კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

მზად ვარ, რომ დავსაქმდე?

მზად ვარ, რომ დავსაქმდე?

1342
4 / 5

თავისუფალი დროის შევსება, ახალი უნარების შეძენა, დამატებითი ჯიბის ფულის გამომუშავება, პასუხისმგებლობის გრძნობის მეტად განვითარება, მომავლისთვის მომზადება, ზრდასრულის ცხოვრების საკუთარ თავზე გამოცდა... ეს მხოლოდ იმ მიზეზების მცირე ჩამონათვალია, რის გამოც შეიძლება არასრულწლოვანმა დასაქმება მოინდომოს.

ისევე როგორც დასაქმების მსურველი ახალგაზრდისთვის, მისი მშობლისა თუ მეურვისთვისაც ბევრი საყურადღებო საკითხია გასააზრებელი, სანამ მოზარდი ამ ნაბიჯს გადადგამს.

რა უნდა გაითვალისწინონ არასრულწლოვანმა და  მისმა მშობელმა, თუ არასრულწლოვანს დასაქმება სურს?

დასაქმების იურიდიული ასპექტები

უპირველესად, ის რაც უნდა იკითხოს ყველა მსურველმა: რა უფლებები და ვალდებულებები უკავშირდება დასაქმებას?

დასაქმება
საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებლისა და არასრულწლოვანი დასაქმებულის საკმაოდ ვრცელ უფლება-მოვალეობების ჩამონათვალს განსაზღვრავს. მაგალითად, დამსაქმებელი არასრულწლოვანს დაასაქმებს მხოლოდ მეურვის / მშობლის თანხმობით.  კანონით აკრძალულია ახალგაზრდისთვის მონოტონური სამუშაოს დავალება, სიმძიმეებთან და საშიშ ნივთიერებებთან მათი მუშაობა. ასევე, კანონი არეგულირებს სამუშაო სივრცის მოწყობასაც, რომელშიც არასრულწლოვანი დასაქმების შემდეგ გაატარებს დროს. თუ მოკლედ შევაჯამებთ, მთავარი აქცენტი არასრულწლოვანის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და მისი განვითარების შეწყობაზე კეთდება.

თუმცა, კანონს მიღმა ბევრი ასპექტია, რომელზეც დაფიქრება არა მარტო მაშინაა საჭირო, როდესაც არასრულწლოვანს ოფიციალურად შეუძლია დასაქმდეს, არამედ ბევრად ადრეცაა საჭირო. მოდი განვიხილოთ, თუ რა უნდა იცოდეს არასრულწლოვანმა, თუ მუშაობა სურს?

როდის დავიწყოთ პირველი სამსახურისთვის მზადება?

ამ კითხვაზე პასუხი უფრო მეტად მშობელს  შეეხება, ვიდრე არასრულწლოვანს. რეალურად, სამსახურისადმი მზაობა იმ უნარებში გამოიხატება, რაც ნებისმიერ ადამიანს ახალ ადგილზე დამკვიდრებასა თუ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება. ეს უნარები კი ბევრად ადრე, სკოლამდელი ასაკის დროს გამომუშავდება. დასაქმებულს როგორც წესი, აზრის გამოხატვის, კრიტიკული აზროვნების, ალტერნატივების შეფასებისა და გარემოსთან ადაპტაციის უნარი. ასევე, სხვა მნიშვნელოვან უნარებთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ სამსახურის დაწყება, უცხო გარემოსთან ადაპტირება გარკვეულწილად სტრესიც შეიძლება იყოს, ამიტომ სასურველია ახალგაზრდას  სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი ან მინიმუმ მოსალოდნელ სირთულეებთან გამკლავების მზაობა ჰქონდეს.  ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი დროსთან ერთად, შესაბამისი აღზრდის მეთოდებითა და მიდგომებით იმკვიდრებს ადგილს ადამიანის ცნობიერებაში.  თუ გვინდა ჩვენმა შვილებმა ან ახლობელმა ადამიანებმა პირველი სამსახურის შესახებ გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ და თავად შეაფასონ მისი პოზიტიური თუ ნეგატიური ასპექტები, მნიშვნელოვანია მათ სოციალური თუ ე.წ. რბილი უნარების გამომუშავებაში ადრეული ასაკიდანვე დავეხმაროთ.

რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როდესაც პირველად დავსაქმდებით?

ამ კითხვაზე პირველი პასუხი სიახლეები და პასუხისმგებლობაა. ის, რაც მოსწავლის როლისგან რადიკალურად განსხვავებულია - ყოველდღიური რუტინის ცვლილება და ამ ცვლილებებში ასახული სიახლეები იქნება. ახალი ადამიანები, ახალი საქმე, განსხვავებული პასუხისმგებლობები - ეს ისაა, რისთვისაც ემოციურად მზად უნდა იყოს არასრულწლოვანი. მაგალითად, თუ სკოლაში ერთი საგნის მომზადებას ვერ ვასწრებთ, ეს ძირითადად მხოლოდ მოსწავლის შეფასებაზე აისახება, თუმცა სამსახურში, აღებული  პასუხისმგებლობის  შეუსრულებლობა, შესაძლოა, ჯაჭვურად მოქმედებს სხვა დასაქმებულებზე ან ორგანიზაციის მომხმარებლებზე. სასურველია, რომ ამ საკითხზე და პასუხისმგებლობის განაწილებაზე თანაბარი ყურადღება გაამახვილონ როგორც დამსაქმებელმა, ისე დასაქმებულმა. ერთი მხრივ, სასურველია, არასრულწლოვანი ემოციურად მზად იყოს სამომავლო გამოწვევებისთვის,  ხოლო დამსაქმებელმა გაითვალისწინოს დასაქმებულის ასაკი და გამოცდილება.

