კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

8 ფინანსური გაკვეთილი ჰარი პოტერისგან

8 ფინანსური გაკვეთილი ჰარი პოტერისგან

5818
4.4 / 5

გაფრთხილება: ტექსტი შეიცავს სპოილერებს, არ გააგრძელოთ კითხვა, თუ კი წიგნების წაკითხვას ან ფილმების ნახვას პირველად აპირებთ.

შელოცვები, მაგიის ისტორია, ბნელი ძალებისგან თავდაცვა, ტრანსფიგურაცია, ჰერბოლოგია, შხამ-წამლების მომზადება - პირადი ფინანსების მართვის საგანს ჰოგვორტსის კურიკულუმში ნამდვილად ვერ იპოვით. და სამწუხაროდ, არც მე-11 დაბადების დღეზე მიგვიღია წერილი, რომელიც მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში ჩარიცხვას გვაუწყებდა. თუმცა, მაინც არის რაღაც, რაც ჰარი პოტერისა და მისი მეგობრებისგან შეიძლება ვისწავლოთ - ფინანსური გაკვეთილები, რომლებიც მაგლების სამყაროშიც გამოგვადგება:

1. დაზოგე თანხა მომავლისთვის

ჰარის მშობლები, ლილი და ჯეიმს პოტერები საკმაოდ ახალგაზრდები იყვნენ, როდესაც ისინი ბოროტმა ჯადოქარმა, ვოლდემორმა მოკლა. მაგრამ მათ, როგორც ჩანს, უკვე ეფიქრათ და ეზრუნათ 1 წლის ბიჭუნას მომავალზე - პოტერებს მთელი თავიანთი დაზოგილი თანხა ჯადოქრების ბანკ გრინგოტსში ჰქონდათ შენახული და ჰარისთვის ანდერძით დატოვებული. ჰარის კი, რომელსაც დეიდა და ძია ყველაფერს აყვედრიდნენ, ეს ფული ნამდვილად სჭირდებოდა, თუნდაც იმისთვის, რომ სკოლის სახელმძღვანელოები და მოსწავლის სხვა აღჭურვილობა ეყიდა.

ყოველთვიურად შემოსავლის გარკვეული ნაწილის გადადება და მომავლისთვის დაზოგვა ბევრ რამეში გვეხმარება: დანაზოგით შეიძლება მივაღწიოთ ჩვენს ფინანსურ მიზნებს, ფინანსურად მზად ვიყოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, მოვემზადოთ საპენსიო ასაკისთვის ან ლილი და ჯეიმსის მსგავსად, შვილის განათლება უზრუნველვყოთ. ეს უკანასკნელი კი ძალიან მარტივად, საბავშვო ანაბრის გახსნით შეიძლება, რომელიც ბავშვის სრულწლოვანებამდე იხსნება.

2. შეინახე დანაზოგი უსაფრთხო ადგილას

ლილი და ჯეიმს პოტერებს თავიანთი დანაზოგი სახლში რომ შეენახათ, ჰარიმდე ნამდვილად ვერ მოაღწევდა: ან სიკვდილის მხვრელების ნადავლი გახდებოდა, ან სახლთან ერთად განადგურდებოდა. საბედნიეროდ, მათ ჯადოქრების ფული - გალეონები, სიკლები და კნატები ჯადოქრების ერთადერთ ბანკში, გრინგოტსში, მსოფლიოს ყველაზე საიმედო ადგილას (ჰოგვორტსის გარდა) ჰქონდათ შენახული. „ნამდვილად გიჟი უნდა იყო, მაგ ბანკის გაქურდვა რომ მოინდომო“ - ეუბნება ჰაგრიდი ჰარის.

