კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

7 გზა, როგორ ვხარჯოთ ნაკლები საახალწლოდ

7 გზა, როგორ ვხარჯოთ ნაკლები საახალწლოდ

406
4 / 5

საახალწლო ხარჯები
სადღესასწაულო დღეები კარს მოგვადგა და მასთან ერთად იმატებს ხარჯებიც. თან რამდენი დღესასწაული გვაქვს?! ახალი წელი, ბედობა, შობა, კიდევ ერთი ახალი წელი და ა.შ. დეკემბრის ბოლო და იანვრის პირველი ნახევარი გამორჩეულია სადღესასწაულო განწყობითა და მოსამზადებელი ფუსფუსით, თუმცა ამ ლამაზი დღეების დასრულების შემდგომ იმატებს ზედმეტი ხარჯვისგან გამოწვეული სინანული. სინანული კი ნამდვილად არასასიამოვნო შეგრძნებაა და ხშირად იმ დადებით ემოციებს გადაწონის, რაც იქამდე დავაგროვეთ. 

იმისათვის, რომ დღესასწაულების შემდგომაც შეინარჩნოთ პოზიტიური განწყობა და იანვრის მეორე ნახევარში სტრესი და სინანული აირიდოთ, გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ დახარჯოთ იმაზე ნაკლები, ვიდრე ზოგადად ხარჯავთ ხოლმე.

 

1) ითამაშეთ საჩუქრების გაცემის თამაში

Secret Santa
ახალი წლისა თუ შობის პერიოდში ნაკლების დახარჯვის ერთ-ერთი გზა, რამდენიმე საჩუქრის ნაცვლად მხოლოდ ერთის ან ორის ყიდვაა. საიდუმლო სანტა (Secret Santa) კარგი საშუალებაა სადღესასწაულო ხალისის გავრცელებასთან ერთად ფულის დაზოგვის. ითამაშეთ ის ოჯახსა თუ მეგობრებში, თქვენ არ დაგჭირდებათ საჩუქრების ყიდვა ოჯახის ყველა წევრისა თუ მეგობრისთვის, თუმცა საჩუქრის გარეშეც არავინ დარჩება. თანაც, იმის გამოცნობა, თუ ვინ არის თქვენი სანტა დამატებით ხალისს შემოიტანს თქვენს განწყობაში.

2) შეთანხმდით ხარჯვის ლიმიტებზე

მანამ, სანამ სავაჭრო ცენტრებსა თუ ონლაინ მაღაზიებს ესტუმრებით საჩუქრების ასარჩევად, ისაუბრეთ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ხარჯვის ლიმიტის დაწესების შესახებ. ეს არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს გარშემომყოფებსაც დაეხმარება ფულის დაზოგვაში და ასევე, გიბიძგებთ იყოთ შემოქმედებითები საჩუქრების გაცემისას. თანაც, ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ საჩუქრის ღირებულებას ფასი არ განსაზღვრავს.

3) შეადგინეთ სია და გაანაწილეთ თქვენი ბიუჯეტი

სია
გამოიყენეთ სია საჩუქრების, ტანსაცმლის, დეკორაციებისა თუ საკვების შესაძენად და გადაამოწმეთ ის რამდენჯერმე. ეს მეთოდი დაგეხმარებათ არ აყვეთ ემოციებს, იმ მომხიბვლელ შემოთავაზებებს და ფასდაკლებებს, რომლებიც ძალიან მაცდურია და გიბიძგებთ იყიდოთ ის, რაც სინამდვილეში არ გჭირდებათ. გარდა ამისა, გაიხსენეთ წარსული დღესასწაულები. ალბათ, ყველა ოჯახში მზადდება რამდენიმე ისეთი კერძი, რომელსაც არავინ არ ჭამს, თუმცა ყოველწლიურად მაინც ხვდება სუფრაზე. იქნებ დროა შეცვალოთ ეს მიდგომა და მხოლოდ იმ კერძებით შემოიფარგლოთ, რომლებიც თქვენ და თქვენს ახლობლებს გიყვართ. ეს ბევრ ადამიანს არა მხოლოდ ფინანსებს, არამედ დროსაც დაუზოგავს.

4) აჩუქეთ ის, რაც გაქვთ

ყველა ადამიანს აქვს ნივთები (ნაჩუქარი ან თუნდაც ნაყიდი), რომელიც არასდროს გამოუყენებია. არაფერი არ არის ცუდი იმაში, რომ ისინი საჩუქრებად გამოიყენოთ მაშინ, როცა იცით რომ ადრესატს ნამდვილად მოეწონება და იმაზე უკეთ გამოიყენებს, ვიდრე თქვენ.

5) გახდით ხელმარჯვე

ხელნაკეთი
ხელნაკეთი ნივთები ბევრს უყვარს და ძვირფასი ადამიანებისთვის (ან მათთან ერთად) საკუთარი ხელით გაკეთებულ ნივთებს სულ სხვა დატვირთვა აქვს. გამოიწვიეთ საკუთარი თავი, ოჯახის წევრები, მეგობრები თუ ახლობლები, აღმოაჩინეთ თქვენში დამალული ტალანტი და ყიდვის ნაცვლად თავად შექმენით საჩუქრები თუ დეკორაციები. საჭირო მასალების ყიდვა გაცილებით ნაკლები დაგიჯდებათ და პროცესიც მეტად ემოციური გამოვა. იგივე გააკეთეთ საჩუქრების შეფუთვაზეც.

6) დაუთმეთ დრო და აჩუქეთ თავგადასავალი

საახალწლო თავგადასავალი
საჩუქარზე მნიშვნელოვანი ერთად გატარებული დრო და ემოციების გაზიარებაა. იმის ნაცვლად რომ იყიდოთ საჩუქრები, გამოიყენეთ მათთვის განკუთვნილი თანხა და შექმენით ჯგუფური აქტივობა ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისთვის. ქალაქ გარეთ გასვლა, თეატრსა თუ კინოში წასვლა, სამაგიდო თამაშების საღამო და ა.შ. 

7) იყავით გულწრფელი

თუ ფინანსურ პრობლემებს განცდით და სადღესასწაულო სამზადისის დროს მეტი შფოთვა ან სტრესი გაქვთ, გირჩევთ, ესაუბროთ ადამიანებს, ვისაც ენდობით. დიდი შანსია, ისინი ისევე გრძნობენ თავს, როგორც თქვენ. თუ ხვდებით, რომ წელს არ გაქვთ საჩუქრების ყიდვის ფინანსური რესურსი ან არ გაქვთ საშუალება დიდი ოჯახური ვახშმის გამართვის, თქვენ უნდა იყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან და საყვარელ ადამიანებთან. აუხსენით, სად ხართ ფინანსურად და ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ყველამ ერთად იმუშაოთ, რათა შეამსუბუქოთ დღესასწაულის ფინანსური ტვირთი თქვენს მხრებზე.

ახალი წელი

 

და ბოლოს, მომავალში დღესასწაულებისთვის დაიწყეთ დაზოგვა რამდენიმე თვით ადრე. მცირე თანხების ყოველთვიურად გადადება ნაკლებად სტრესული იქნება თქვენი ფინანსებისთვის. გარდა ამისა, ნოემბერსა თუ დეკემბერში აღარ მოგიწევთ იმაზე დარდი, თუ როგორ გაანაწილოთ თქვენი შემოსავალი, რომელიც არასდროს არ არის საკმარისი, თუ მას გონივრულად არ ხარჯავთ.