კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

5 ფინანსური გაკვეთილი ჩვენი საყვარელი ტელესერიალებიდან

5 ფინანსური გაკვეთილი ჩვენი საყვარელი ტელესერიალებიდან

3122
4.3 / 5

სიცილსა და ცრემლებს შორის ტელესერიალებიდან ბევრი ცხოვრებისეული რამ შეიძლება ვისწავლოთ, გამონაკლისი არც პირადი ფინანსების შესახებ რჩევებია. წარმოგიდგენთ 5 ფინანსურ გაკვეთილს, რომელიც ჩვენი საყვარელი პერსონაჟების მაგალითზე შეიძლება ვისწავლოთ:

[გაფრთხილება: ტექსტი შეიძლება შეიცავდეს სპოილერებს]

1. შექმენი დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის

სერიალი „მეგობრები“ (Friends)

სამსახურის დაკარგვა ერთ-ერთი ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევაა, რომელმაც  შეიძლება ფინანსურად გვაზარალოს, თუკი მას ფინანსურად მომზადებული არ შევხვდებით. როდესაც მონიკა გელერს სამსახურიდან გაათავისუფლებენ („საჩუქრის“ მიღების გამო) და მამის, ჯეკ გელერისთვის ცდილობს ფინანსური დახმარების თხოვნას, ჯეკი ეუბნება: „სად მიდის შენი ხელფასის 10%?“ „ბანკში“ - პასუხობენ მონიკა და როსი. აქ ჯეკი მონიკას სწორედ დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ შეახსენებს - რომ დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ისეთი დანაზოგია, რომლისთვისაც ყოველთვიურად უნდა გადავდოთ თანხა, რადგან სამომავლოდ მსგავსი ფინანსური პრობლემების შემთხვევაში გამოვიყენოთ.

2. იმისთვის, რომ სესხი აიღო, უნდა იყო გადახდისუნარიანი

სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ (Sex and the city)

სესხის გაცემამდე ფინანსური ორგანიზაცია შეამოწმებს თქვენს შემოსავალს და გამოითვლის, რამდენად შეძლებთ თქვენი ხარჯებისა და სხვა ვალდებულებების გათვალისწინებით სესხის გადახდას - ანუ რამდენად გადახდისუნარიანი ხართ. როცა ქერი ბრედშოუს თავისი ბინის გამოსყიდვა სურს და ამისთვის ბანკს სესხის ასაღებად მიაკითხავს, აღმოჩნდება, რომ კრედიტის აღება არ შეუძლია, რადგან მთელი მისი ქონება ფეხსაცმელებია, რომლებშიც 40 000 დოლარამდე აქვს დახარჯული.  იმისთვის, რომ სესხის აღება და გადახდა უპრობლემოდ შეძლოთ, უნდა გქონდეთ სტაბილური შემოსავალი და სწორად ანაწილებდეთ მას: ყურადღება მიაქციოთ ხარჯებს, რათა ბევრი არააუცილებელი ხარჯის გაწევის გამო შენატანის გადახდაზე პრობლემები არ შეგექმნათ.

3. საკრედიტო ბარათიც სესხია და თუ გახარჯული თანხის უკან დაბრუნება არ შეგიძლია, არც უნდა დახარჯო

სერიალი „როგორ შევხვდი დედათქვენს“ (How I met your mother)

სადებეტო და საკრედიტო ბარათებს შორის ის განსხვავებაა, რომ სადებეტო ბარათით ჩვენს ფულს ვხარჯავთ, ხოლო საკრედიტო ბარათით გადახდისას, ნასესხები თანხა იხარჯება, რომელიც შემდეგ უკან უნდა დავუბრუნოთ ბარათის გამცემს და რიგ შემთხვევებში, პროცენტიც გადავიხადოთ. სერიალში აღმოჩნდება, რომ ლილი ოლდრინი შოპაჰოლიკია, რომელიც ისე გახარჯავს 15 საკრედიტო ბარათს მაღაზიებში, რომ ვერც კი აცნობიერებს, რამხელა ვალდებულებებია მის კისერზე.   

4. დაისახე ფინანსური მიზნები და იმოქმედე მათ მისაღწევად

სერიალი „ლაზიერის გამბიტი“ (The Queen’s Gambit)

ფინანსური მიზნების დასახვა გვეხმარება მეტის დაზოგვაში, ჩვენი შემოსავლისა და ხარჯების სწორად განაწილებაში. ელიზაბეტ ჰარმონი ადრეული ასაკიდანვე ისახავდა ზუსტ მიზნებს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა მათ მისაღწევად: ის ყიდულობდა წიგნებს ჭადრაკის შესახებ, ჭადრაკის სამგზავრო დაფას, ჟურნალებს, რათა დაეხვეწა თავისი უნარები და გაემარჯვა ტურნირებზე. გამარჯვების შემდეგ მიღებული ფულადი პრიზებით ბეთი თანდათან ფინანსურად დამოუკიდებელი გახდა. ამასთან, ის ყოველთვის აქცევდა ყურადღებას ტურნირში მონაწილეობის ხარჯებს: მგზავრობის, სასტუმროსა და კვების თანხებს, მონაწილეობის საფასურს და ა.შ.

5. დაბოლოს, „ლანისტერები ყოველთვის იხდიან თავიანთ ვალებს“

სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ (Game of Thrones)

ეს ცნობილი ფრაზა სამეფო კარის თამაშებიდან, კარგი შეხსენებაა იმისა, რომ ვალდებულებები ყოველთვის უნდა დაფაროთ. როდესაც ფინანსური ორგანიზაციისგან იღებთ სესხს, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას, რომ ნასესხებ თანხას შესაბამისი პირობების დაცვით დააბრუნებთ უკან. სესხის გადაუხდელობის გამო თქვენ შეიძლება გაგეზარდოთ ფინანსური ხარჯები, რადგან დაგეკისრებათ ჯარიმები; გაგიფუჭდეთ საკრედიტო ისტორია; დაკარგოთ სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული  ქონება და ა.შ.