კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

2022 წლის გლობალური ფულის კვირეული დასრულდა

GMW2022
საქართველოს ეროვნული ბანკის და ფინანსური განათლების პორტალი finedu.gov.ge-ს ორგანიზებით გლობალური ფულის კვირეული საქართველოში წელს მერვედ აღინიშნა. ღონისძიებაში ორგანიზატორი მხარის გარდა ჩართულნი იყვნენ: კომერციული ბანკები:  „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“ „ბაზისბანკი“, „კრედო ბანკი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე,  არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაცია.

გლობალური ფულის კვირეული მსოფლიოს გარშემო 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას.

2022 წლის კვირეული 21-დან 27 მარტის ჩათვლით აღინიშნა და მისი დევიზი იყო: „შექმენი შენი მომავალი, მოეპყარი გონივრულად ფულს!“ (Build your future, be smart about money!)

კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ფორმატის აქტივობები განხორციელდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ღია ლექცია, კონკურსები, ვებინარები, ფეისბუქლაივები, ბლოგები, პუბლიკაციები - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რაც ღონისძიების ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა და მისმა ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუმ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა განახორციელეს.

კობა გვენეტაძე
გლობალური ფულის კვირეული 21 მარტს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) ორგანიზებით გამართული ღონისძიებით გაიხსნა, სადაც სხვა ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემაც მიიღო.  

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მიზნად ახალგაზრდა თაობაში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ცნობიერების ამაღლებას ისახავს. ამავე ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ უნივერსიტეტში ლექცია გამართა და ვრცლად ისაუბრა ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რას საქმიანობს ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ამ მიმართულებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმის, ფინედუს არხით მთელი რიგი აქტივობები განხორციელდა. 

ბლოგების კონკურსი სახელწოდებით „შექმენი შენი მომავალი, მოეპყარი გონივრულად ფულს!“

კონკურსის მიზანი ფულისა და ფინანსური განათლების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. კონკურსი პარალელურად უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა, თითოეულმა  მონაწილემ კი საკუთარი, უნიკალური წვლილი შეიტანა პროექტის მხარდასაჭერად. საპრიზო ფონდის სახით გამოყოფილი თანხა კონკურსის 17 გამარჯვებულის სახელით - თითოეულისაგან 500 ლარის ოდენობით - უკრაინის მხარდასაჭერ ანგარიშებზე გადაირიცხება.

ნახატების კონკურსი „ფული და მშვიდობა“

18 წლამდე ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი კონკურსი კვირეულის ძირითადი თემის გარდა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და მშვიდობის საყოველთაო იდეას ეხმაურებოდა. ნაშრომებზე ქართული ან უკრაინული ფული (ბანკნოტები ან მონეტები) და  მშვიდობის იდეის გამომხატველი ელემენტები უნდა ყოფილიყო გამოსახული. 200-მდე ნახატიდან 5 მომხმარებლის რჩეული და 5 ჟიურის ფავორიტი ნამუშევარი გამოვლინდა, 5 მონაწილემ კი კონკურსის იდეის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სერტიფიკატი დაიმსახურა.

შემოსული ნახატების ფინედუს ვირტუალურ გალერეაში აიტვირთა, რომელიც მუდამ მზადაა, მიიღოს დამთვალიერებლები - იხ. ბმული.

კონკურსების გარდა, კვირეული დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით.

„მოიწვიე ფინედუს დესპანი კლასში“

22-დან 25 მარტის ჩათვლით საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს დესპანებმა 34 პედაგოგის მიერ დარეგისტრირებულ 25 სკოლის რვაასამდე IV-VI კლასის მოსწავლეს ფულის ისტორიის, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობაზე გაკვეთილები ჩაუტარეს.  დესპანების სახით ღონისძებაში ეროვნული ბანკისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების (თიბისი ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაცია) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული აქტივობის ფოტოგალერეა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ფეისბუქჩართვები (ე.წ. Live-ები)

რუბრიკაში „ექსპერტი ფინედუზე“  ეროვნული ბანკის ექსპერტები აუდიტორიის წინაშე 3 საინტერესო და განსხვავებული თემით წარდგნენ: 

"ქართული ფულის ევოლუცია"

ქართული ფულის ევოლუცია

"ციფრული ლარი და კრიპტოვალუტები - რას უნდა ველოდოთ?"

ციფრული ლარი და კრიპტოვალუტები - რას უნდა ველოდოთ?

"განახლებული ლარის ბანკნოტები და მათი დამცავი ნიშნები"

განახლებული ლარის ბანკნოტები და მათი დამცავი ნიშნები

აღწერა_აქ

აღნიშნულ ლაივებზე აუდიტორიას საშუალება მიეცა გაცნობოდნენ ქართული ფულის წარსულს, აწმყოსა და მომავლის პერსპექტივებს.

გარდა ამისა, რუბრიკაში "Finოსოფიური დღიურები"  ახალგაზრდა ანტრეპრენერმა, ნიკოლოზ გოგოჭურმა, ახალგაზრდებს ფულისადმი გონივრული მოპყრობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

თემატური საგანმანათლებლო მასალები

ფინედუს გვერდზე კვირეულის ფარგლებში გამოქვეყნდა თემატური ბლოგი „10 ფაქტი ქართული ფულის ისტორიიდან“ და ტესტი „რამდენად კარგად იცნობთ ქართულ ფულს“, რომლებიც მიზნობრივ აუდიტორიას ქართული ფულის ისტორიისა და თანამედროვეობის შესახებ ინფორმაციას აუდიტორიას სახალისო გზით აწვდიდნენ.

კვირეულის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შეჯამება მოგვიანებით მოხდება სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზეც, ხოლო საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება კვირეულის საერთაშორისო ორგანიზატორის ვებგვერდზე, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად მოცემულია საქართველოს ყოველწლიური შედეგებიც - https://globalmoneyweek.org/countries/142-georgia.html