კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ფულის მართვის პრაქტიკული რჩევები სტუდენტებისთვის

ფულის მართვის პრაქტიკული რჩევები სტუდენტებისთვის

2816
5 / 5

სტუდენტობა ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია,  რომელიც ადამიანებს ბევრ თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევას სძენს, თუმცა არანაკლებია პასუხისმგებლობები და გამოწვევები. შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტობა არის საწყისი ეტაპი, როდესაც ახალგაზრდები დამოუკიდებლად იწყებენ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას: თავად ირჩევენ თუ რა შეიძინონ, კინოში წავიდნენ თუ თეატრში, კვებისთვის რა თანხა გადადონ, გადაიხადონ ქირა, დაიწყონ პირველი შემოსავლის მიღების წყაროების მოძიება და ა.შ. ფინანსური განათლება კი გვეხმარება ეფექტური ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 

მოცემულ ბლოგში გიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფინანსურ რჩევას, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ სტუდენტური ცხოვრების უფრო ეფექტურად წარმართვის პროცესში. 

გამოიყენეთ პირადი ბიუჯეტი   

მდგრადი ფინასური ცხოვრება პირადი ბიუჯეტის შექმნითა და მართვით იწყება.  იგი გეხმარებათ ხარჯოთ შემოსავლის შესაბამისად და პარალელურად აკონტროლოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები. მაგალითად, თუ არჩევანის წინაშე დგახართ - კინოში წახვიდეთ, რომლის ბილეთის ფასიც 10 ლარია, თუ თეატრში, სადაც ბილეთი 15 ლარი ღირს - თქვენ შეგიძლიათ პირად ბიუჯეტის მიხედვით განსაზღვროთ, თუ რომელი ბილეთის ყიდვის შესაძლებლობა გაქვთ იმგვარად, რომ მომავლის ხარჯებიც გაითვალისწინოთ. შესაბამისად, პირადი ბიუჯეტით თქვენ შეძლებთ ფულის ისე მართვას, რომ მაქსიმალურ შედეგზე გახვიდეთ თქვენი შემოსავლის გათვალისწინებით.

აკონტროლეთ ხარჯები 

ხარჯების სწორად გადანაწილებით თქვენ  შეგიძლიათ სასურველ ფინანსურ შედეგზე გახვიდეთ. ამისთვის აუცილებელია ხარჯების წინასწარ კლასიფიკაცია, რათა თავიდან ავირიდოთ არასაჭირო ხარჯები და თითოეული აუცილებელი ხარჯის დაფინანსება შევძლოთ. ხარჯების ორი ტიპი არსებობს: ფიქსირებული  და ცვლადი. ფიქსირებულია ხარჯი, რომელიც თვიდან თვემდე არ იცვლება, მაგალითად, ქირა. ხოლო ცვლადია ხარჯი, რომელიც იცვლება დროის გარკვეული პერიოდისთვის, მაგალითად, კომუნალურები, კვებაზე გაწეული ხარჯი და ა.შ. გარდა ამისა, ხარჯები იყოფა სურვილისა და საჭიროების მიხედვით. საჭიროებას წარმოადგენს ის ხარჯი , რომელიც აუცილებლად გასაწევია, მაგალითად მედიკამენტები, ქირა და ა.შ. ხოლო სურვილს წარმოადგენს ისეთი ხარჯი, რომლის საჭიროებაც არ დგას. მაგალითად  კინოში წასვლა, რესტორანში სადილი ან თუნდაც ბარში წასვლა  წარმოადგენს სურვილს და არა საჭიროებას.    

ისარგებლეთ სტუდენტური ფასდაკლებებით 

სტუდენტებისთვის ხშირია  ფასდაკლებები ტრანსპორტზე, საკურიერო მომსახურებაზე, სხვადასხვა გასართობი და კვებითი სივრცეების სარგებლობაზე ან თუნდაც წიგნების მაღაზიებში, შესაბამისად, სანამ რაიმე ნივთის ან სერვისის შეძენას გადაწყვეტთ,  მოიძიეთ ინფორმაცია, სტუდენტური ფასდაკლება ხომ არ მოქმედებს. ეს აგარიდებთ არასაჭირო ხარჯებს და, შესაბამისად, მეტი თანხა გამოგითავისუფლდებათ  სხვა საჭიროებებისა და სურვილებისთვის. 

ყურადღებით იყავით  სესხებთან

სესხი არ არის შემოსავალი, იგი ვალდებულებაა, შესაბამისად, ფრთხილად იყავით ვალდებულებების ზრდასთან. თუ  სესხის აღებას მაინც გადაწყვეტთ, წინასწარ გაეცანით ხელშეკრულებას, რომელშიც დეტალურად არის ახსნილი  შეთავაზების პირობები და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ არსებობს სტუდენტური სესხი და გაცემის პირობებს ბანკები ინდივიდუალურად ადგენენ, შესაბამისად, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ თუ სად აიღოთ სესხი, წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია პირობების შესახებ და შეადარეთ ალტერნატივები.  გააკეთეთ დანაზოგი.   შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებშიც კი სწორი ფინანსური უნარებით შესაძლებელია მცირე დანაზოგის გაკეთება, რაც დაგეხმარებათ გადაუდებელი შემთხვევებს მომზადებული შეხვდეთ ან თქვენი გრძელვადიანი სურვილები დაიფინანსოთ. ეფექტური ბიუჯეტირების ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც დანაზოგის გაკეთების საშუალებასაც მოგცემთ არის ე.წ 50/30/20 მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემოსავლის 50%-ის მიმართვას საჭიროებებისკენ, 30%-ის - სურვილებისკენ, ხოლო 20%-ის - დანაზოგებისკენ. ამ მეთოდისთვის აუცილებელია, რომ აწარმოოთ პირადი ბიუჯეტი. 

