კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

5 რჩევა „შავი პარასკევისთვის“

5 რჩევა „შავი პარასკევისთვის“

6413
4.6 / 5

შავი პარასკევი (Black Friday) მადლიერების დღის შემდეგ - ნოემბრის ბოლო პარასკევს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. ამ დღეს, ტრადიციულად, სავაჭრო და მომსახურების ობიექტები სპეციალურ ფასდაკლებებს გვთავაზობენ და ჩვენც ტრადიციულად, ამ პერიოდში მეტი ხარჯვისკენ ვართ მიდრეკილი.

თუ შავი პარასკევისთვის შოპინგს გეგმავთ, ან არ გეგმავთ, მაგრამ სავსებით შესაძლებელია რომ ფასდაკლების ბანერებმა მიიპყროს თქვენი ყურადღება, გადახედეთ რჩევებს, რაც გონივრულ ხარჯვაში დაგეხმარებათ:

1. წინასწარ შეადგინეთ საყიდლების სია

წინასწარ მოიფიქრეთ და ჩამოწერეთ სია, რისი ყიდვა გინდათ - ანუ რაც მართლა გჭირდებათ და ისედაც იყიდდით შავი პარასკევის გარეშე. წინასწარ გადახედეთ ფასებსაც - დღეს ამის გასაკეთებლად მაღაზიაში წასვლა სულაც არ გჭირდებათ, უმეტეს შემთხვევაში ინტერნეტითაც შეიძლება გაიგოთ. ამით თან დაახლოებით ბიუჯეტს განსაზღვრავთ, თან ზუსტად გეცოდინებათ, მართლა დააკლდა თუ არა თქვენთვის სასურველ ნივთს შავ პარასკევს ფასი (სამწუხაროდ, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ფასდაკლება რეალური არ აღმოჩნდება ხოლმე).

2. განსაზღვრეთ ბიუჯეტი და დაგეგმეთ, სად და როდის იყიდით

წინასწარ განსაზღვრეთ ის ბიუჯეტი, რომლის ზემოთაც აღარ დახარჯავთ თანხას. ასევე დაგეგმეთ, სად და როდის იყიდით - ხშირ შემთხვევაში მაღაზიები წინასწარ აანონსებენ შავი პარასკევის ფასდაკლებებს. მაგალითად, აპირებთ ონლაინ შოპინგს თუ ფიზიკურად მაღაზიებში მისვლას? თუ ფიზიკურად მისვლას აპირებთ, წინასწარ განსაზღვრეთ მარშრუტი და დრო, გაითვალისწინეთ ასეთ დროს ხალხმრავლობა. თუ ნივთების ინტერნეტით შესყიდვას გეგმავთ, წინასწარ დაათვალიერეთ ეს ვებგვერდები, გაეცანით შესყიდვის პირობებს და მიწოდების პოლიტიკას. თუ უცხოური ვებგვერდებიდან აპირებთ გამოწერას, გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ ვალუტის კონვერტაცია.

3. არ იყიდოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ფასდაკლებულია

50%-იანი ფასდაკლება, ან 2 1-ის ნაცვლად შემოთავაზება საკმაოდ მიმზიდველია ისეთ ნივთზეც, რომლის ყიდვასაც არ ვაპირებდით. სანამ რაიმეს შეიძენდეთ, დაფიქრდით: ყიდულობთ იმიტომ, რომ გსურთ ან გჭირდებათ, თუ ყიდულობთ იმიტომ, რომ კარგ ფასშია და იქნებ გამოიყენოთ კიდეც? გაიხსენეთ #1 რჩევა - სია და #2 რჩევა - ბიუჯეტი და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

4. ონლაინ შოპინგისას გაეცანით მომხმარებლების გამოხმაურებებს

თუ ნივთის შეძენას ინტერნეტით აპირებთ, კარგად შეისწავლეთ მომწოდებელი - რამდენად სანდოა და გამოცდილი, რამდენად სმენიათ სხვებს ამ მაღაზიის შესახებ, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი. გაეცანით მომხმარებლის შეფასებებსა და გამოხმაურებებს როგორც მომწოდებლის, ისე პროდუქტის შესახებ. გაეცანით პროდუქტის აღწერასაც, რათა ზუსტად იცოდეთ რა მიიღებთ. წაიკითხეთ შესყიდვის, მიწოდებისა და უკან დაბრუნების პირობები.

5. არ დაგავიწყდეთ კიბერუსაფრთხოების წესები

ონლაინ შოპიგისას ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი ბარათის მონაცემების მიმართ, რათა თქვენი ბარათის ინფორმაცია კიბერთაღლითებს არ ჩაუვარდეთ ხელში. ამისთვის დააკვირდით იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც ბარათის მონაცემები შეგყავთ, ის უნდა იწყებოდეს https://-ით, რათა თქვენი ინფორმაცია დაშიფრულად წავიდეს. არასდროს არ გაუზიაროთ ბარათის მონაცემები - ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, უსაფრთხოების CVV/CVC კოდი, ასევე ტრანზაქციის დამადასტურებელი ერთჯერადი პაროლი (OTP) მესამე პირებს: მაგალითად, როცა ინტერნეტით ნივთის ყიდვისას გამყიდველი ბარათისთვის სურათის გადაღებას, ან ბარათის მონაცემების მის მიერ გადმოგზავნილ ფორმაში შეყვანას გთხოვთ. ასევე, უმჯობესია, ონლაინ შესყიდვებისთვის ცალკე ბარათი გქონდეთ, რომელზეც ზუსტად იმდენ თანხას განათავსებთ, რამდენის დახარჯვასაც აპირებთ.