კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

გლობალური ფულის კვირეული საქართველოში მეშვიდედ აღინიშნა

გლობალური ფულის კვირეული
საქართველოს ეროვნული ბანკის და ფინანსური განათლების პორტალი finedu.gov.ge-ს ორგანიზებით "გლობალური ფულის კვირეული" (შემდგომში მოხსენიებული, ასევე, როგორც კვირეული) საქართველოში წელს მეშვიდედ აღინიშნა. ღონისძიებაში ორგანიზატორი მხარის გარდა ჩართულნი იყვნენ: კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე,  არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო", საქართველოს საბანკო ასოციაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიების და განათლების ფაკულტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. 

გლობალური ფულის კვირეული
გლობალური ფულის კვირეული მსოფლიოს გარშემო 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას.

2021 წლის კვირეულის დევიზი იყო: "გაუფრთხილდი საკუთარ თავს, გაუფრთხილდი საკუთარ ფულს" ("Take care of yourself, take care of your money")

კვირეულის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა ფორმატის 40-ზე მეტი აქტივობა განხორციელდა. კერძოდ, გამოქვეყნდა საგანმანათლებო ვიდეო რგოლები დაზოგვასა და მომხმარებელთა უფლებებზე, ჩატარდა სპეციალური კონკურსი ფულსა და ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე, განხორციელდა სხვადასხვა ვებინარი თუ ტრენინგი, დისტანციური და პირისპირი შეხვედრები, გამოქვეყნდა ბლოგები და პუბლიკაციები, გარდა ამისა, კვირეულის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი მასალები გამოქვეყნდა ჩართული ორგანიზაციების სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე, კვირეულის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა სხვადასხვა მედიაარხის საშუალებით. 

კონკურსი
კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუმ საქართველოში მცხოვრებ 12-დან 18 წლის ჩათვლით მოზარდებისთვის განახორციელა კონკურსი სახელწოდებით "ფული და ფულის სამყარო". კონკურსის ფარგლებში, 22-დან 26 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, დღეში 2-ჯერ, 18:00 და 20:00 საათზე, ფინედუს ფეისბუქგვერდზე თითო საკონკურსო ვიდეოშეკითხვა ქვეყნდებოდა ფულისა და ფულის სამყაროს შესახებ შეკითხვებზე სწორი პასუხების მიხედვით,  სულ გამოვლენილ იქნა 15 გამარჯვებული, რომელთაც ეროვნული ბანკის მიერ ბრენდირებული საჩუქრები, წიგნი-ალბომი "ფული საქართველოში" და სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. კონკურსის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით 5,000-ზე მეტ პირდაპირ და 21,000-ზე მეტ არაპირდაპირ ბენეფიციარს (სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები, მშობლები და სხვა) მისწვდა. კონკურსით დაინტერესებულ მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა ფულის, ფულისა და საბანკო სისტემის ისტორიის შესახებ. ვიდეოშეკითხვების კონკურსის ფარგლებში გამოყენებული შეკითხვები შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოგალერეაში. 

კვირეულის ფარგლებში ფინედუს ფეისბუქგვერდის და ვებგვერდის მეშვეობით განხორციელდა სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობა. გამოქვეყნდა პოსტები, ბლოგები, სტატიები, ტექსტები ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფულის კვირეულის აღნიშვნა, ფულის მუზეუმის ისტორია, საინტერესო ფაქტები ქართული ლარის შესახებ, ინფორმაცია საინვესტიციო და საკოლექციო მონეტების შესახებ, ბლოგები და სტატიები დაზოგვასა და ბიუჯეტირებაზე, ფულის ისტორიაზე.   

