კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

„შიში შეიქმს წინდახედულობას“ ანუ როგორ ვიგრძნოთ თავი დაცულად

„შიში შეიქმს წინდახედულობას“ ანუ როგორ ვიგრძნოთ თავი დაცულად

1157
4.6 / 5

„არცოდნა არცოდვააო“, უთქვამთ, მაგრამ არა მაშინ, როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს ეხება. სანამ სწავლას მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) გავაგრძელებდი, ადამიანის უფლებებზე მეც, ისევე, როგორც ადამიანების უმეტესობას, ზოგადი წარმოდგენა მქონდა. „საჯარო სამართალი“- ასე ერქვა საგანს, რომელსაც საკმაოდ მკაცრი შესახედაობის ლექტორი გვიკითხავდა და რაღა დაგიმალოთ, მალევე მივხვდით, რომ წინ რთული დღეები გველოდა. თუმცა, სწავლის პროცესი ბევრად საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ადამიანის უფლებების განხილვას ცალკე ლექცია დაეთმო და ჩემი ზოგადი წარმოდგენა, ნელ-ნელა, სიღრმისეულ ცოდნაში გადაიზარდა. „ცოდნა კი ძალაა“ და დავრწმუნდი, რომ განსაკუთრებით მაშინ ხარ ძლიერი, როდესაც შენი უფლებები კარგად იცი.

ხელშეკრულება და "გაურკვევლობა"  

ვიდრე ადამიანის უფლებები საყოველთაო ხასიათს შეიძენდა, დიდი გზა გაიარა და როგორც კონცეფცია, თანდათან ვითარდებოდა კაცობრიობის ისტორიასთან ერთად. „მომხმარებელთა უფლებების დაცვაც“ ამ განვითარების ერთ-ერთი მაგალითია და 15 მარტს, 1983 წლიდან უამრავ ქვეყანაში აღინიშნება. ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და ცნობიერების ამაღლება, დღესდღეობით, უფრო მარტივია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო, რაც, გარკვეულწილად, ინტერტნეტის დამსახურებაა. სოციალურ ქსელებსა თუ საგანმანათლებო ვებ-პორტალებზე ხშირად შევხვდებით სტატიებს ფინანსური უსაფრთხოების, კიბერთაღლითობისგან დაცვასა თუ ზოგადად, ინტერნეტში უსაფრთხოების შესახებ. მოგვიწოდებენ, რომ გულდასმით გავეცნოთ ხელშეკრულებებს, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გაურკვევლობები პირობებთან დაკავშირებით.

მსგავსი „გაურკვევლობა“, სამწუხაროდ, მეც გადამხდა, როდესაც 18 წლის ვიყავი. მაგ პერიოდში უკვე ვმუშაობდი, მაგრამ მოულოდნელად დამჭირდა თანხა, რომელსაც იმ მომენტში ვერავის გამოვართმევდი, ხელფასის დღეც არ იყო ახლოს. ამიტომ, ერთ-ერთ ბანკს მივმართე სწრაფი სესხის ასაღებად. პროცედურა მარტივად გავიარე და ხელშეკრულების ფურცელსაც მალე მოვაწერე ხელი, რადგან არც წაკითხვის დრო იყო, და თან ვიფიქრე, ისეთი რა უნდა ეწეროს, რაც არ ვიცი-მეთქი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სწორედ უმთავრესი რამ არ ვიცოდი: სესხის დაფარვა წარმომედგინა, როგორც „განვადება“ ყოველთვიური შენატანით, ანუ, პირობითად, იღებ სესხს 100 ლარის ოდენობით, შემდეგ კი გარკვეულ თანხას, მაგალითად 20 ლარს, იხდი პერიოდულად, სანამ ამ 100 ლარს არ დაფარავ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ უსასრულოდ უნდა მეხადა ეს 20 ლარი, რომელიც მხოლოდ გადავადების საკომისიოს შეადგენდა. საბოლოოდ კი ამ ნასესხები 100 ლარის ერთიანად დაფარვა მომიწია.

თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ადამიანი შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი ადამიანები კი - სხვის შეცდომებზე.

ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ხელშეკრულების პირობებს თავიდნავე გაეცნოთ, მოითხოვეთ ნიმუში ასლის სახით სანამ ხელს მოაწერთ (მომხმარებლის უფლებაა), რათა მშვიდად და დეტალურად გაეცნოთ პირობებს ან/და რაიმე პუნქტი არ გამოგრჩეთ, ეს კი დაგიცავთ სხვადასხვა გარუკვევლობისა თუ მოულოდნელობისგან ფინანსურ ორგანიზაციასთან უერთიერთობის დროს. ჩემი ეს „მწარე“ გამოცდილება, ალბათ, დიდი ხანი მემახსოვრება, თუმცა ამ მხრივ პოზიტიური ცვლილებაა ის, რომ „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა“ გაამკაცრა გარკვეული პირობები და სავალდებულო გახდა ხელშეკრულების თავსართი, სადაც მოცემულია მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად გადახდის თარიღები, საკომისიოები და ა.შ. 

