კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

მორიგი 10 სამოტივაციო წიგნი ფინანსური წიგნიერების (და არამხოლოდ ფინანსური წიგნიერების)  შესახებ

მორიგი 10 სამოტივაციო წიგნი ფინანსური წიგნიერების (და არამხოლოდ ფინანსური წიგნიერების) შესახებ

1569
4.4 / 5

ფინანსური წიგნიერება არის  ადამიანის მიერ მიღებული ცოდნის, შეძენილი უნარებისა და ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიური მიდგომების ერთობლიობა, რომელიც განაპირობებს ადამიანის ფინანსურ ქცევებს, მისი ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესების და ცხოვრების უკეთესი ხარისხის მისაღწევად. ის ასევე მოიცავს ბანკებთან და საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობის უნარების გამომუშავებას,  ფინანსური და საინვესტიციო ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას, საკუთარი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის, ასევე მთელი ქვეყნის (და მსოფლიო მასშტაბის) ეკონომიკური მდგომარეობის ფხიზელ შეფასებას. მარტივი ენით, რომ ვთქვათ, ფინანსური წიგნიერება საშუალებას აძლევს ადამიანს, არა მხოლოდ სწორად მართოს პირადი და საკუთარი ოჯახის ფინანსები მოცემულ მომენტში (მაგალითად, სწორად დაგეგმოს ოჯახის ბიუჯეტი და გახარჯოს საკუთარი შემოსავალი), არამედ ასევე, სამომავლოდ შეინარჩუნოს და გაამრავლოს კიდევაც საკუთარი ფული. ჩვენს სწრაფ დროებაში, როდესაც სამყარო  დღითიდღე სულ უფრო განვითარებული და რთული ხდება, უბრალოდ აუცილებელია, რომ ადამიანმა მუდმივად განაახლოს საკუთარი ცოდნა მრავალი მიმართულებით  (პირველ რიგში, რა თქმა უნდა  საკუთარი ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლების მიმართულებით). დღეს როდესაც ნებისმიერი ადამიანი, გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილია -  ასეთი ცოდნის მიღება და განახლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არასდროს.  ფინანსური წიგნიერების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს არაგონივრული ფინანსური და არა მხოლოდ ფინანსური ხასიათის გადაწყვეტილებების მიღება, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის  ფინანსურ (ცხოვრებისეულ) მდგომარეობაზე.  მაგრამ საიდან და როგორ  უნდა დაიწყოს ადამიანმა საკუთარი ფინანსური წიგნიერების განვითარება. დღეს ეს არც თუ ისე რთულად მისაღწევია, ჩვენს ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში. საჭიროა მხოლოდ შესაბამისი რესურსების მოძიება. მაგალითად, ინტერნეტიდან მოპოვებული ინფორმაციის თუ სპეციალიზებული ტრენინგების სახით.  თუმცა ჩემის აზრით,  წიგნების გარეშე ამ საკითხის დაუფლება და შემდგომი განვითარება რა თქმა უნდა, უბრალოდ წარმოუდგენელია - პირადი ფინანსების მართვის ძირითადი საკითხებით დაწყებული, მსოფლიოს ფინანსური ისტორიით დამთავრებული. ამ ყველაფრის გაცნობის და შესწავლის საუკეთესო გზა, რა თქმა უნდა მაინც წიგნია.  ამიტომ ამ ბლოგში, მსურს წარმოგიდგინოთ და  გაგაცნოთ. საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული ხასიათის (ჩემს მიერ შერჩეული), მორიგი ათი სამოტივაციო წიგნი. რომელიც თქვენ არა მხოლოდ სწორი ფინანსურ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ცოდნის მიღებაში და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, არამედ ასევე,  ფინანსებს, ეკონომიკას და ისტორიას მიძღვნილი, საინტერესო, განსხვავებული და მეტად სიღრმისეული ინფორმაციის გაცნობაში დაგეხმარებათ.  ასევე უბრალოდ სასიამოვნოთ გაგატარებინებთ დროს, ძალიან საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის ლიტერატურის გარემოცვაში.   

10 სამოტივაციო წიგნი ფინანსური წიგნიერების (და არამხოლოდ ფინანსური წიგნიერების)  შესახებ

 

1. კარლ რიჩარდსი, "ინვესტირების ფსიქოლოგია. როგორ შევწყვიტოთ სისულელეების კეთება საკუთარ ფულთან მიმართებაში?"