რა კითხვებს უნდა ვუპასუხოთ, რომ მივხვდეთ დასაქმება სტრესს გამოიწვევს თუ, პირიქით, განვითარებაში შეგვიწყობს ხელს?

მაქვს თუ არა შესაბამისი კომუნიკაციის უნარი?

მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც შესაძლოა ახლაგაზრდა შეხვდეს დასაქმებისას, ეს ურთიერთობების მეტად გაფორმალურებაა. სადაც უნდა დასაქმდეს ადამიანი, უმეტესად ყველგან შეხვდება სტრუქტურულ იერარქიას, მარტივად რომ ვთქვათ, ეყოლება ხელმძღვანელი, რომლის წინაშეც იქნება ანგარიშვალდებული. გარდა ამისა, მის საქმიანობის შედეგს ეყოლება მომხმარებელი, რომელიც შესაბამის წარდგენას საჭიროებს. მოკლედ რომ ვთქვათ, არასრულწლოვანს სასურველია ჰქონდეს კომუნიკაციის კარგი უნარი. თუმცა, საწყის ეტაპზე, შესაძლოა, ეს უნარი ბოლომდე დახვეწილიც არ იყოს. ამ შემთხვევაში, პრაქტიკა და საკუთარ თავზე მუშაობა კარგ შედეგს ძალიან მოკლე ვადაში დადებს. 

შემიძლია თუ არა ახალ გარემოსთან ადაპტირება?

გარდა საქმიანობისა, ახალი სამსახურის გამოწვევებს ხშირად პატარ-პატარა დეტალები ქმნიან, მაგალითად, როგორიცაა: სამუშაოს სპეციფიკა, გარემოში არსებული ფორმალური თუ არაფორმალური წესები, ჩაცმის ეტიკეტი, ორგანიზაციული ქცევის დაწერილი თუ დაუწერელი ნორმები. ეს და სხვა საკითხები, რეალურად იმ გარემოს ქმნიან, სადაც არასრულწლოვანს მუშაობა მოუწევს, ჩამოთვლილთაგან, შესაძლოა დიდი ნაწილი მისთვის სიახლე ან მისი შეხედულებებისგან განსხვავებული იყოს. ამ საკითხის სრაფი დასწავლისთვის სასურველია არასრულწლოვანმა წინასწარ მოიძიოს ინფორმაცია, ასევე თანამშრომლებთანაც დასვას ბევრი კითხა, დააკვირდეს მიმდინარე მოვლენებსა თუ სამსახურში მისი კოლეგების ქცევას. რეალურად გარემოსთან ყველაზე მარტივი შეგუება ადამიანებთან შეგუებით იწყება. 

ვიცი თუ არა რატომ მინდა დასაქმება?

დასაქმება
დასაქმებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვანს საკითხს, გადაწყვეტილების გაცნობიერებულად მიღება წარმოადგენს. რა ასაკისაც უნდა იყოს კანდიდატი, მნიშვნელოვანია დაფიქრდეს და სწორად შეაფასოს რა სურს დამსაქმებლისგან და თავად სამუშაოსგან. თუკი კანდიდატმა იცის, რომ სამსახური სურს დამატებითი შემოსავლისთვის ან/ და განვითარებისთვის, ან/ და ახალი უნარების გამომუშავებისთვის ან სხვა ნებისმიერი საკითხის გამო, ეს დაეხმარება მას სწორი მოლოდინები შეიქმნას და მუშაობის შედეგითაც კმაყოფილი დარჩეს.

რომ შევაჯამოთ, არ არსებობს ერთგვაროვანი მიდგომა უნდა იმუშაოს თუ არა არასრულწლოვანმა. ამ გადაწყვეტილებას აქვს როგორც პოზიტიური მხარეები, ისე გამოწვევები. გამოწვევებზე ვისაუბრეთ, თუმცა ის დამოუკიდებლად არ არსებობს და მას თან განვითარების შესაძლებლობები ახლავს. რატომ უნდა მოინდომოს არასრულწლოვანმა ამ გამოწვევებთან შეჭიდება:

  • პატარა ასაკიდან შეიძლება უფლებებისა და ვალდებულებების გაცნობიერება;
  • დიდი სტიმულია პირადი, რბილი უნარების განსავითარებლად, მაგალითად ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად, სამსახურებრივი სტრესის ამოცნობისა და მის დაძლევაზე სამუშაოდ, ახალ გარემოში ადაპტირებისა და ახალი ადამიანების გაცნობის უნარის შესაძენად.
  • პროფესიული არჩევანის მარტივად გასაკეთებლად- პრაქტიკაში დანახული საქმე, ხშირად გვიცვლის წარმოდგენას იმაზე თუ „რა გვინდა გამოვიდეთ მომავალში“. ადრეული ასაკიდან უშუალო სამუშაო პროცესზე დაკვირვება ამ არჩევანს უფრო მარტივს ხდის.

მნიშვნელოვანია ახალგაზრდა სრულად იაზრებდეს დასაქმების არსსა და მის წინაშე არსებულ ალტერნატივებს და ისე დაგეგმოს საკუთარი დრო, როგორც მისი განვითარებისთვის საუკეთესო შედეგის მომტანი იქნება.