კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

5 შეცდომა, რომელსაც სესხის აღებისას ვუშვებთ

5 შეცდომა, რომელსაც სესხის აღებისას ვუშვებთ

9908
4.1 / 5

როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, "კრედიტი ორპირი მახვილია", გააჩნია, როგორ გამოვიყენებთ აღებულ სესხს - ერთისთვის "მისწრაფება" შეიძლება იყოს, და მეორისთვის - "საფლავის მთხრელი" აღმოჩნდეს. სესხის აღება უკვე ნიშნავს პასუხისმგებლობას, ამიტომ კარგი იქნება, თუ ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული შეცდომების გამო, მას კიდევ უფრო არ დავამძიმებთ. 

ამ ბლოგში, იმ გავრცელებულ შეცდომებს წარმოგიდგენთ, რომლებსაც მომხმარებლები სესხის აღებისას ხშირად ვუშვებთ და რომელთა თავიდან არიდებაც შესაძლებელია:

1. არ ვფიქრობთ იმაზე, რამდენად შევძლებთ სესხის გადახდას

რა თქმა უნდა, სესხის აღებამდე ყველა ვფიქრობთ იმაზე, რომ მას საკუთარი ხელფასიდან გადავიხდით. მაგრამ რეალურად, რამდენს გვაქვს დაანგარიშებული დეტალურად ჩვენი ყველა შემოსავალი, ხარჯი და სხვა ვალდებულებები თვის განმავლობაში? ხშირად, არ გვაქვს დათვლილი, რა თავისუფალი თანხა გვრჩება ჩვენი ხელფასიდან ჩვენი ყველა ხარჯისა და ვალდებულების გასტუმრების შემდეგ, ანუ რა თანხის გადახდა შეგვიძლია ახალ სესხზე ისე, რომ ფინანსური პრობლემა არ შეგვექმნას. აქ გასათვალისწინებელია გაუთვალისწინებელი ხარჯებიც, ასევე, პროდუქტის ფასებისა თუ საპროცენტო განაკვეთის ზრდაც, რაც საბოლოოდ, ყოველთვიურ ხარჯს გვიზრდის. 

სესხის გაცემამდე, ჩვენს გადახდისუნარიანობას ფინანსური ორგანიზაციაც შეამოწმებს, თუმცა, ჩვენც უნდა გვქონდეს წარმოდგენა ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, ასევე, სესხის კალკულატორით წინასწარ შეიძლება იმის დათვლაც, თუ რამდენის გადახდა მოგვიწევს ყოველთვიურად ამა თუ იმ თანხის სესხების დროს.  

2. არ ვითვალისწინებთ სესხის ფინანსურ ხარჯებს

ხშირად, არ ვითვლით იმას, თუ რეალურად რა თანხა გვიჯდება სესხით ნაყიდი ნივთი. გადაწყვეტილების მიღებამდე კარგი იქნება დავითვალოთ, რამდენს გადავიხდით იმის ზემოთ, რაც თავიდან ვისესხეთ. პირველ რიგში, ეს სესხის პროცენტის სახით გადასახდელი თანხაა, თუმცა ამას ემატება სესხთან დაკავშირებული საკომისიოები - მაგალითად, სესხის გაცემის, დაზღვევის, იპოთეკით დატვირთვის და სხვა. ეს ყველაფერი, ჩვენი ფინანსური ხარჯია. ფინანსური ხარჯი სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთშია ასახული, შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ეფექტური პროცენტით სესხის რეალურ ღირებულებას ვიგებთ, ის სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციის შემოთავაზების შედარებაშიც გვეხმარება.

3. არ ვკითხულობთ სესხის ხელშეკრულებას

როცა თანხის მიღება გვეჩქარება, პირდაპირ ვაწერთ სესხის ხელშეკრულებას ხელს, ისე რომ არ ვკითხულობთ, ან მხოლოდ ძირითად პუნქტებს გადავავლებთ თვალს. შეიძლება იმიტომ, რომ ეს არც ისე მოკლე პროცედურაა და ფინანსურ ორგანიზაციაში რიგის დაყენება გვერიდება, ან ვფიქრობთ, რომ ხელშეკრულების წაკითხვას აზრი არ აქვს, რადგან მაინც ვერაფერს შევცვლით. სინამდვილეში, თქვენ უფლება გაქვთ წინასწარ მოითხოვოთ თქვენი კონკრეტული სესხის ხელშეკრულება, შინ წაიღოთ, კარგად წაიკითხოთ და შემდეგ მიხვიდეთ ხელმოსაწერად. მოლაპარაკების საფუძველზე კი შესაძლოა, ფინანსურ ორგანიზაციასთან გარკვეული პუნქტების შეცვლაზეც შეთანხმდეთ. ხელშეკრულების სრულად წაკითხვა აუცილებელია იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა არის ჩვენი ვალდებულება და რა პასუხისმგებლობებს ვიღებთ ფინანსური ორგანიზაციის წინაშე. 

4. არ ვეძებთ სხვა გზას

ხშირად, ისე ვეჩვევით სესხის აღებას მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი საჭიროებებისთვის, რომ სესხების გარდა სხვა გამოსავალზე არც კი ვფიქრობთ. ზოგჯერ, სესხის აღების ნაცვლად სავსებით შესაძლებელია თანხის დაზოგვა დავიწყოთ და ამით დავიფინანსოთ ესა თუ ის საჭიროება. თუ რასაკვირველია, ეს ძალიან დიდ დროსთან ან თანხებთან არ იქნება დაკავშირებული და წინასწარ დაგეგმვა შეგვეძლება. მაგალითად, მოგზაურობისთვის რამდენიმე ხნით ადრე დავიწყოთ ყოველთვიურად თანხის გადადება და შეგროვება. ან სულაც, ნაწილი დანაზოგით დავაფინანსოთ და ნაწილი სესხით, რაც დამატებით ხარჯებს შეგვიმცირებს.

5. არ ვარქმევთ თავის სახელს

ხშირად შეიძლება ვერ აღვიქვამდეთ, რომ ზოგიერთი ფინანსური პროდუქტი, რითიც ვსარგებლობთ, იგივე სესხია - მაგალითად, საკრედიტო ბარათი, ოვერდრაფტი, ან განვადება. ეს ყველაფერი საკრედიტო პროდუქტია, ჩვენი ვალდებულებაა და შესაბამისად, ჩვენი გადასახდელია. აქაც, როგორც ჩვეულებრივი სესხის შემთხვევაში, ნასესხებ თანხასთან ერთად, შესაძლოა პროცენტის ან საკომისიოს გადახდაც მოგვიწიოს. ასევე, ახალ სესხზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაცია ჩვენი გადახდისუნარიანობის განსაზღვრისას, ამ საკრედიტო პროდუქტებსაც ითვალისწინებს.