კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

5 რჩევა მომხმარებელს ბანკებთან ურთიერთობისას

5 რჩევა მომხმარებელს ბანკებთან ურთიერთობისას

3470
4.2 / 5

15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. იცით თუ არა, რომ თქვენ, როგორც მომხმარებლებს გარკვეული უფლებები გაქვთ ბანკებთან ურთიერთობისას? თქვენი უფლებების ცოდნა დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ გაუგებრობები და ზოგჯერ, ფინანსური ზარალიც, რაც შეიძლება ინფორმაციის ნაკლებობას მოჰყვეს. წარმოგიდგენთ 5 რჩევას, როგორ შეიძლება გამოიყენოთ თქვენი უფლებები თქვენს სასარგებლოდ:

1. ერთმანეთს შეადარეთ რამდენიმე ბანკის შემოთავაზება

თუ რომელიმე საბანკო პროდუქტით სარგებლობას აპირებთ, იქნება ეს სესხის აღება, დეპოზიტის განთავსება, ანგარიშის გახსნა თუ ბარათის შეკვეთა, ყოველთვის განიხილეთ რამდენიმე ბანკის შემოთავაზება, გადახედეთ პირობებს და თქვენთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი შეარჩიეთ. შეიძლება უპირატესობა ფასს მიანიჭოთ, ან ინოვაციურობას, ან ხელმისაწვდომობას და ა.შ.

თქვენი უფლებაა დასვათ შეკითხვები თქვენთვის საინტერესო ფინანსური პროდუქტის შესახებ და გაერკვიოთ პირობებში, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ბანკი კი ვალდებულია მოგაწოდოთ აუცილებელი, სრულყოფილი და უტყუარი ინფორმაცია.

როდესაც სესხს იღებთ, ან დეპოზიტით სარგებლობა გსურთ, სხვადასხვა ბანკის შემოთავაზების შედარებისას, ყურადღება მიაქციეთ სესხის/დეპოზიტის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, რადგან სესხთან თუ დეპოზიტთან დაკავშირებული ყველა ფინანსური ხარჯი სწორედ ეფექტურ განაკვეთშია ასახული.

2. წინასწარ მოითხოვეთ ხელშეკრულება

ხელშეკრულების პირობები თქვენსა და ბანკს შორის შეთანხმების საკითხია. იმისთვის, რომ ზუსტად გესმოდეთ თქვენ მიერ შესაძენი ფინანსური პროდუქტის ყველა პირობა, იცოდეთ, რა ვალდებულებები გიჩნდებათ ბანკთან, საჭიროა დეტალურად გაეცნოთ ხელშეკრულებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროთ ხელი.

ბანკი ვალდებულია წინასწარ, ხელმოწერამდე შემოგთავაზოთ იმ პროდუქტის ხელშეკრულება, რომელზე მოთხოვნაც დააფიქსირეთ. ეს საშუალებას მოგცემთ, მის წაკითხვას სათანადო დრო დაუთმოთ. ხელშეკრულებაში თქვენთვის შემოთავაზებული ყველა პირობა კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი, ასევე მითითებული უნდა იყოს დროის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ძალაში იქნება მასში აღწერილი პირობები. ხელშეკრულების ნახვა ბანკის ვებგვერდზეც შეგიძლიათ, რადგან ბანკი ვალდებულია თავისი ყველა პროდუქტის ხელშეკრულება ვებგვერდზეც გამოაქვეყნოს.

3. გაარკვიეთ, რა ხარჯები გექნებათ

როდესაც სესხის აღებას აპირებთ, გაარკვიეთ, გარდა პროცენტის სახით გადასახდელი თანხისა, კიდევ რა ხარჯები გექნებათ. ეს შეიძლება იყოს სესხის გაცემისა და ყოველთვიური მომსახურების საკომისიოები, დაზღვევის ხარჯი, უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის საფასური და ა.შ. ამ ყველაფერს ფინანსური ხარჯი ეწოდება და ერთიანად ასახულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისას, რომელიც გიჩვენებთ, რეალურად რა გიჯდებათ სესხის აღება. ამის ცოდნა, სხვადასხვა ბანკის შემოთავაზებების შედარებაშიც დაგეხმარებათ. 

თქვენი უფლებაა მოითხოვოთ, ხოლო ბანკი ვალდებულია მოგაწოდოთ ინფორმაცია პროდუქტის ფინანსური ხარჯების შესახებ. 

4. დაფიქრდით, სანამ თავდებობაზე დათანხმდებით

მანამ, სანამ ვინმეს თავდებობაზე დათანხმდებით, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რამდენად შეძლებთ თქვენ სესხის გადახდას იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ (ან არ) გადაიხდის. რადგან თავდებობით, თქვენც მსესხებლის მსგავსად იღებთ პასუხისმგებლობას სესხის გადახდაზე. აღებული სესხი აისახება თავდების საკრედიტო ისტორიაშიც. ასევე მოქმედებს თავდების შესაძლებლობაზე, აიღოს ახალი სესხი თავისთვის, რადგან ბანკი მისი სესხის განაცხადის განხილვისას გაითვალისწინებს მისი თავდებობით გაცემული სესხის შენატანსაც.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თავდებობის რისკებს აფასებთ, იღებთ და თანხმობას აცხადებთ თავდებობაზე, თქვენი უფლებაა გქონდეთ სრული ინფორმაცია სესხზე და მოითხოვოთ სესხის ხელშეკრულება და თავსართი.   

5. დააფიქსირეთ თქვენი პრეტენზია

თუ ფიქრობთ, რომ ბანკი თქვენს უფლებებს არღვევს, უფლება გაქვთ დააფიქსიროთ თქვენი პრეტენზია ამ ორგანიზაციაშივე. პრეტენზიის დაფიქსირება შეგიძლიათ ზეპირად, სატელეფონო ზარით, ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. ბანკი კი ვალდებულია შეისწავლოს თქვენი პრეტენზია და 1 თვის ვადაში გაცნობოთ მისი მოკვლევის დეტალები (გარდა ზეპირი პრეტენზიის შემთხვევისა). 

ზემოთ მოცემული 5 რჩევა არამარტო ბანკის, არამედ მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის (და მათი ნებისმიერი ფინანსური პროდუქტის) შემთხვევაშიც რელევანტურია. ისინი ერთად მოიხსენიება, როგორც ფინანსური ორგანიზაცია.

ფინანსური ორგანიზაციის მიმართ თქვენი პრეტენზიის დაფიქსირება, ასევე თქვენი უფლებების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საქართველოს ეროვნულ ბანკშიც, ადგილზე ვიზიტით, ცხელი ხაზის - (032) 2 406 406, ელექტრონული ფოსტის - cp@nbg.gov.ge, სოციალური ქსელის, ან ვებგვერდის საშუალებით.