კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის კომიტეტის IX სხდომა

განათლების კომიტეტი
საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგი, მე-9 სხდომა გაიმართა. 

კომიტეტის სხდომა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა და წევრ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ფინანსური განათლების პროექტების მხარდაჭერისათვის.

„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით,  რომ ფინანსური განათლების მაღალი დონე  მნიშვნელოვანია არა მარტო მოქალაქეებისათვის, არამედ ფინანსური და ბიზნეს სექტორებისთვისაც,  საბოლოო ჯამში კი, ქვეყნისთვისაც, ვინაიდან, საბოლოოდ, ყალიბდება ჯანსაღი ეკონომიკური გარემო. ამავდროულად, ფინანსური განათლება გრძელვადიანი და არც ისე მარტივი პროცესია, ამიტომ მოითხოვს ის საჯარო, კერძო და ფინანსური სექტორის ერთობლივ ძალისხმევას.“ - განაცხადა სებ-ის ვიცე პრეზიდენტმა.

ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის თავმჯდომარემ თეიმურაზ ხომერიკმა ისაუბრა ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე  და დამსწრეებს გააცნო კომიტეტის მუშაობის ფორმატი, რომელიც მოქნილობის, ეფექტიანობისა და გახსნილობის პრინციპების გათვალისწინებით მაქსიმალურად უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეების ჩართვას სტრატეგიის განხორციელებაში.

სხდომაზე ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან ახალკაცმა 2024 წელს ფინანსური განათლების აქტივობები შეაჯამა და მომავალი წლის გეგმები გააცნო კომიტეტის წევრებს.

განათლების კომიტეტი

შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ვახტანგ ბურკიაშვილი და კომიტეტის მუშაობაში ჩართული სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის 2024 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართული საჯარო, სამოქალაქო, საგანმანათლებლო და კერძო სექტორების წარმომადგენლები. 

კომიტეტის წევრების მიერ შეთანხმებული პრიორიტეტებისა და ორიენტირების შესაბამისად, 2025 წლის აქტივობებისა და პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების სამუშაო პროცესი ეროვნული ბანკის ორგანიზებით უკვე მუშა ჯგუფებში გაგრძელდება და კომიტეტის შემადგენლობაც ახალი, 2025 წლის სამოქმედო გეგმაში ჩართვის მზაობის შესაბამისად განახლდება.

ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პირველი ვერსია 2016 წელს დაამტკიცა, ხოლო 2023 წელს საქართველოში დაგროვილი გამოცდილებისა და გამოწვევების ფონზე ამ დოკუმენტის განახლებული ვერსიაც მიიღო. განსაზღვრავს რა პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ამოცანებს, სტრატეგია ფინანსური განათლებით დაინტერესებული მხარეებისთვის  სარეკომენდაციო ხასიათის ჩარჩო დოკუმენტს წარმოადგენს, რაც მოქმედებების კოორდინაციასა და ურთიერთშესაბამისობას უზრუნველყოფს. აღნიშნული ხელს უწყობს ფინანსური განათლების მასალებსა და აქტივობებზე წვდომის ზრდას ყველა, განსაკუთრებით კი მოწყვლადი სამიზნე ჯგუფებისთვის, მდგრადი და დროში განვრცობადი შედეგების მისაღწევად. სტრატეგიის დანერგვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით ჩამოყალიბდა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტიც, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დაინტერესებული მხარეები სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორებიდან. აღნიშნული კომიტეტი მინიმუმ წელიწადში ერთხელ იკრიბება ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარება-დანერგვასთან დაკავშირებული მიდგომებისა და რეკომენდაციების შემუშავებისა და მისი მხარდაჭერის მიზნით.