კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

რა ხარჯებს ველოდოთ ბავშვის შეძენასთან ერთად?

რა ხარჯებს ველოდოთ ბავშვის შეძენასთან ერთად?

20514
5 / 5

შვილის ყოლა უდიდესი პასუხისმგებლობაა და მშობლების ფიზიკურ, მენტალურ, ინტელექტუალურ თუ ფინანსურ მზაობას მოითხოვს. ამ ბლოგში, რათქმაუნდა ფინანსურ, და არანაკლებ მნიშვნელოვან ნაწილზე ვისაუბრებ. სპოილერი: ბავშვი არცთუ ისე იაფია.

ასე რომ, თუ ბავშვის გაჩენას ფიქრობთ, კარგი იქნება წარმოდგენა გქონდეთ ხარჯებზე, რაც თქვენს ცხოვრებაში ახალ სიცოცხლესთან ერთად გაჩნდება:  

ანტენატალური მეთვალყურეობის ხარჯები

ამ ეტაპზე, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში, დარეგისტრირებული ორსულებისთვის იფარება 8 ანტენატალური ვიზიტი, რომელიც მოიცავს მეან-გინეკოლოგის კონსულტაციებს, ექოსკოპიასა და სხვადასხვა კვლევებს. თუმცა, დამატებით, ორსულს შესაძლოა დასჭირდეს სხვა ანალიზები თუ მედიკამენტები, რაც ამ ვიზიტების ფარგლებში არ ანაზღაურდება და თქვენი ხარჯი იქნება. ამიტომ, კარგი იქნება, ნაფიქრი გქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევაზეც. აუცილებლად დეტალურად გაერკვიეთ დაზღვევის პირობებში, მაგ., დაზღვევის შეძენიდან რამდენი ხანი უნდა იყოს გასული, რათა ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდეს, რომელი კვლევა და მედიკამენტი ანაზღაურდება და რომელი არა, რა თანხის ფარგლებში და ა.შ.

მშობიარობის ხარჯები

თუ ორსული დაზღვევით სარგებლობს, დაზღვევის პირობებიდან გამომდინარე, მშობიარობის ხარჯები, მათ შორის გაუტკივარება თუ პირადი ექიმის აყვანა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურდება. ასევე, ამ ეტაპისთვის სახელმწიფო ფიზიოლოგიურ მშობიარობას 500, ხოლო აუცილებელ საკეისრო კვეთას 800 ლარის ფარგლებში ანაზღაურებს. სამშობიაროებს, როგორც წესი, ვებგვერდზე გამოქვეყნებული აქვთ თავიანთი მომსახურების ფასები, რომლებიც ცვალებადია როგორც სამშობიაროების, ასევე პალატებში მშობიარეების რაოდენობისა და სხვა დამატებითი კომფორტის მიხედვით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კარგი იქნება წინასწარ გადახედოთ სხვადასხვა ალტერნატივას და თქვენთვის ხელსაყრელი შეარჩიოთ.  

დეკრეტული შვებულება

იმის მიხედვით, რა ანაზღაურებას ითვალისწინებს თქვენი შრომითი ხელშეკრულება დეკრეტული შვებულებისას - ანაზღაურებს ხელფასის სრული ოდენობით, მის ნაწილს თუ საერთოდ არა - შეიცვლება თქვენი ბიუჯეტიც. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით, როგორც ბავშვის დედას, ასევე მამას შეუძლია გამოიყენოს დეკრეტული შვებულება, ორივეს ჯამურად 126+57 კალენდარული დღე, თუმცა, დამსაქმებელი არ არის ვალდებული აგინაზღაუროთ დეკრეტის თანხა. სახელმწიფო ანაზღაურებს მხოლოდ დეკრეტული შვებულების 1000 ლარს (ჯამურად ორივე მშობლის შემთხვევაში, და თუ დედა არ არის საჯარო მოსამსახურე), შესაბამისად, დანარჩენი დამსაქმებელსა და შრომით ხელშეკრულებაზე არის დამოკიდებული.