მართალია, ჩვენს ბანკებს არც გობლინები მართავენ, ისინი არც ასობით მილის სიღრმეშია ქალაქის ქვეშ და არც დრაკონები დარაჯობენ ზესაიდუმლო საცავებს, მაგრამ ჩვენი დეპოზიტები კომერციულ ბანკებში საიმედოდაა დაცული - ერთის მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკი  დეპოზიტარების თანხების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კომერციულ ბანკებს მთელ რიგ მოთხოვნებს უწესებს, მეორეს მხრივ კი, საქართველოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში გახსნილი ყველა დეპოზიტი ავტომატურად დაზღვეულია დეპოზიტების დაზღვევის სისტემით.

3. ყოველთვის აკონტროლე ხარჯები

ჰარის მშობლებისგან საკმაო მემკვიდრეობა ერგო, რაც შეიძლებოდა ძალიან მაცდუნებელი ყოფილიყო 11 წლის ბიჭისთვის, რომელსაც მანამდე საკუთარი ფული არ ჰქონია. მაგრამ ჰარის გააზრებული ჰქონდა, რომ ეს ფული მას მთელი შვიდი წლის განმავლობაში, განათლებისა და ყოველდღიური ხარჯების დასაფინანსებლად  დასჭირდებოდა და ძვირადღირებულ სიამოვნებებზე, მაგალითად უახლესი მოდელის სპორტულ ცოცხზე „ელვაზე“ არ უნდა დაეხარჯა. შემდეგ შელოცვების წიგნის საყიდლად დერსლებს ხომ არ ვთხოვ ფულსო, ფიქრობდა ჰარი. ის წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე სტუმრობს გრინგოტსს და საცავიდან მხოლოდ ის თანხა გამოაქვს, რაც სახელმძღვანელოების, მანტიების, ქვაბებისა და სხვა მსგავსი აუცილებლობებისთვის არის საჭირო. ერთადერთი, რაზეც სიამოვნებით ხარჯავს ჰარი, თავისი მეგობრები, რონი და ჰერმიონია, მაგალითად, ქვიდიჩის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ჰარიმ მათ არც თუ ისე იაფი ომნიოკლები შეუძინა.

ფულის სწორად გადანაწილებაში და გონივრულ ხარჯვაში ჩვენს საჭიროებებსა და სურვილებში გარკვევა დაგვეხმარება. ხარჯვისას ჩვენს თავს უნდა დავუსვათ კითხვა: რა არის ჩემთვის პრიორიტეტული? ახლა დახარჯვა და თუ შემდეგისთვის დაზოგვა? ის, რისი შეძენაც მინდა, სურვილია თუ საჭიროება? თუ სურვილია და შეძენას ვაპირებ, მეყოფა შემდეგ ფული საჭიროებების დასაფინანსებლად? მაგალითად, „ელვა“ ჰარისთვის სურვილი იყო და არა საჭიროება, რადგან მას უკვე ჰქონდა საკმაოდ ძლიერი ცოცხი, „ნიმბუს-2000“, რომლითაც „ელვას“ გამოსვლის დროისთვის ქვიდიჩის არცერთი მატჩი არ ჰქონდა წაგებული.

4. უფასო ფული არ არსებობს

ფული არც ხეებზე იზრდება და არც ციდან ცვივა. თითქოს ორჯერ ორია და ეს ისედაც ყველამ ვიცით. მაგრამ რამდენად მაცდუნებელია ფულის მარტივად შოვნის დაპირება? ადამიანები ხშირად ტყუვდებიან მაცდური, თვალის მომჭრელი შეთავაზებებით ფულის, ან სხვა ძვირფასი ნივთის მარტივად მიღების შესახებ და უცებ ვერ იაზრებენ, რომ ამის უკან ტყუილი და თაღლითობა დგას. მსგავსი დაპირებები და შემოთავაზებები ლეპრეკონების ოქროს შეიძლება შევადაროთ:

ქვიდიჩის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის გახსნაზე, ირლანდიის ნაკრების თილისმებმა - ლეპრეკონებმა სტადიონზე თვალისმომჭრელი სანახაობა გამართეს და ბოლოს, ოქროს მონეტები გადმოყარეს. მაყურებლებმა ოქროს შეგროვება დაიწყეს, რონმაც მოაგროვა მთელი მუჭა მონეტები და ჰარის ომნიოკლის ფული დაუბრუნა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ლეპრეკონების ოქრო ყალბია და რამდენიმე საათში ქრება.

