კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ფინანსური თავისუფლების მოპოვების 8 ეტაპი ემიგრანტებისთვის

ფინანსური თავისუფლების მოპოვების 8 ეტაპი ემიგრანტებისთვის

842
5 / 5

ემიგრაცია, გზა, რომელსაც უამრავი ადამიანი ირჩევს ფინანსური კეთილდღეობისთვის, მაგრამ რამდენად მარტივად შეუძლიათ ადამიანებს ფინანსური კეთილდღეობის და თავისუფლების  მოპოვება? ფინანსური თავისუფლება ყველაზე კარგად ასახავს იმ სასურველ მდგომარეობას, რომელსაც ფინანსური უზრუნველყოფასა თუ ფინანსური დამოუკიდებლობას ვეძახით. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ მოვიპოვო ფინანსური თავისუფლება, თუ მისი მარტივად მიღწევის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას? რა თქმა უნდა, ყველაფერს, მათ შორის, ამ მიზანსაც აქვს თავისი ეტაპები. არ იფიქროთ, რომ ამ ეტაპების გავლა რთულია, გახსოვდეთ, ისინი რეალურად გეხმარებათ გონივრული ფინანსური ჩვევების გამომუშავებაში, რაც საბოლოოდ საშუალებას მოგცემთ, შექმნათ თქვენი წარმატებული ფინანსური მომავალი. 

მოდით, თითოეულ ეტაპს ცალ-ცალკე გავეცნოთ:

1. დაისახეთ ფინანსური მიზნები

პირველი ეტაპზე დაიწყეთ ფინანსური მიზნების დასახვა. ფინანსური მიზანი შეიძლება,  როგორც თქვენი საჭიროებებიდან, ისე თქვენი სურვილებიდან მომდინარეობდეს. თუმცა, აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ფინანსური მიზნები არა მხოლოდ თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე, არამედ დამატებითი შემოსავლის გაჩენის შესაძლებლობებზეც იყოს მორგებული. ფინანსური მიზნის დასახვა იმ სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ, რომლებსაც, შესაძლოა ამ გზაზე შეხვდეთ. მიზნების დასახვით მომავალი ცხოვრების სასურველ სტილს და მის მისაღწევად საჭირო დროის პერიოდს წინასწარ გეგმავთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ ფულს კონკრეტული მიზნისთვის არ დაზოგავთ, დიდი ალბათობით, იმაზე მეტი ხარჯი გექნებათ, ვიდრე ამას თქვენი საჭიროებები მოითხოვს. 

2. შექმენით ბიუჯეტი და დაითვალეთ (არ შეგეშინდეთ, მარტივია)

ბიუჯეტის შექმნის და გამოთვლის ეტაპმა არ შეგაშინოთ. ამისთვის რთული მათემატიკური ფორმულები და დიდი დრო სულაც არ დაგჭირდებათ. აიღეთ ფურცელი, კალამი, დაფიქრდით და დაწერეთ, რამდენია თქვენი თვიური შემოსავალი და რამდენია აქედან სავალდებულოდ გასაწევი ხარჯი. ეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ დღევანდელი სურვილებისთვის გამიზნული თანხა და მეტი ოდენობით თანხა გადადოთ დანაზოგზე იმ  სამომავლო სურვილებისა და დასახული მიზნებისთვის, რომელიც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. როდესაც უკვე გეცოდინებათ სტაბილურად რა თანხის გადადებას შეძლებთ ყოველთვიურად, შეგიძლიათ გამოითვალოთ დაახლოებითი რა ასაკში შეძლებთ მიზნის მიღწევას. ეს ყოველივე დაგეხმარებათ, სისტემატიურად აკონტროლოთ თქვენი ხარჯები, შეძლოთ დაზოგვა და დაგეგმოთ ინვესტიციები.