იზრუნეთ თქვენს საკრედიტო ისტორიაზე

როდესაც ბანკებთან ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან გიწევთ ურთიერთობა, განსაკუთრებით ყურადღებით იყავით რა პასუხისმგებლობებს გაკისრებთ ესა თუ  ის მომსახურება, ვინაიდან თითოეული თქვენი ქმედება აისახება საკრედიტო ისტორიაში. საკრედიტო ისტორია ასახავს ინფორმაციას მომხმარებლის მოქმედი და უკანასკნელი 5 წლის მანძილზე დახურული სესხებისა და მათი გადახდების შესახებ. საკრედიტო ისტორიაში  მითითებულ ინფორმაციას მომხმარებლის დაკრედიტებასა ან სხვა ტიპის ვალდებულების გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად იყენებენ როგორც საკრედიტო (მაგალითად, ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი), ისე არასაკრედიტო ორგანიზაციები (მაგალითად, სადისტრიბუციო, სალიზინგო თუ სადაზღვეო კომპანიები). 

დაიცავით თქვენი ფინანსები 

თანამედროვე სამყაროში გახშირდა კიბერ თაღლითობების შემთხვევები, შესაბამისად, აუცილებელია, რომ  თქვენი ფინანსების დაცვის მიზნით, მინიმალური ფინანსური ცოდნა გქონდეთ ფინანსური უსაფრთხოების შესახებ: მაგალითად როგორ შეარჩიოთ პაროლი? როგორ გადაამოწმოთ ინფორმაცია? რომელ ვებსაიტს ენდოთ? და ა.შ. 

მოახდინეთ თქვენი უნარების კაპიტალიზაცია   

სტუდენტობის პერიოდში  სამსახურის დაწყება  და შემოსავლის მიღება მნიშვნელოვანი გამოწვევაა , თუმცა პროფესიის მიღმა არსებული უნარების კაპიტალიზაცია ანუ მათი გამოყენება შემოსავლების მისაღებად სავსებით შესაძლებელი და, რაც მთავარია, შეთავსებადია სტუდენტურ ცხოვრებასთან.   თუ ფლობთ ისეთ უნარებს რაც ბაზარზე მოთხოვნადია, მაგალითად მათემატიკის ცოდნა სკოლის დონეზე, ცხობა, კერვა, წერა, უცხო ენა და ა.შ თქვენ შეგიძლიათ თითოეული უნარის შემოსავლის წყაროდ ქცევა. თუნდაც მცირედით შემოსავლის ზრდა მნიშვნელოვნად გაგიზრდით ფინანსურ შესაძლებლობებს. 

ისარგებლეთ მეორადი ნივთების მაღაზიებით

მეორადი ნივთების გამოყენება ერთი მხრივ ხარჯების შემცირების ეფექტური გზაა და მეორე მხრივ, გარემოზე ზრუნვის საშუალება. გარდა შეძენისა, თქვენ  თავად შეგიძლიათ გაყიდოთ ის ნივთები რომელსაც აღარ იყენებთ, ეს შეიძლება იყოს წიგნი, ტანსაცმელი ან ა.შ . ამ გზით,  შემოსავალსაც გაიზრდით და ხარჯებსაც შეიმცირებთ. 

არ იკვებოთ გარეთ 

 სწრაფი კვების ობიექტებში კვება, სტუდენტებში გავრცელებული ფინანსური შეცდომაა. როგორც წესი, მსგავს ობიექტებში უფრო ძვირი ღირს სადილი,  ვიდრე იმავე სადილის სახლში მომზადების შემთხვევაში. თუ თვის განმავლობაში ხშირად მიირთმევთ გარეთ, მაშინ თქვენი ხარჯების  დიდი ნაწილი სწორედ კვებაზე დაიხარჯება, რაც ფინანსურად ძალიან წამგებიანია. ფინანსების დაზოგვის მიზნით სადილიც და ყავაც მოიმზადეთ სახლში, დაზოგილი თანხა კი თქვენი თავისთვის ჯილდოს სახით, რომელიმე სურვილის დაფინანსებაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ან, უკეთეს შემთხევაში, დაზოგოთ და გრძელვადიანი სურვილი აისრულოთ. 

საბოლოოდ, საჭირო ფინანსური უნარ-ჩვევებით შესაძლებელია სტუდენტობის ეტაპი უფრო ეფექტური და პროდუქტული გავხადოთ. ამასთანავე არ დაგავიწყდეთ იცხოვროთ თქვენივე ბიუჯეტის შესაბამისად.