ამერიკელი ფინანსისტის და ფინანსური კონსულტანტის წიგნი, რომელშიც ავტორი განმარტავს თუ როგორ ზეგავლენას ახდენენ ჩვენი ემოციები და შინაგანი სამყარო, ჩვენს ფინანსური გადაწყვეტილებებზე. წიგნი მოგვითხრობს არა იმდენად ფულის, რამდენადაც ადამიანების ფსიქოლოგიური სამყაროს მნიშვნელობის შესახებ. ემოციების მართვა, სწორი ფინანსური განწყობა და მდგრადი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.

2. ნეილ ფერგოიუსონი, "ფულის აღმასვლა" 

ფული უდიდეს როლს თამაშობს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში და ცოტა თუ ვინმე რჩება გულგრილი ფულისადმი. მით უფრო გასაკვირია, რომ ადამიანებმა უმეტესწილად ძალიან ცოტა რამ იციან ფულის შესახებ. ბრიტანელი ისტორიკოსის, მწერლის, ჟურნალისტის და ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორის ამ წიგნში, ავტორი მოგვითხრობს იმ გზაზე, რომელიც  გაიარა  ფულმა ანტიკური ხანიდან დღემდე. ის მარტივად და ნათლად ხსნის რთული ფინანსური ცნებების, ტერმინების და სხვდასხვა ისტორიული მოვლენების მნიშვნელობას. 

3. რეი დალიო, "როგორ იცვლება მსოფლიო წესრიგი? რატომ იმარჯვებენ და მარცხდებიან იმპერიები?"

ამერიკელი ფინანსისტის, მილიარდერის და საინვესტიციო კომპანია Bridgewater Associates-ის დამფუძნებლის წიგნი, რომელშიც ავტორი მოგვითხრობს ბოლო ასწლეულების, მსოფლიო ეკონომიკის ძირითად მოთამაშეებზე (მათ შორის ჰოლანდიური, ბრიტანული და ამერიკული ეკონომიკების შესახებ) და მათ როლზე მსოფლიო ისტორიაში. ავტორი წარმოგვიდგენს ე.წ."დიდი ეკონომიკური ციკლის", ყველა იმ შემადგენელს, რომელიც განსაზღვრავდა და განსაზღვრავს, მსოფლიოში არსებული ქვეყნების, წარმატებებსა და წარუმატებლობას, მთელი ისტორიის განმავლობაში. 

4. ხა ჯუ ჩანგი, "როგორ მუშაობს ეკონომიკა?"

კორეელი ეკონომისტის და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის ამ წიგნში, ავტორი საკმაოდ მარტივი და სახალისო ენით განმარტავს, თუ როგორ მუშაობს გლობალური ეკონომიკა. ავტორი მკითხველს უზიარებს  საკუთარ მოსაზრებებს და ხედვებს, მსოფლიო მასშტაბის, გლობალური ეკონომიკურ და ისტორიული მოვლენების შესახებ.  მოსაზრებების დიდი ნაწილი პროვოკაციული ხასიათისაა და  თქვენ მათ ვერ გადააწყდებით ეკონომიკის კლასიკურ სახელმძღვანელოებში. წიგნი განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვინც დაინტერესებულია ეკონომიკით და სურს უკეთ გაიგოს, თუ როგორ მუშაობს ის.

5. მიურეი როტბარდი, "სახელმწიფო და ფული"

ამერიკელი პოლიტფილოსოფოსის, ეკონომისტის და ისტორიკოსის  წიგნი, რომელშიც  ავტორი ცდილობს, პასუხების გაცემას  ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ კითხვებზე, როგორიცაა: რა არის ფული, როგორ მუშაობს მონეტარული სისტემა და როგორ ვითარდებოდა ის ისტორიის განმავლობაში და ა.შ.  წიგნი განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვინც დაინტერესებულია ფულის არსით და სურს უკეთ გაიგოს ის, თუ როგორ მუშაობს ფული. ასევე სახელმწიფოს როლით ამ ყველაფერში.

6. ნასიმ ნიკოლას ტალები, "შავი გედი. არაპროგნოზირებადობის ნიშნის ქვეშ"

ამერიკელი ესეისტის, მწერლის, სტატისტიკოსი და ყოფილი ტრეიდერის შემეცნებითი ხასიათის წიგნი, რომელშიც ავტორი გვთავაზობს საკუთარ ალტერნატიულ ხედვებს საკმაოდ საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. ის განმარტავს გლობალური ხასიათის, არაპროგნოზირებად ისტორიულ მოვლენებს, რომელსაც ის შავ გედებს უწოდებს. ავტორი დარწმუნებულია, რომ სწორედ ასეთი მოვლენები ზემოქმედებენ როგორც მთლიანად ისტორიაზე, ისე თითოეული ცალკეული ადამიანის ცხოვრებაზე. 

7. ჯო დომინგესი, ვიკი რობინი, "საფული თუ სიცოცხლე, თქვენ აკონტროლებთ ფულს თუ ფული გაკონტროლებთ თქვენ?"