ჩვილის კვება

ამერიკის პედიატრთა ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ჩვილის ექსკლუზიურად დედის რძით კვებას 6 თვის ჩათვლით. და რა თქმა უნდა, ეს არამარტო ბავშვისა და დედისთვის, არამედ ბიუჯეტისთვისაც საუკეთესო გამოსავალია. თუმცა ძუძუთი კვების შემთხვევაშიც შეიძლება გქონდეთ ჩვილის საკვები აქსესუარების ხარჯი - მაგალითად, რძის საწველი აპარატისა და საკვები ბოთლის, თუკი დედას კვების დროს ჩვილის დატოვება მოუწევს. ასევე, 6 თვიდან ჩვილის რაციონში უკვე სხვა პროდუქტებიც - ხორცი, ბურღულეული, ხილ-ბოსტნეული ერთვება და მათი ხარჯიც გასათვალისწინებელია.

იმ შემთხვევაში, თუ ძუძუთი კვება შეუძლებელია ან დედას არ სურს, ჩვილი რძის შემცვლელი ფორმულით უნდა იკვებოს, რომლებიც საკმაოდ მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი ბაზარზე როგორც მწარმოებლების, ისე კონკრეტული დანიშნულების მიხედვით: მაგალითად, ჰიპოალერგიული, ანტირეფლუქსი და ა.შ. შესაბამისად განსხვავდება მათი ფასებიც. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ჩვილის ერთადერთი საკვები მინიმუმ 4 თვის ჩათვლით რძის შემცვლელი ფორმულაა და ის დიდი რაოდენობით სჭირდება, მისი ხარჯი არც თუ ისე პატარაა. ფორმულასთან ერთად გასათვალისწინებელია საკვები ბოთლების ხარჯიც.

ჩვილის მოვლის საშუალებები

ჩვილის მოვლის საშუალებებიდან ალბათ ყველაზე დიდი წილი საფენის ხარჯებზე მოდის. განსაკუთრებით თავიდან, როდესაც ახალშობილს დღე-ღამეში 10 ცალი საფენი მაინც შეიძლება დასჭირდეს, იმ დრომდე, სანამ ის ტუალეტს შეეჩვევა. საფენზე გადაჩვევის ასაკი კი, ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია. ალტერნატივა შეიძლება მრავალჯერადი საფენი იყოს, რომელიც ირეცხება და მისი გამოყენება ბევრჯერ არის შესაძლებელი. შესაბამისად, დაზოგავს თქვენს ბიუჯეტს და გარემოსაც - დაბინძურებისგან. ამის გარდა, ჩვილსაც, ისევე როგორც ზრდასრულსაც სჭირდება კანის დასაბანი თუ დამატენიანებელი საშუალებები. თუმცა მათ ყიდვას წინასწარ ნუ იჩქარებთ და ჩვილის კანის ტიპის მიხედვით შეარჩიეთ. ასევე დასჭირდება სხვა ჰიგიენის ნივთებიც - მაკრატელი, სავარცხელი, კბილის ჯაგრისი და ა.შ.

საბავშვო ავეჯი

საბავშვო ავეჯიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ახალშობილს პირველივე დღეებიდან დასჭირდება - საბავშვო საწოლია. საწოლები სხვადასხვა ტიპისაა, მათ შორის საწოლ-მანეჟები, სარწევი საწოლი, ტრანსფორმირებადი და ა.შ. და თქვენთვის მოსახერხებელი უნდა შეარჩიოთ. აღსანიშნავია, რომ ჩვილის  უსაფრთხოების მიზნით არ არის მიზანშეწონილი ძილის დროს საწოლში ბალიშების, ე.წ. „ბამპერების“, სათამაშოებისა თუ სხვა აქსესუარების ჩაწყობა.  ბავშვის ტანსაცმლისა და სხვა ნივთების გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა ცალკე კარადა ან კომოდი დაგჭირდეთ. საბავშვო კომოდებს ხშირად ახლავს გადმოსაკეცი გამოსაცვლელი დაფა, რომელიც ბავშვის გამოცვლის პროცესს გაგიმარტივებთ. ასევე დაგჭირდებათ აბაზანა ან სპეციალური დასაწვენი ბავშვის ბანაობისას. მომდევნო ეტაპზე შეიძლება შეიძინოთ მანეჟი, საბავშვო ხალიჩა და ა.შ. ასევე დაგჭირდებათ ბავშვის სასადილო სკამ-მაგიდა, რათა პატარა დამოუკიდებლად კვებას მიეჩვიოს და უსაფრთხოდ იჯდეს. ცხადია, ჩამოთვლილი ყველა ნივთის შეძენა აუცილებელი სულაც არ არის და მშობლების ფინანსურ მდგომარეობაზე არის დამოკიდებული.  