5. აზარტულმა თამაშებმა შესაძლოა სერიოზულ ფინანსურ პრობლემებამდე მიგვიყვანოს

ფრედ და ჯორჯ უისლები მთელს თავის დანაზოგს ქვიდიჩის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ჩამოვიდნენ ფსონად. მართალია მათ მატჩის შედეგი - ირლანდიის ნაკრების მოგება და სნიჩის ბულგარეთის სიკერის, კრამის მიერ დაჭერა გამოიცნეს, მაგრამ კუთვნილი თანხა ვერ მიიღეს - ლუდო ბეგმანმა, რომელიც ფინალისთვის ფსონებს იღებდა, ტყუპ უისლებს მოტყუებით ლეპრეკონების ყალბი ოქრო გადასცა. თავად ლუდო ბეგმანი, ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე და ამჯერად მაგიის სამინისტროს ჯადოქრული თამაშებისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გაცილებით რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იყო აზარტული თამაშების გამო: ქონება გაფლანგა, გობლინებისგან ბლომად ოქრო ისესხა, რომელსაც ვეღარ აბრუნებდა. ლუდომ ვალის დაბრუნება ისევ სანაძლეოთი სცადა - დიდ ფულს ჩავიდა იმაზე, რომ სამი ჯადოქრის ტურნირზე ჰარი მოიგებდა. მაგრამ გობლინებმა ეს სანაძლეოს მოგებად არ ჩაუთვალეს, რადგან მას მარტო ჰარის გამარჯვებაზე ედო ფსონი, შედეგად, ბეგმანი იძულებული გახდა კრედიტორ გობლინებს დამალვოდა და გაქცეულიყო.

აზარტული თამაშები ნამდვილად არ წარმოადგენს ფულის შოვნის კარგ წყაროს - პირიქით, სავსებით შესაძლებელია, სრულად დაკარგოთ თქვენი დანაზოგი. განსაკუთრებით პრობლემური კი ნასესხები თანხის ფსონად დადებაა.

6. იცოდე, როგორ ამოიცნო ყალბი ფული

ყველა ფულს, იქნება ეს ქაღალდის ფული თუ მონეტა, აქვს დამცავი ნიშნები, რომლითაც შესაძლებელია ნამდვილი ფულის ყალბისგან გარჩევა. სავარაუდოდ, ოქროს გალეონებსაც ექნებოდა თავისი დამცავი ნიშნები. ფრედ და ჯორჯს უისლებს ყალბი ფულის ნიშნის ამოცნობა რომ სცოდნოდათ, შესაძლოა აღარ მოტყუებულიყვნენ ლუდო ბეგმანისგან, რონს კი ჰარისთან აღარ შეექმნებოდა უხერხულობა ყალბი მონეტის დაბრუნების გამო.

ყალბი ფული ნებისმიერ ჩვენგანთან შეიძლება მოხვდეს, ამიტომ იმისთვის, რომ ფინანსურად არ დავზარალდეთ, უნდა ვიცნობდეთ დამცავ ნიშნებს. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის ბანკნოტები დაცულია როგორც მოსახლეობისთვის განკუთვნილი და ადვილად დასანახი, ისე სპეციალური ხელსაწყოებით ამოსაცნობი ნიშნებით. მომხმარებლისთვის განკუთვნილი დამცავი ნიშნების აღმოჩენა შესაძლებელია ბანკნოტზე გამჭოლ შუქზე გახედვისას, მისი სხვადასხვა კუთხით დახრისას ან ხელით შეხებისას.