3. პირველ რიგში სავალდებულო ხარჯები დაფარეთ

სავალდებულო ხარჯების პრიორიტეტულობაზე თავად სიტყვა „სავალდებულო“ მიუთითებს. სავალდებულო ხარჯია, მაგალითად, გადასახადები, რაც ემიგრაციის ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია, ასევე სესხი, კვებაზე გასაწევი ხარჯები და ა.შ. თქვენი შემოსავლიდან პირველ რიგში სავალდებულო ხარჯების გასტუმრება, თავიდან აგაცილებთ ისეთ არაჯანსაღ შეგრძნებებს, რომელიც საჭირო თანხების მუდმივ უკმარისობას უკავშირდება, რაც თავის მხრივ, დამატებითი ვალდებულების აღებისკენ გიბიძგებდეთ. ჯარიმის სახით დამატებითი ხარჯები თავიდან რომ აიცილოთ, აუცილებლად მიყევით სესხის დაფარვის გეგმას, რომელიც თქვენს მომსახურე ბანკთან წინასწარ გაქვთ შეთანხმებული. 

4. შექმენით დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის

დანაზოგიდან, რომელსაც გააკეთებთ, გირჩევთ, გარკვეული ნაწილი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვისაც გადადოთ. უცხო მიწაზე, სადაც ბევრი გამოწვევაა, მაგალითად, შესაძლოა, საცხოვრებლის შეცვლა მოგიწიოთ ან ჯანმრთელობის დაზღვევის მიღება ვერ შეძლოთ, თანხის წინასწარ გადანახვით თავის დაზღვევას გირჩევთ. გაუთვალისწინებელი სიტუაციები სწორედ მაშინ შეიძლება გამოჩნდეს, როდესაც ჩვენი შემოსავლიდან ყველა სავალდებულო ხარჯი გასტუმრებული გვაქვს და დაგროვილი თანხაც ინვესტირებულია მიზნებში, საიდანაც ამონაგებს სამომავლოდ ელოდებით, თანხის საჭიროება კი მანამდე ჩნდება. ასეთ დროს წინასწარ გადანახული თანხა ზედმეტ ნერვიულობასა და სესხის აღების აუცილებლობას თავიდან აგაცილებთ. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გადანახული თანხა კი, სასურველია, იმ მოცულობამდე შეავსოთ, რომ შემოსავლების დაკარგვის შემთხვევაში, ხარჯების დაფარვა მინიმუმ 3-დან 6 თვემდე შეძლოთ. 

5. შეიქმენით კარგი საბანკო ისტორია 

კარგი საბანკო ისტორიის შექმნა ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვანია. ეს გაგიზრდით შანსებს, მიიღოთ საუკეთესო შეთავაზებები საბანკო პროდუქტებზე, მათ შორის სესხებზე. საბანკო ისტორიის  შესაქმნელად კი, ფინანსური პროდუქტების გამოყენება დაგჭირდებათ, მით უმეტეს, რომ გზავნილებით სარგებლობა, დიდი ალბათობით, საკმაოდ ხშირად გჭირდებათ. აქ შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ: როგორ შეძლებთ უცხო ქვეყნიდან ქართული საბანკო პროდუქტებით სარგებლობას? საქართველოში არსებული ბანკების უმრავლესობა ემიგრანტებს  დისტანციურ მომსახურებასთან ერთად მათზე მორგებულ ფინანსურ პროდუქტებსაც სთავაზობს. ბანკში შეგიძლიათ გახსნათ ანგარიში, ანაბარი და ისარგებლოთ საკრედიტო პროდუქტებით. აქვე გაითვალისწინეთ, რომ თქვენი საკრედიტო პოტენციალის შეფასებისას, დიდი ალბათობით, ბანკის მეშვეობით გზავნილების განხორციელებაც დადებით გავლენას იქონიებს. უკეთესი საკრედიტო ისტორია, როგორც წესი, მომავალში სესხის უკეთესი პირობებით შემოთავაზების შესაძლებლობასაც  გულისხმობს.