პირადი ფინანსების მართვას მიძღვნილი, წიგნების უმეტესობისგან განსხვავებით. ცნობილი ამერიკელი ნოვატორის, მწერლის და ორატორის და არანაკლებ წარმატებული ამერიკელი ფინანსისტის და უოლ სტრიტის ანალიტიკოსის, ეს ერთობლივი წიგნი, უფრო მეტად ფილოსოფიური ხასიათისაა. ამ წიგნში ავტორები სვამენ კითხვას. ვაკონტროლებთ თუ არა, ჩვენ ჩვენს ფულს. თუ პირიქით, ფული გვაკონტროლებს ჩვენ.  ეს წიგნი დაგეხმარებათ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება ფულის მიმართ და გასწავლით თუ როგორ  გააკონტროლოთ თქვენი ცხოვრების ფინანსური მხარე.

8. ფელიქს მარტინი, "Money, ფულის არაოფიციალური ისტორია”.

ბრიტანელი მწერლის და ეკონომისტის ეს წიგნი არის გზამკვლევი კაცობრიობის ფულადი ურთიერთობების ისტორიაში. ავტორი ამსხვრევს ყველა მითს და წარმოგვიდგენს საკუთარ მოსაზრებას, ფულის წარმოშობის და განვითარების შესახებ, უძველესი დროიდან დღემდე. წიგნი არ არის გადატვირთული განსაკუთრებული ტერმინოლოგიით. ამიტომ ის დააინტერესებს არა მხოლოდ ფინანსისტებს, ეკონომისტებს და ისტორიკოსებს, არამედ ნებისმიერ მკითხველსაც.

9. ბრაიან ტრეისი "მეცნიერება ფულის შესახებ,  როგორ გაზარდოთ შემოსავალი და გახდეთ მდიდარი"

ამერიკელი მოტივაციური გამომსვლელის და თვითგანვითარების პრაქტიკის მიმდევარის და ტრენერის წიგნი, რომელშიც ავტორი უზიარებს მკითხველს საკუთარ საიდუმლოებებს და რჩევებს, საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. ყველა ეს რჩევა პრაქტიკული ხასიათისაა და ეხება ისეთ საჭირბოროტო საკითხებს როგორიცაა. მაგალითად, როგორ დავზოგოთ ფული და განვახორციელოთ ინვესტიცია. რა ინსტრუმენტებში დავაბანდოთ ფული და ა.შ.  ამავე წიგნში ავტორი ცდილობს დაამსხვრიოს ყველა ის მცდარი მოსაზრება და მითი, რომელიც  ეხება ფულს.

10. დარონ ანჯემოღლუ, ჯეიმს ა. რობინსონი, "რატომ არის ზოგი ქვეყანა მდიდარი და ზოგი ღარიბი? ძალაუფლების, კეთილდღეობისა და სიღარიბის წარმოშობის შესახებ"

ამერიკელი ეკონომისტის და ბრიტანელი პოლიტიკური მკვლევარის და ეკონომისტის ამ ერთობლივ წიგნში. ავტორები სვამენ კითხვას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არაერთ ისტორიკოს, ეკონომისტს და ფილოსოფოს აწუხებდა და ცდილობენ გაანალიზონ თუ რატომ არის ზოგიერთი სახელმწიფო მდიდარი და ზოგიერთი კი, ღარიბი? ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას, მოყვანილია საკმაოდ ვრცელი ისტორიული მასალა, რომელიც  წიგნს მოწინავე პოლიტიკური და ეკონომიკური აზროვნების ნამდვილ ენციკლოპედიად აქცევს.

დასასრულს კი, მინდა დავამატო ერთი. იმისათვის, რომ იყოთ  წარმატებულები ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით პირადი ფინანსების სფეროში. უნდა იკითხოთ რაც შეიძლება მეტი, შემეცნებითი და არა მხოლოდ შემეცნებითი ხასიათის წიგნი. უფრო მეტიც, ყველაზე ბრძენი და წარმატებული ბიზნესმენებიც კი, ცდილობენ წაიკითხონ არა მხოლოდ საკუთარი სფეროს მიძღვნილი წიგნები, არამედ ყველაფერი ის, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთ გაიგონ ეს სამყარო. ის  თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა, ბიზნესი, ფსიქოლოგია, პოლიტიკა და ა. შ.  ამიტომ, თქვენც ნუ ჩამორჩებით წარმატებულ ადამიანებს და იკითხეთ რაც შეიძლება მეტი წიგნი და თქვენ თავად დაინახავთ, თუ რა ძალა აქვთ წიგნებს.

გისურვებთ წარმატებებს.