ბავშვის გადაადგილება

ბავშვის გადაადგილებისთვის დიდი ალბათობით დაგჭირდებათ ეტლის, ხელით ტარებისთვის კი - კენგურუს ან სლინგის შეძენა. მანქანით გადააგილებისას გაითვალისწინეთ, რომ მოგიწევთ მანქანის სავარძლის შეძენა, რომელიც ბავშვის უსაფრთხო გადაადგილებისთვის არის აუცილებელი. ცხადია, ის ბავშვის ასაკისა და წონის მიხედვით უნდა შეარჩიოთ და შესაბამისი წესების დაცვით გამოიყენოთ.

ტანსაცმელი

ტანსაცმლის შეძენისას გახსოვდეთ: 1. ჩვილი უნდა იყოს კომფორტულად, 2. ჩვილები სწრაფად იზრდებიან. ამის გათვალისწინებით არ ღირს წინასწარ, ან კონკრეტული ასაკისთვის ბევრი ტანსაცმლის შეძენა, რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს ეს პროცესი. რადგან, შესაძლოა, პატარა ისე გაიზარდოს, ბევრი ტანსაცმლიდან ზოგიერთის ჩაცმა ვერც მოასწროს და ზედმეტი ხარჯი აღმოჩნდეს. აღსანიშნავია, რომ პირველ თვეებში ჩვილებს ყველაზე ხშირად ბოდეები დასჭირდებათ და არა ლამაზი, მაგრამ არაპრაქტიკული ტანსაცმელი.

სათამაშოები

ბავშვს განვითარებისთვის ასევე მუდმივად დასჭირდება ასაკის შესაბამისი სათამაშოებისა თუ წიგნების შეძენა. შესაბამისად, ეს ხარჯიც გასათვალისწინებელია. სათამაშოების შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მათ უსაფრთხო შემცველობას, ასაკთან შესაბამისობასა და გამოყენების უსაფრთხოების წესებს.

სამედიცინო ხარჯები

სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უფასოა ბავშვთა ვიზიტები პედიატრთან პოლიკლინიკებში, ასევე ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური გეგმიური აცრები. რაც შეეხება მედიკამენტებს, ანალიზებს ან ვიზიტებს კერძო პედიატრთან, ასევე არაგეგმიურ, მაგალითად გრიპის ვაქცინით აცრას, ეს ხარჯი გასათვალისწინებელი გექნებათ. ხშირად, თუ რომელიმე მშობელი სარგებლობს დაზღვევით, შესაძლებელია ოჯახური პაკეტის შეძენის გზით ბავშვის დაზღვევაც, რომელიც ზემოთჩამოთვლილ ხარჯებს აანაზღაურებს.

ძიძის ხარჯი

გარკვეული ეტაპის შემდეგ შეიძლება დადგეს ბავშვის მომვლელის დაქირავების საჭიროება, რაც ხარჯებთან ერთად, ასევე კანდიდატების მოძიებისა და სასურველის შერჩევის პროცესს გულისხმობს. კარგი იქნება, თუ წინასწარ განსაზღვრული გექნებათ შერჩევის კრიტერიუმები და ასევე პირობები, რაზეც თქვენი შვილის მომავალ აღმზრდელთან შეთანხმდებით.

-
ეს ის ყველაზე ხშირი ხარჯებია, რაც განსაკუთრებით, ბავშვის ცხოვრების პირველ წელს იქნება გასაწევი. რაც უფრო მეტად ნაფიქრი გექნებათ ამაზე, მით უფრო მომზადებული შეხვდებით ახალ ადამიანს თქვენს ცხოვრებაში. ბედნიერ მშობლობას გისურვებთ!