კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

7 რამ, რაც სესხის ამოღებისას ფინანსურ ორგანიზაციებს აღარ შეეძლებათ

7 რამ, რაც სესხის ამოღებისას ფინანსურ ორგანიზაციებს აღარ შეეძლებათ

38423
4.1 / 5

ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღების პროცესი უკვე ეთიკის კოდექსით რეგულირდება. ეროვნული ბანკის ინიციატივით შემუშავებული სესხის ამოღების ეთიკის კოდექსი ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სესხის გამცემ სუბიექტებს სესხის ამოღების პროცესში გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვას ემსახურება. 

რა თქმა უნდა, ეს ყოველივე მსესხებელს ვალდებულებებისგან არ ათავისუფლებს. სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში ფინანსურ ორგანიზაციას შეუძლია მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს, მაგალითად, მსესხებლის ქონების გაყიდვას ან სხვა სამართლებრივ ქმედებებს, თუმცა, ვადაგადაცილებული სესხების ამოღების პროცესში ფინანსურ ორგანიზაციას არ შეეძლება:

კომუნიკაციისას გამოიყენოს შეურაცხმყოფელი ან მუქარის ტონი

როდესაც ფინანსური ორგანიზაცია გიკავშირდებათ სესხის ამოღების მიზნით, კომუნიკაცია არ უნდა გასცდეს საქმიანი და ზრდილობიანი ურთიერთობის ფორმებს. ორგანიზაციამ არ უნდა მოგაწოდოთ შეცდომაში შემყვანი ან არასწორი ინფორმაცია, რამაც შეიძლება ისეთი გადაწყვეტილებისკენ გიბიძგოთ, რასაც უტყუარი ინფორმაციის პირობებში არ მიიღებდით.

დაგირეკოთ ნებისმიერ დროს

ფინანსურ ორგანიზაციას შეუძლია დაგიკავშირდეთ ან ადგილზე ვიზიტი განახორციელოს მხოლოდ 9:00-იდან 20:00 საათამდე. ასევე თქვენთან დაკავშირება უნდა მოხდეს იმ რეკვიზიტებზე (ელ.ფოსტა, ტელეფონი, მისამართი და სხვ.), რომელიც ფინანსურ ორგანიზაციას აქვს თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან, განცხადებიდან ან საჯარო წყაროებიდან. 2022 წლის 1-ლი ივლისიდან კი ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული იქნება 2 თვით შეინახოს თქვენთან დისტანციური კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები (გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ ან თქვენმა საკონტაქტო პირმა უარი თქვით ჩანაწერების წარმოებაზე). 

დაურეკოს თქვენი ოჯახის წევრებსა თუ მეზობლებს მათი უარის მიუხედავად

ფინანსურ ორგანიზაციას სესხის ამოღების მიზნით დაკავშირება შეუძლია მხოლოდ იმ საკონტაქტო პირთან, რომელიც თქვენი სესხის განაცხადში ან ხელშეკრულებაშია მითითებული. ან ნებისმიერ თქვენთან დაკავშირებულ პირს (რომელიც არ არის თავდები, თანამსესხებელი, იპოთეკის/გირაოს მესაკუთრე) შეუძლია დაუკავშირდეს მხოლოდ თქვენი ადგილმდებარეობის დადგენის ან თქვენთან დაკავშირების მიზნით და არ გაუზიაროს მას თქვენს სესხზე რაიმე ინფორმაცია.

განაგრძოს თქვენს საკონტაქტო პირთან რეკვა მისი უარის მიუხედავად

როდესაც ფინანსური ორგანიზაცია უკავშირდება მსესხებლის საკონტაქტო პირს (რომელიც არ არის თავდები, თანამსესხებელი, იპოთეკის/გირაოს მესაკუთრე), მას აქვს უფლება მოსთხოვოს ფინანსურ ორგანიზაციას ამ საკითხზე კომუნიკაციის შეწყვეტა.  ამის შემდეგ, ფინანსურ ორგანიზაციას აღარ ექნება უფლება დაურეკოს საკონტაქტო პირს.  

დამალოს საკუთარი ვინაობა კომუნიკაციისას

ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელს ეკრძალება არასწორად წარუდგინოს თავი მსესხებელს ან მის საკონტაქტო პირს, მაგალითად მოაჩვენოს თავი აღსრულების ეროვნული ბიუროს ან სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლად. საკონტაქტო პირთან კომუნიკაციისას ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელმა უნდა დაასახელოს თავისი ვინაობა და ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენს. 

მოვიდეს საცხოვრებელ ადგილზე ქონების აღსაწერად

ფინანსურ ორგანიზაციას ეზღუდება თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრების საცხოვრებელ სახლში ვიზიტი, თქვენ საკუთრებაში არსებული ქონების აღწერის ან მისი რეალიზაციის მიზნით, თუ ამ ქმედების უფლებამოსილება მას კანონმდებლობით არ აქვს მინიჭებული. 

მიჰყიდოს თქვენი სესხი სების ზედამხედველობის გარე, ე.წ. „ამომღებ კომპანიებს“

ფინანსურ ორგანიზაციას თავისი საკრედიტო პორტფელის გასხვისება (შესაბამისად, თქვენი სესხის გაყიდვაც) შეუძლია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არსებულ სუბიექტებზე (გარდა გამონაკლისისა, როდესაც იურიდიული პირი თანხმობას განაცხადებს სესხის არაფინანსურ ორგანიზაციაზე გასხვისებაზე). ხოლო თუ ფინანსურმა ორგანიზაციამ პორტფელი სამართავად გადასცა სხვა პირს, ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება ისევ მის პასუხისმგებლობაში რჩება.