურსის ტიპი 

ღია კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან/და ჯგუფსრომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ მოცემულ საკონკურსო პირობებს და წარმოადგენენ ნამუშევარს დადგენილ ვადებში. 

განცხადების გამოქვეყნების თარიღი: 17 ივლისი, 2021 წ. 

 

კონკურსის პირობები

  1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს 15-დან 25 წლის ჩათვლით. ამასთან, არასრულწლოვანი პირების შემთხვევაში საჭიროა წარმოდგენილ იქნას შესაბამისი უფლებამოსილი პირის თანხმობა, ხოლო სრულწლოვანი პირის შემთხვევაში პირის დასტური რომ ეთანხმება კონკურსის პირობებს.  მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ინდივიდებს, ისე ჯგუფებს. ამასთან,  ჯგუფების გამარჯვების შემთხვევაში, პრიზი გადაეცემა ჯგუფს და არა ჯგუფის ცალკეულ წევრს.
  2. კონკურსის მონაწილეობისათვის საჭიროა, კონკურსანტმა/ჯგუფმა წარმოადგინოს იდეა პროექტის ან ღონისძიების ან აქტივობის ან საინფორმაციო კამპანიის შესახებ, რომლის დახმარებითაც ორიგინალურად და ეფექტურად განხორციელდება ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების საკითხების მიწოდება, ასევე, აღნიშნული საკითხის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 
  3. მონაწილის მიერ კონკურსით დადგენილი ვადების განმავლობაში წარმოდგენილი იდეის აღწერა (ნამუშევარი) უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ საკითხებს:
  • იდეის აღწერას, შინაარსს;
  • პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზს - შესაძლებლობების და მიღებული დადებითი შედეგების შეფასებას, ასევე, გამოწვევებს, რისკებს და მათი დაბალანსების გზებს;
  • თუ იდეა დაინიცირებულია რომელიმე საერთაშორისო ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით, შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკის/მაგალითის გაზიარებას/წყაროს;
  • იდეის განსახორციელებლად საჭირო დროით, მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს,  საჭირო მხარეებს/ორგანიზაციებს;
  • პასუხს მთავარ კითხვაზე: „რატომ იქნება ეს პროექტი ეფექტური და შედეგიანი დასმული ამოცანის გადასაჭრელად“.

 ნამუშევრების წარმოდგენის ფორმა და ვადა: 

  1. კონკურსანტის მიერ პირველ ეტაპზე წარმოდგენილი ნამუშევარი მოწოდებული უნდა იყოს Microsoft Word-ის ან PDF ფორმატით, დამატებით შესაძლებელია, წარმოდგენილ იყოს პრეზენტაციის ფორმატის (მაგ. Power Point) დოკუმენტიც. ფინალში გადასული კონკურსანტების მიერ პრეზენტაციის წარდგენის ფორმატი შეზღუდული არაა.
  2. კონკურსანტმა თავისი ნამუშევარი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@finedu.gov.ge და დაელოდოს მიღების დასტურს. იმ შემთხვევაში, თუ ფაილი მოცულობითია, ნამუშევრის გამოგზავნა რეკომენდებულია ნებისმიერი თავისუფლად ჩამოსატვირთი პლატფორმის (მაგ. www.wetransfer.com-ის) ბმულის საშუალებით. კონკურსანტმა წერილის სათაურად უნდა მიუთითოს „ახალგაზრდების საერთაშორისო დღის თემატური კონკურსისთვის“, ხოლო წერილის შინაარსში - თავისი, ხოლო ჯგუფის შემთხვევაში, ჯგუფის ყველა წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი;
  • არასრულწლოვანის ნამუშევრის გამოგზავნისას, ელექტრონულ ფოსტას თან უნდა დაერთოს  არასრულწლოვანი მონაწილის თანხმობის ფორმა და დაბადების მოწმობის ან/ და დანიშნული მეურვის შემთხვევაში, შესაბამისი ცნობის ასლი.
  • სრულწლოვანი მონაწილე, ნამუშევრის გამოგზავნით ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება კონკურსის პირობებს'

   3.  კონკურსანტმა თავისი ნამუშევარი უნდა გამოაგზავნოს არაუგვიანეს 2021 წლის 31 ივლისისა. 

   4.  არ შეფასდება ნამუშევრები, რომლებიც არ უპასუხებს ამოცანას შინაარსობრივად ან გათვლილი არ არის ამოცანით განსაზღვრულ მთავარ სეგმენტზე - ახალგაზრდობაზე.  

 

ნამუშევრების მიღების, განხილვისა და გამარჯვებული მონაწილეების გამოვლენის ვადები და პირობები: 

  1. ნამუშევრების მიღება განხორციელდება 2021 წლის 17-დან 31 ივლისის ჩათვლით. 
  2. ნამუშევრების შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება 2 ეტაპად:
  • პირველ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებით დაკომპლექტებული  ჟიურის მიერ გამოვლინდება არაუმეტეს 6 ფინალისტი, ფინალისტების ვინაობა გამოქვეყნდება ფეისბუქგვერდზე: www.facebook.com/finedu.gov.ge, 2021 წლის 9 აგვისტოს; 
  • მეორე, ფინალურ ეტაპზე, 2021 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ბანკის,  სს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“,სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალის“ და სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევრო კრედიტის“  თანამშრომლებით დაკომპლექტებული ჟიურის წევრების წინაშე  პროექტებს/იდეებს წარადგენენ თავად ფინალში გადასული პროექტების ავტორები. ჟიურის წევრები ადგილზევე შეაფასებენ წარმოდგენილ პროექტებს.  ქულების დაჯამების საფუძველზე იმავე დღესვე, საბოლოოდ გამოვლინდება 3 გამარჯვებული. 

    3. ნამუშევრების შეფასება ორივე ეტაპზე მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შინაარსის სრულყოფილება და აღქმის სიმარტივე;
  • იდეის გადმოცემის ორიგინალურობა;
  • იდეის ორიგინალურობა;
  • იდეის პრაქტიკულობა/განხორციელებადობა;
  • ფინალურ ეტაპზე კი დამატებით შეფასდება პროექტის წარდგენის სტილიც, პრეზენტატორის დამაჯერებლობა და შესრულება.

    4. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:

  • გამოვლენილი 3 გამარჯვებულიდან თითოეულს გადაეცემა ფულადი პრიზი 1000 ლარის ოდენობით. გამარჯვებულებს ინდივიდუალურად დააჯილდოებენ  სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალი“, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევრო კრედიტი“ და სს „კრედო ბანკი“.   
  • დამატებით, სამივე გამარჯვებულს სს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია  „კრისტალი“ გადასცემს ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა - YES Georgia-ს  ვაუჩერს.

    5. კონკურსის ფინალური ეტაპი ჩატარდება ღია ცის ქვეშ ან ონლაინ. ფორმატსა და ადგილზე შექმნილი კოვიდსიტუაციის შესაბამისად გადაწყვეტილება მიიღება და ფინალისტებს ინფორმაცია მიეწოდება არაუგვიანეს 9 აგვისტოსი.

  

საკონტაქტო ინფორმაცია