7. შენი ჰობი შეიძლება შემოსავლიან ბიზნესად იქცეს

საშატალოე საუზმე, სისხლმდენი ნუგა, ყურების დამაგრძელებელი, ენადიდა ნუგა, ყალბი ჯადოსნური ჯოხები - ეს იმ გამოგონებათა მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ფრედი და ჯორჯი ჯერ კიდევ ჰოგვორტსში სწავლის დროს ერთობოდნენ, შემდეგ კი თავიანთი ოინების გაყიდვა ჰოგვორტსის სტუდენტებზე დაიწყეს. მათი გამოგონებები დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსწავლეებში, ამის გამო კიდევ უფრო მეტ შეკვეთას იღებდნენ და ახალ-ახალ ოინებს იგონებდნენ. დამამთავრებელ კურსზე კი ჯადოქრების მთავარ სავაჭრო ქუჩაზე - მრუდე ქუჩაზე თავისი მაღაზიის - „უისლების ჯადოსნური ოინების“ გახსნაც მოახერხეს. ამის შესახებ კი საკმაოდ გრანდიოზულად განაცხადეს: სკოლის დერეფანი უზარმაზარ ჭაობად აქციეს, სკოლა დემონსტრაციულად დატოვეს და ჰოგვორტსის იმ მოსწავლეებს, რომლებიც მათ პროდუქციას დოლორეს ამბრიჯის, და შესაბამისად სამინისტროს რეჟიმის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ, სპეციალურ შეთავაზებებს დაპირდნენ.

კარგად შეისწავლე ის საქმე, რაც გიყვარს, დაგეგმე, განსაზღვრე სამიზნე აუდიტორია, შეისწავლე კონკურენტები (ზონკოს ოინების მაღაზია), დაიწყე საცდელი შეკვეთებით, გააკეთე კარგი რეკლამა, შესთავაზე ფასდაკლებები - ეს ის პატარა გაკვეთილებია, რაც უისლების გამოცდილებიდან შეიძლება ვისწავლოთ და კიდევ ერთი, უპასუხე ბაზრის საჭიროებებს: მაგალითად, როცა ვოლდემორის დაბრუნების შემდეგ ჯადოქრულ სამყაროში ბნელი ძალებისგან თავდაცვის საჭიროება დადგა, უისლებმა თავიანთი წარმოება კიდევ უფრო გააფართოვეს და დამცავი ქუდები, წამში დაბნელების ფხვნილი, სატყუარა დეტონატორები გამოიგონეს.

8. იპოვე სანდო ინვესტორი შენი ბიზნესისთვის

მართალია ტყუპი უისლები ბევრს შრომობდნენ თავიანთი გამოგონებების დასახვეწად და გასაფართოებლად, თუმცა საკუთარი მაღაზიის გასახსნელად საწყისი კაპიტალი ესაჭიროებოდათ. „უისლების ჯადოსნური ოინების“ მაღაზიის გახსნა ჰარიმ, სამი ჯადოქრის ტურნირზე გამარჯვებით მოპოვებული პრიზით, 1000 გალეონით დააფინანსა. ჰარის სჯეროდა ტყუპების წარმატების და მიიჩნევდა, რომ ასეთ რთულ დროს ცოტა სიცილი ჩვეულებრივზე მეტად დასჭირდებოდათ. ტყუპებიც არ უკარგავდნენ ჰარის შეტანილ წვლილს და თავიანთი პროდუქციით უფასოდ ამარაგებდნენ.

ბიზნესის დასაფინანსებლად სხვადასხვა წყარო არსებობს - საკუთარი სახსრები, კერძო ინვესტორი, საბანკო კრედიტი, ფასიანი ქაღალდები, ლიზინგი და სხვა. მნიშვნელოვანია, კარგად შეისწავლოთ თითოეული მათგანი, დადებითი და უარყოფითი მხარეები, მნიშვნელოვანი პირობები და თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი აირჩიოთ.

 

„ჰარი პოტერი“ ბრიტანელი ავტორის, ჯოან როულინგის მიერ დაწერილი 7 ნაწილიანი ფენტეზის ჟანრის წიგნების სერიაა. პირველი წიგნი 24 წლის წინ გამოიცა. სერიის მიხედვით გადაღებულია 8 ფილმი, წიგნები კი უამრავ ენაზეა ნათარგმნი.