სანამ იმაზე ვმსჯელობთ, რომ ინტერნეტი ინფორმაციის მოძიების იოლი და ხელმისაწვდომი ფორმაა, მისი კიდევ ერთი სარგებელიც უნდა აღვნიშნოთ: ინტერნეტის საშუალებით შეგვიძლია სახლიდან გაუსვლელად ვიყიდოთ ჩვენთვის სასურველი ნივთები, გადავიხადოთ კომუნალურები ან განვახორციელოთ ნებისმიერი გადარიცხვა, რაშიც ინტერნეტბანკების აპლიკაციები გვეხმარება. თუმცა, არც ამ შემთხვევაში ვართ ბოლომდე დაცულნი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ბარათზე უშუალო შეხება არავის აქვს. რამდენიმე თვის წინ ერთ ძალიან საინტერესო სერიალს მივაგენი - „შავი სარკე“. იცოდით, რომ თქვენი მობილური, პლანშეტი, ტელევიზორი ან ნებისმიერი ციფრული ტექნიკა შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სარკე? დიახ, შავი სარკე ყველგანაა და მათ ყურებაში ძალიან დიდ დროს ვატარებთ. აი, ახლაც, თუ ეკრანს გავთიშავთ და ჩავაბნელებთ, ჩვენს ანარეკლს დავინახავთ მასში. ეს არის სერიალი, რომელმაც აწმყოსა და მომავლის შიში გამიჩინა ტექნოლოგიების „ცუდი“ მხრივ განვითარების და/ან გამოყენების თვალსაზრისით.

„შიში შეიქმს წინდახედულობას“

დიახ, ამ შემთხვევაში „წინდახედულობას“ და არა „სიყვარულს“ - გამიელვა ამ აზრმა და მას მერე უფრო ფრთხილი გავხდი ონლაინ შოპინგებსა თუ სხვადასხვა ტრანზაქციის დროს. გამახსენდა, როგორ ვენდე „ლამაზად შეფუთულ“ საიტს ასეთივე ლამაზი ჩანთის გამოსაწერად წლების წინ, თუმცა, სამწუხაროდ, არც ჩანთა ჩამომივიდა და ვერც თანხა დავიბრუნე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ არსებობდა PayPal და მსგავსი სანდო საგადასახადო სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს თანხის უსაფრთხოდ გადარიცხვას ან დაბრუნებას და პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მაქსიმალურად იცავს მომხმარებლების უფლებებს.  ამიტომ, აუცილებლად დააკვირდით იმ საიტს, საიდანაც გეგმავთ გამოწერას - ნახეთ შეფასებები, დააკვირდით, აქვს თუ არა უსაფრთხო გადახდის სისტემის მხარდაჭერა და მხოლოდ ამის შემდეგ იშოპინგეთ. სხვა შემთხვევაში კი გირჩევთ, ინტერნეტ შესყიდვებისთვის ცალკე საბარათე ანგარიში გახსნათ, სადაც ლიმიტირებული თანხა გექნებათ და უარეს შემთხვევაში ინტერნეტ-თაღლითები მხოლოდ მცირე თანხის წაღებას მოახერხებენ და არა - მთელი დანაზოგის ან ხელფასის. 

Phishing-ის შესაძლო მსხვერპლი

ზემოხსენებული პრობლემის კერძო სახეა ე.წ. “Phishing”, რომლის მსხვერპლიც, შესაძლოა, დედაჩემი გამხდარიყო, ჩემთვის რომ არ „ეხარებინა“ – 500 ლარი მოვიგე და ნახე აბა, მართალიაო? ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის ყალბი ვებ-გვერდი სწერდა, რომ ასე „არსაიდან“ გამარჯვებული გახდა და აღნიშნული პრიზის მისაღებად სთხოვდა პირად მონაცემებს, მათ შორის ანგარიშის ნომერს, CVC კოდს და მობილურზე სმს-ის სახით მისულ ოთხნიშნა რიცხვს. ამ მონაცემების სხვისთვის გადაცემა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ თქვენს ანგარიშზე არსებულ თანხას სრულიად უცნობ ადამიანს თქვენივე ხელით „ჩუქნით“. ბევრი ადამიანი ტყუვდება მსგავსი კიბერთაღლითობის შედეგად, რადგან მარტივად იჯერებენ როგორც სანდო წყაროსგან მიღებულ შეტყობინებას, იქნება ეს რომელიმე ბანკი, ორგანიზაცია თუ კერძო პირი. ამიტომ, კარგად დააკვირდით, არ გადახვიდეთ მსგავს ბმულზე და მითუმეტეს არ მისწეროთ თქვენი მონაცემები სხვას, თუნდაც ეს წერილი თქვენი ნაცნობისგან იყოს გამოგზავნილი. 

მაგრამ, ისე არ გამოგვივიდეს, რომ ერთ დღეს მართლა მოვიგოთ, ჩვენ კი იმედგაცრუებლმა დავაიგნოროთ მორიგ ტყუილად აღქმული შეტყობიენება.

ეს ხუმრობით. 

ხუმრობის გარეშე კი გირჩევთ, რომ ვიყოთ ყურადღებით, ვარჩევდეთ ტყუილს მართლისაგან და წინდახედულობა ვაქციოთ ჩვენი უფლებების მთავარ იარაღად - გვახსოვდეს, რომ საკუთარ თავზე უკეთ ვერავინ დაგვიცავს.