6. შეიქმენით შემოსავლის სხვადასხვა წყარო

ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად შემოსავლის მხოლოდ ერთი წყაროს, ხელფასის ქონა საკმარისი არა არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც  ემიგრაციაში ხართ და  დაბრუნებას იმ ქვეყანაში აპირებთ, რომელშიც ერთ დროს შემოსავლის მიღება გაგიჭირდათ და უცხო ხალხსა და მიწას სწორედ ამის გამო მიაშურეთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გირჩევთ დაისახოთ ისეთი ფინანსური მიზანი, რომელიც დამატებით შემოსავალსა და მოგებას მოგიტანთ, თუმცა დასახული, მიზანი თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს და შესაბამისად მიღწევადი იყოს იმ ბიუჯეტის საფუძველზე რომლის შედგენის პრინციპებიც ზემოთ აღვწერეთ. გამოიკვლიეთ ინვესტიციის ყველა შესაძლო ვარიანტი, შეარჩიეთ მათგან თქვენთვის ყველაზე რელევანტური და თქვენი დანაზოგები  მომავლის ინვესტიციებისკენ მიმართეთ. 

7. აიმაღლეთ ფინანსური წიგნიერების დონე

ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი თქვენი ფინანსების და მიზნების სწორად წარსამართად არის ცოდნის საფუძველზე ფინანსური უნარების გამომუშავება. ფინანსური ცოდნის მისაღებად აუცილებელი არ არის რომელიმე სასწავლებელს მიაშუროთ, ამისთვის საჭიროა მხოლოდ წაიკითხოთ, თვალი გადაავლოთ, ვიდეოებს მოუსმინოთ ფინანსების, ბიზნესი, საინვესტიციო ბაზრების შესახებ ინფორმაციას. დღევანდელი ინტერნეტ სამყარო  ხომ გამოირჩევა მსგავსი ინფორმაციული მრავალფეროვნებით. ინფორმაციის გაცნობა დაგეხმარებათ მარტივად აღმოაჩინოთ თქვენი ინტერესის სფერო, განსაზღვროთ თქვენი შესაძლებლობები შერჩეულ სფეროში და გათვალოთ რისკები. აქვე იცოდეთ, რომ რისკი ყველაფერს აქვს, მათ შორის, ინვესტიციასაც. აქ მთავარი სწორედ ისაა, რომ სწორად შეაფასოთ რისკები, შეადაროთ ერთმანეთს და გონივრული გადაწყვეტილებები ისე მიიღოთ.

8. დააგროვეთ საპენსიო ასაკისთვის

როგორც ყველა ცხოვრებისეულ ეტაპს ფინანსური თავისუფლების მიღწევის პროცესსაც აქვს თავისი დასკვნითი ეტაპი. დასკვნით ეტაპზე მნიშვნელოვანია საპენსიო ასაკისთვის ზრუნვის დაწყება, ფინანსურად დამოუკიდებელი სიბერის შესაქმნელად. ის რთული გზა, რომელიც  უცხო მიწაზე შემოსავლის მოსაპოვებლად განვლეთ, ის შრომა, რომელსაც თქვენი მომავალი ფინანსური კეთილდღეობისთვის ეწევით, საჭიროა, საპენსიო ასაკზე ზრუნვასაც ითვალისწინებდეს, რომ ცხოვრების ეს ეტაპი მშვიდად და ღირსეულად გაატაროთ.  

ფულის გამომუშავება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ მთელი ხელოვნება მის სწორად გამოყენებაშია. მიჰყევით ყველა იმ ეტაპს, რომელიც ზემოთ აღვწერეთ და თავად დარწმუნდებით, რა სწრაფად გამოგიმუშავდებათ ის უნარები და ქცევები, რომლებიც ფინანსური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლადაა საჭირო. ფინანსური თავისუფლება და დამოუკიდებლობა კი, პიროვნული და ოჯახური კეთილდღეობის ერთგვარი წინაპირობაა.