გლობალური ფულის კვირეული
კომერციულმა ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა კვირეულის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება გამართეს. ფონდი კრისტალისა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალის მიერ ახალგაზრდებისათვის ჩატარდა  ონლაინ ვებინარი და ტრენინგი, რომლებიც ფინანსური განათლების, დაზღვევის და პირადი ბიუჯეტის მართვის საკითხებს შეეხო. გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში გამოქვეყნდა საგანმანათლებლო ვიდეორგოლები მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემატიკაზე, დაიწერა და ფინედუს ვებგვერდზე გამოქვეყნდა საგანმანათლებლო სტატიები დაზოგვისა და ფულის შესახებ. საქართველოს ბანკის მიერ სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სხვადასხვა მასალა, მათ შორის შემეცნებითი ვიდეორგოლები დაზოგვასა და ხარჯების შემცირებაზე, პოსტები და ქვიზი (ტესტი) ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში. თიბისი ბანკის მიერ ვებგვერდზე www.helloblog.ge (ამავე ბანკის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდი სხვადასხვა თემატიკის ბლოგებით) გამოქვეყნებულ იქნა ბლოგი "ფულის ევოლუციის შესახებ", ასევე, თემატური ქვიზი სახელწოდებით "გვითხარი, როგორ ხარჯავ ფულს და გეტყვი, რომელ თაობას მიეკუთვნები". ლიბერთი ბანკის მიერ ჩატარდა დისტანციური ვებინარი ფინანსურ უსაფრთხოებასა და მის მნიშვნელობაზე. 
გლობალური ფულის კვირეული
ფინკა ბანკის, კრედო ბანკის, ტერაბანკისა და ბაზისბანკის მიერ სოციალურ ქსელებში და ვებგვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია კვირეულის და მისი მნიშვნელობის შესახებ.  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისის მიერ დაორგანიზდა ვებინარი 14-18 წლის ახალგაზრდებისთვის, რომელზეც მსმენელებს მიეწოდათ ინფორმაცია ფინანსური განათლების და მისი მნიშვნელობის, დაზოგვისა და პირადი ბიუჯეტის, სესხების და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნულ ვებინარს უძღვებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.

გლობალური ფულის კვირეული
საქართველოს საბანკო ასოციაციის ორგანიზებით დაიგეგმა და ჩატარდა ონლაინ ვებინარი, თემაზე "გაუფრთხილდი საკუთარ თავს, გაუფრთხილდი საკუთარ ფულს", რომელშიც საბანკო ასოციაციის წარმომადგენლების გარდა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის, თიბისი ბანკის, ფინკა ბანკი საქართველოსა და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები. მათ მიერ საინტერესოდ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია ფინანსური განათლების, დაზოგვის გზების და მნიშვნელობის, პირადი ფინანსების მართვის შესახებ და სხვა.

გლობალური ფულის კვირეული
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლემ კვირეულის ფარგლებში, ტრადიციულად, აღნიშნა აფლატუნის საერთაშორისო დღე, რომლის მიზანსაც მოსახლეობაში  სოციალური და ფინანსური განათლების მიმართ ცნობადობის ზრდა წარმოადგენს. კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის გაიმართა ვებინარები ფულის ისტორიისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ.  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიების და განათლების ფაკულტეტის მიერ გაიმართა ვებინარი სტუდენტებისთვის, რომელიც ფულის ტრანსფორმაციას ეხებოდა. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ ინფორმაცია ფულის ისტორიის შესახებ, გასცნობოდნენ ფულის ევოლუციისა და ტრანსფორმაციის გზებს, დაფიქრებულიყვნენ ფინანსური უსაფრთხოების შესახებ. 

გლობალური ფულის კვირეული
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ორგანიზებით და "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებლის, გიორგი კეპულაძის, ჩართულობით ახალგაზრდებისთვის საბანკო პროდუქტების შესახებ პირისპირ ტრენინგი ჩაატარა, რის ფარგლებშიც მონაწილეებმა მოუსმინეს პრეზენტატორს და იმსჯელეს ფინანსური პროდუქტების, შემოსავლის რაციონალურად მართვისა და დაზოგვის შესახებ.  

გლობალური ფულის კვირეული
"ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ" ახალგაზრდებისთვის ონლაინ ვებინარი ჩაატარა სახელწოდებით "გაუფრთხილდი საკუთარ თავს, გაუფრთხილდი საკუთარ ფულს", რომელზეც ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა ისაუბრა კვირეულის და ფინანსური განათლები  მნიშვნელობაზე, ხოლო ჯუნიორ ეჩივმენტის წარმომადგენელმა ისაუბრა ფულის ფუნქციებსა და დაზოგვის მნიშვნელობაზე, სესხებზე, ინვესტიციებზე და სხვა საკითხებზე. 120-ზე მეტ სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა ვებინარში. 

გლობალური ფულის კვირეულის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ასევე სხვადასხვა მედია არხების საშუალებით. ბიზნეს მედიის საქმიანი დილის ეთერში საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ, კვირეულისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ინფორმაცია კვირეულის აღნიშვნის და მისი მნიშვნელობის შესახებ გავრცელდა შემდეგ ვებგვერდებზეც: ghn.ge, pia.ge, on.ge, gbc.ge, bm.ge, bpn.ge.  

ჯამში, მრავალი ორგანიზაციის ჩართულობისა და მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად წლევანდელი გლობალური ფულის კვირეულის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით 1 230 000-ზე მეტ მომხმარებელს მისწვდა.